25-07-2022 13:22:16 თვალსაზრისი
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა მოუწოდა დასავლეთსა და კიევს, მოსკოვთან შესაძლო სამომავლო მოლაპარაკებებისას არ დათმონ ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან აქვს ოკუპირებული. ამის შესახებ მან ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ამჟამინდელ ვითარებაში დემოკრატიების ლიდერები ვალდებულები არიან, მკაფიოდ ესმოდეთ, რის ირგვლივ არიან მზად, მოილაპარაკონ და რისთვის არ არიან მზად არც ერთ შემთხვევაში", - განაცხადა კისინჯერმა.
მისივე თქმით, მოპლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ აგრესიის მსხვერპლთან - უკრაინის ხალხსა და ხელმძღვანელობასთან "სრული თანამშრომლობის" პირობებში. მსგავს მიდგომას კისინჯერმა "ვითარების მართვის ერთადერთი შესაძლებელი საფუძველი" უწოდა.
"უკრაინული ტერიტორიის ჩაბარება ჩვენთვის მისაღები პირობა ვერ იქნება", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
"ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთს ომის დაწყების მომენტიდან დაკავებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება მოუწევს" - დასძინა მან.
დავა კისინჯერის სიტყვების ირგვლივ
მაისში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კისინჯერმა განაცხადა, რომ "უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე გამყოფ ხაზად სტატუს-ქვოსთან დაბრუნება უნდა იქცეს". ბევრმა მედიასაშუალებამ და პოლიტიკოსმა ეს სიტყვები აღიქვა კიევისადმი მოწოდებად, მშვდობის მისაღწევად ტერიტორიების ნაწილი დათმოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს წინადადება შეადარა მეორე მსოფლიო ომამდე ზოგიერთი ევროპული ქვეყნების მოწოდებას, ჰიტლერის წინაშე ტერიტორიულ დათმობებზე წასულიყვნენ. "ღრმა წარსულიდან ამოყვინთა, მაგალითად, ბატონმა კისინჯერმა, რომელიც ბრძანებს, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი თურმე, რუსეთს უნდა გადაეცეს - აქაოდა, ევროპისგან რუსეთის გაუცხოება არ მოხდესო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბატონი კისინჯერის კალენდარზე ახლა არა 2022 წელია, არამედ 1938", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ივლისის დასაწყისში "Time"-თან ინტერვიუში კისინჯერმა დააზუსტა თავისი ნათქვამი და განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობისკენ არ მოუწოდებია. "მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს. მე ვთქვი, რომ საუკეთესო გამყოფი ხაზი ცეცხლის შესაწყვეტად სტატუს-ქვოა. ანუ, მიზანშეუწონელია ომის წარმოება ტერიტორიებიდან, რომლებიც ომის დაწყებამდე უკრაინული იყო, იმ ტერიტორიების წინააღმდეგ, რომლებიც იმ დროისთვის რუსულად ირიცხებოდა", - განმარტა კისინჯერმა.
მისივე თქმით, "ამჟამად რუსეთს კვლავინდებურად აქვს ოკუპირებული უკრაინის ომამდელი ტერიტორიის 15% და იგი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს მანამ, სანამ ცეცხლი შეწყდება, სადავო ტერიტორია კი მხოლოდ დონბასის მცირე კუთხეა, დაახლოებით 4,5%, ასევე ყირიმი".
"მე არ მითქვამს, რომ ტერიტორიები რუსეთს უნდა გადაეცეს. ის მქონდა მხედველობაში, რომ მათ ცალკე სტატუსი უნდა ჰქონდეთ ნებისმიერ მოლაპარაკებებში. უპირობოდ ვუჭერ მხარს უკრაინის თავისუფლებას და მის მნიშვნელოვან ადგილს ევროპაში", - დასძინა კისინჯერმა.