27-07-2022 23:56:08 მსოფლიო
ბაიდენის ადმინისტრაცია თანახმაა, რუსეთს გადასცეს რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი ორი ამერიკელის – კალათბურთის ვარსკვლავის ბრიტნი გრინერისა და ყოფილი საზღვაო ქვეითის პოლ უელანის გათავისუფლების სანაცვლოდ, – იუწყება CNN.
გრინერისა და უელანის ოჯახებმა თეთრ სახლს კალათბურთელისა და ყოფილი საზღვაო ქვეითის გათავისუფლების, მათ შორის "საჭიროების შემთხვევაში პატიმრების გაცვლის გზით" თხოვნით არაერთხელ მიმართეს.
ვიქტორ ბუტი რუსი იარაღით მოვაჭრეა. იგი პოლიციამ ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრა და აშშ-ის თხოვნით მისი ექსტრადიცია მოახდინა. 2011 წლის ნოემბერში ნიუ-იორკის სასამართლომ ვიქტორ ბუტი დამნაშავედ სცნო და მას 25–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა "ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო".
რაც შეეხება ბრიტნი გრინერს, იგი ალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავია. 31 წლის გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება – კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის, რაც კრიტიკოსების ვარაუდით, მოსკოვის მცდელობაა, ვაშინგტონისგან დათმობები მიიღოს უკრაინაში ომის ფონზე.
კიდევ ერთი ამერიკელი, რომლის გათავისუფლებასაც აშშ ითხოვს, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანია. იგი მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. უელანი ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა. იგი ავტონაწილებით მომარაგების ამერიკული კომპანიის გლობალური უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, როდესაც დააკავეს. პოლ უელანი და მისი ნათესავები ამტკიცებენ, რომ რუსეთში ქორწილზე დასასწრებად ჩავიდნენ. მას 2020 წლის მაისში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 51 წლის უელანი სასჯელს მოსკოვიდან 350 კილომეტრით მოშორებულ მორდოვის რეგიონში, # 17–ე კოლონიაში იხდის. ეს რეგიონი ისტორიულად ცნობილია, როგორც რუსეთის უმკაცრესი ციხეების ადგილი, მათ შორის საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრების ბანაკების ადგილი. პოლ უელანი ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფს და ციხის მცველებს მისდამი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. აშშ-მა რუსეთის ხელისუფლება უელანის მიმართ “სამარცხვინო მოპყრობის” გამო არაერთხელ გააკრიტიკა.