
BMG – "VTB BANK Georgia"-ს დავით ხიდაშელი ყიდულობს
25/07/2022 07:25:59 საზოგადოება
"VTB BANK Georgia"-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს, – იუწყება BMG. აღსანიშნავია, რომ დავით ხიდაშელი 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთ შვილობილ კომპანია Intracom Telecom-ს ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ცნობილია ასევე, რომ მან მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.
გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, მისი სახელი უკავშირდება რაჭაში ტყის მასივის იჯარით აღებას. კერძოდ, რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენმა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ მისმა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” რაჭაში 1,047 კვადრატული კილომეტრის ტყის მასივი, 1.1 მილიონ ლარად, 49-წლიანი იჯარით აიღო. აღნიშნული მასივი რაჭის ფართობის ერთი მესამედია. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, ბიზნესმენი ტყის მასივში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სანადირო მეურნეობის მოწყობას გეგმავს.
ცნობისთვის: რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან მალევე, საქართველოში VTB ბანკმა საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი გაასხვისა. კერძოდ, "ლიბერთი ბანკს" გადასცა SME პორტფელი და კლიენტთა ბაზა, ხოლო "ბაზის ბანკს" VTB ბანკის საცალო კლიენტები, ასევე საფილიალო ქსელი თბილისსა და რეგიონებში. ამ გარიგებების შედეგად, ბანკის აქტივები 1.6 მილიარდი ლარით, 500 მილიონ ლარამდე შემცირდა.
როგორც BMG იუწყება, ამ დრომდე უცნობი იყო, ვინ იყიდდა “ვითიბის” ლიცენზიას და მასში დარჩენილ აქტივებს. როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ BMG TV-ის ეთერში განაცხადა, VTB ბანკის გაყიდვა საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან შესაბამისობაში იქნება.