
მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი მოითხოვს
27/07/2022 07:40:06 სამართალი, საზოგადოება
მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი მოითხოვს. ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ მედიაომბუდსმენმა თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა.
საქმე შეეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა. ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.
მანამდე, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა – მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2022 წლის 12 ივლისს გაიგზავნა.
ამჟამად ორგანიზაცია 30 ჟურნალისტს ეხმარება მოსმენების საქმეზე.
„საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის სტანდარტი. შესაბამისად, დაცული იქნება საზოგადოების უფლება, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, მისთვის სასურველი მედიასაშუალებიდან, მიიღოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია”, – ნათქვამია მედიაომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით მედიის დახმარებას აგრძელებს. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა – მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს "ცხელი ხაზის" შემდეგი ნომერი: 555 795 776