„რთული სათქმელია, სად ვიქნებოდით აშშ–ის დახმარების გარეშე ან საერთოდ ვიქნებოდით თუ არა!“

25-07-2022 17:36:49 კომენტარი

არაეთიკურია,– ასე აფასებს გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე საქართველოში გაჩაღებულ ანტიდასავლურ კამპანიას, მათ შორის აშშ–ის ელჩზე განხორციელებულ შტურმს.

მისი ხედვით, თუ არსებობს გარკვეული პრობლემები, საქართველო–აშშ–ის ურთიერთობების დონზე იძლეოდა შესაძლებლობას, ეს დახურულ კარს მიღმა არგუმენტირებულად განხილულიყო და არა არაეთიკურად, საჯაროდ.

„აშშ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა! რეგიონში აზერბაიჯანის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია თურქეთი, სომხეთი რუსეთის ქოლგის ქვეშაა, საქართველოს ნატო–ს წევრობა სურს, მაგრამ ჯერ ალიანსის წევრი არაა. ამ მოცემულობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშ–ს, რომელსაც უპირველესად, აქვს სურვილი, დაგეხმაროს და აქვს ამის ინტერესიც. ჩვენ მით უმეტეს გვჭირდება მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც ახლაა მსოფლიოში“,– აღწერს რეგიონში შექმნილ მოცემულობას „აქცენტთან“ გენერალი და განმარტავს სამხედრო სფეროში საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას, მათ შორის თავდაცვისუნარიანობისა და ნატო–სთან თავსებადობის ამაღლების კუთხით, რომლის წევრობაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ნეგატიური გავლენისგან თავის საბოლოოდ დაღწევის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით სურთ:

„აშშ–საქართველოს სამხედრო კუთხით ურთიერთობები წლებს ითვლის: 2000–იანებიდან დაწყებული აქტიურად მიმდინარეობდა ჩვენი დანაყოფების მომზადება; აშშ–ს მნიშვნელოვანი როლი აქვს ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ერაყსა და ავღანეთის მისიებში ამერიკელების გვერდით ვმონაწილეობდით და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ჩვენ ვაჩვენებდით, რომ არა მხოლოდ მიმღებნი ვართ საერთაშორისო მხარდაჭერის და უსაფრთხოების მექანიზმების, არამედ თავადაც ვმონაწილეობდით მსოფლიო უსაფრთხოების რიგი საკითხების გადაწყვეტაში (ეს პოლიტიკური განზომილებაა). სამხედრო თვალსაზრისით კი ეს უდიდესი სამხედრო გამოცდილებაა. ვერავითარი სამხედრო სწავლებები ვერ შეცვლის, როდესაც უშუალოდ სამხედრო ოპერაციებში იღებ მონაწილეობას ისეთი პარტნიორის გვერდზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ ყოველწლიურად გამოყოფს ფონდებს, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაზე იხარჯება, უამრავი პროგრამაა. ამჟამად მიმდინარე პროგრამით აშშ ჩვენი ბატალიონების მომზადებაში გვეხმარება, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზეა მორგებული“.

გენერალს უჭირს თქმა, რა მოცემულობაში იქნებოდა დღეს საქართველო აშშ–ის მხარდაჭერის გარეშე:

„არ გვიწევდნენ დახმარებას და ვიყავით 90–იანებში – ყველანი ვხედავდით, სადაც ვიყავით! ფაქტია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ეს დახმარება ჯერ აღჭურვის, შემდეგ უშუალოდ მომზადების და თანამედროვე ომის ხელოვნების ათვისების კუთხით. ძალიან ბევრი ბენეფიტია, ყველაფერს ვერც ჩამოვთვლი და რადგან რთული სათქმელია, სად ვიქნებოდით ამ დახმარების გარეშე ან საერთოდ ვიქნებოდით თუ არა! ყოველ შემთხვევაში, აშშ–ის აქტიური მხარდაჭერა ჩვენ ძალიან გვეხმარება, ნატო–ს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებული ძალები გვყავდეს და ამ სტანდარტებთან შესაბამისობას ალიანსის სამხედრო კომიტეტიც აღიარებს. ის რომ ჯერ არ ვართ ალიანსის წევრები, ამაზე პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებს“.

თანასწორი, პარტნიორული ურთიერთობების კონტექსტში გენერალი იხსენებს რამდენიმე ეპიზოდს აშშ–საქართველოს ურთიერთობებიდან და ამბობს, რომ პარალელს ვერც გაავლებს ჩრდილოელ მეზობელთან, რადგან შედარება შეუძლებელია:

„აბსოლუტურად პარტნიორული დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით, ჩვენმა ბიჭებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცეს, თუ რამდენად სანდონი და ეფექტიანნი იყვნენ. ეს პატივისცემა ნამდვილად ოფლით და სისხლითაა მოპოვებული. არ ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ, მხოლოდ სამხედრო კუთხით ვისაუბრებ და რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ: ჩვენები ძირითადად ამერიკის საზღვაო ქვეითებთან ერთად იყვნენ ბაზაზე ავღანეთის მისიის პირველი როტაციების პერიოდში. “მზად ვართ, ქართველებთან ერთად ნებისმიერ ამოცანაზე წავიდეთო“ – ასეთი დამოკიდებულება იყო ამერიკელების მხრიდან და ამას არ უწოდებდნენ პარტნიორობას, გამოიყენებოდა ტერმინი „იარაღიანი ძმები“. ჩვენები დახმარებას უწევდნენ მათ, ბევრჯერ გამოუყვანიათ დაჭრილი ამერიკელები და ასევე არ ყოყმანობდნენ ამერიკელები, როდესაც ჩვენებს სჭირდებოდათ დახმარება.

ამასთან, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, ერაყიდან ჩვენი დანაყოფები ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს. იყო საშიშროება, რუსებს ეს დანაყოფი დაებომბათ. ამერიკულმა თვითმფრინავებმა მანამ არ დატოვეს აეროდრომი, ვიდრე ბოლო ჯარისკაცი არ ჩაჯდა ავტობუსში და არ გავიდა ტერიტორიიდან, რათა რუსებს ვერ გაებედათ დაბომბვის განხორციელება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია“,– იხსენებს კაპანაძე და დასძენს, „აქ არ იყო ზემოდან თუ უკნიდან „ყურება“, რაც სამხედრო საკითხებს ეხება, ეს არის აბსოლუტურად თანაბარი, პარტნიორული ურთიერთობები.

„ჩვენთან იქცა ყავლგასულ შეფასებად „საძმო“, მაგრამ სამხედროებში ეს ტერმინი დარჩენილია და ამერიკულ–ქართულ სამხედრო ურთიერთობებს ნამდვლად მიესადაგება!“,– ამბობს გენერალი.

რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებს, რაც ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის ერთ–ერთ მთავარ ხაზად იქცა, მით უფრო ბოლო პერიოდში, გენერალი მოკლედ პასუხობს:

„თუ სახელმწიფო ხარ, როგორ უნდა ჩაგითრიოს ვიღაცამ და შენი პრინციპები როგორ ვერ უნდა განსაზღვრო?! მე მსგავსი მცდელობები, მით უფრო ამერიკელებისგან, არ შემიმჩნევია!“.

იხილეთ ასევე: რის დისკრედიტებას ცდილობს რუსული პროპაგანდა: $4 334 000 000-ის ოდენობის ამერიკული ფინანსური დახმარება საქართველოს

ჯანეზაშვილი: „მოსამართლეებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ – აშშ მათ ეხმარება გაძლიერებაში“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები