ჯანეზაშვილი: „მოსამართლეებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ – აშშ მათ ეხმარება გაძლიერებაში“

28-07-2022 17:30:28 კომენტარი

მათ არ აინტერესებთ, ხვალ როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ,– ასე აფასებს საქართველოში გაჩაღებულ ანტიამერიკულ კამპანიაში მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთა როლს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის ძალისხმევის შედეგადაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს სისტემაში არსებული პრობლემური საკითხების შესახებ, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებების, შესაძლო გარიგებების თაობაზე.

იხილეთ ასევე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ჩხიკვაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებენ

„ზოგადად, სასამართლოს მთავარი ფუნქციაა, განახორციელოს მართლმსაჯულება, მოსამართლეებმა უნდა განიხილონ საქმეები, გამოიტანონ დასაბუთებული განაჩენები, მიიღონ გადაწყვეტილებები...მათი პრეროგატივა და კომპეტენცია არ არის მსგავს პროცესებში ჩართვა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა. ამიტომ, როდესაც მოსამართლე ჩხიკვაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრები: გზირიშვილი, ხარებავა, ქადაგიძე სასამართლოს სახელით ლაპარაკობენ, ბუნებრივია, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ამ კამპანიის ნაწილი არიან: ოთხი წელი საბჭოში იყვნენ და არაფერზე პრეტენზიები არ ჰქონიათ. თუ „კლანი“ [ამგვარად მოიხსენიებენ არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს, რომლებიც, მათი ცნობით, ზემოქმედებენ ახდენენ კოლეგებზე] დავალებას არ მისცემდა, დუმდნენ. ამ განცხადებებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ არ აინტერესებთ ხვალ როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ. აინტერესებთ, თავად, ან მათი ოჯახის წევრები იყვნენ თანამდებობებზე. მაგალითად, გზირიშვილი ამჟამად მოსამართლის მამა, რომელიც „კლანს“ დაანიშვნინა თანამდებობაზე, შესაბამისად, ვალშია და კიდევ მეტ განცხადებას მოაწერს ხელს“,– წუხს ჯანეზაშვილი.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი იხსენებს აშშ–ის მიერ უშუალოდ მართლმსაჯულების გაძლიერებაში ჩადებულ რესურს:

იხილეთ ასევე: რის დისკრედიტებას ცდილობს რუსული პროპაგანდა: $4 334 000 000-ის ოდენობის ამერიკული ფინანსური დახმარება საქართველოს

„აუცილებლად უნდა ვიყოთ მადლიერები, რომ აშშ გვეხმარება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და ინსტიტუტების გაძლიერებაში, რომლის განუყოფელი ნაწილია მართლმსაჯულებაც. უამრავი პროგრამები, პროექტები აქვთ საქართველოში, ფინანსურ რესურსებს დებენ, ჩამოჰყავთ ექსპერტები, მიჰყავთ ქართველები, რომ მათ პროფესიული თვალსაზრისით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეთ, უნარები განივითარონ. მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა, აქ ჩამოყვანილ ექსპერტებს შეხვდნენ, მათთან კონსულტაციები გაიარონ სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, მათ შორის – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის, სისხლის სამართლის საქმეების განხილვის. ამასთან, მოსამართლეები მიჰყავთ უცხოეთში, რათა ისინი ადგილზე უშუალოდ გაეცნონ თუ რა როგორ ხდება. მაგალითად, სხვა სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირს ამა თუ იმ პროგრამაში მონაწილეობისთვის სხვადასხვა კონკურსების და ეტაპების გავლა სჭირდება – ავსებს აპლიკაციას, ელოდება პასუხს, გასაუბრებას და ა.შ. მოსამართლეებს კი ამ სტატუსის გამო უნიკალური შესაძლებლობა აქვთ – მათ ეხმარებიან, რომ გაძლიერდნენ. ამდენად, პროგრამების ნაწილი მოსამართლეებზე და მათ გაძლიერებაზეა მორგებული, ნაწილი სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებზე. ეს არის მასშტაბური პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება, თუმცა, ცხადია, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ გამოიყენებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას“.

ჯანეზაშვილისთვის მიუღებელია მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ჩავარდნებზე აშშ–ის მხრიდან მითითების საზოგადოებისთვის შიდა პროცესებში ჩარევად მიწოდება. მით უფრო, რომ მისი ხედვით, ეს შენიშვნები არც ისე მწვავეა იმასთან შედარებით, რეალურად რა მდგომარეობაშიცაა ქართული სასამართლო სისტემა:

„ისინი გვეხმარებიან გაძლიერებაში და ცხადია, თუ სადმე გვაქვს ჩავარდნები, ამასაც აღნიშნავენ და ეს სწორია! მეტიც, იმის გამო, რომ ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში ჩავარდნები ძალიან ბევრია, შეფასებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო მძაფრიც უნდა იყოს. მათ მართლაც დიდი ძალისხმევა აქვთ გაღებული იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. ამდენად, მათ შეფასებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად ვერ შევაფასებ. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვესმის სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები, რომლებიც რეალური შინაარსისგან დაცლილია. ჩარევა გამორიცხულია და თუ ვინმე გვეხმარება (ამ შემთხვევაში აშშ), ეს შესაძლებლობა სასამართლომ უნდა გამოიყენოს განვითარებისთვის და არა დაპირისპირებისთვის, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებებისთვის“.

იხილეთ ასევე: „რთული სათქმელია, სად ვიქნებოდით აშშ–ის დახმარების გარეშე ან საერთოდ ვიქნებოდით თუ არა!“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები