
ჩეჩნეთი და თათრეთი შესაძლოა, გაქრნენ: რუსეთის ტერიტორიაზე რესპუბლიკების ლიკვიდაციის სცენარები
27/02/2019 15:05:35 კავკასია
ნაწილი II
(ნაწილი I იხ. ბმულზე: http://www.accentnews.ge/ge/news/details/67552)
რუსეთის ფედერაციაში ეროვნული რესპუბლიკების ლიკვიდაციის ხელშემწყობი ობიექტური წინაპირობა მართლაც საკმარისად ბევრია საიმისოდ, რომ უახლოეს მომავალში ფორმალური მიზეზების ჯაჭვმა ეს პროცესი მოქმედებაში მოიყვანოს. შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ ნეგატიური სცენარის ფარგლებში.
ნათელია, რომ ეს პროცესი იქნება მეტად შრომატევადი, სარისკო და შესაძლოა, მოქალაქეების (უპირველესად, ჩრდილოეთ კავკასიაში, თათრეთსა და ბაშკირეთში, იაკუტიაში, ყალმუხეთსა და ბურიატიაში) მასობრივი უკმაყოფილება, პროტესტი და გაუთვლელი წინააღმდეგობა გამოიწვიოს. შესაბამისად, ამის ერთი ხელის მოსმით გაკეთება, როგორც, მაგალითად, [რუსეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ვლადიმირ] ჟირინოვსკი ისურვებდა, ვერ გამოვა, - ამისათვის აუცილებელია მეთოდოლოგიურად სწორად ორგანიზებული და სკურპულოზურად დაგეგმილი მრავალსვლიანი სპეცოპერაცია. თუმცა კრემლმა უკვე დაამტკიცა, რომ ეს ძალუძს: მთელი რიგი რესპუბლიკების ხელმძღვანელობების ამასწინანდელმა ხისტმა შეცვლამ ხომ თითქმის უმტკივნეულოდ ჩაიარა, მათ შორის – საზოგადოებრივი აზრის სათანადო მომზადების წყალობით, - წერს სტატიის ავტორი.
ამისვე დასტურად მოჰყავს მას ჯერ - 2012-2013, ხოლო შემდეგ 2017 წელს თათრეთზე განხორციელებული გეგმაზომიერი ზეწოლა, როგორც მაგალითი წარმატებული რესპუბლიკის იმიჯის დესაკრალიზაციისა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული.
რა საერთო კონტურები შეიძლება, ჰქონდეს მსგავს სპეცოპერაციას? სტატიის ავტორი ასეთად მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანიების, მედიაში საერთოფედერალური რეზონანსის, ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების წარმომადგენლების, მათთან ერთად კი პირველი პირების ხმაურიანი გადაყენებებისა და დაკავებების გზით მასობრივ ცნობიერებაში ეროვნული რესპუბლიკების შემდგომ დისკრედიტაციას მიიჩნევს. მსგავსი დაკავებებისთვის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო — ესაადარტყმა რესპუბლიკების მმართველი კლანების რეპუტაციაზე, ადგილობრივი ძალოვანი ბლოკების შეცვლა, მართული ეროვნებათაშორისი კონფლიქტები, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ პროვოცირებული ადგილობრივი საბანკო კრიზისები, მსხვილი დამსაქმებლების გაკოტრების პროცედურები, ან მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ფინანსური პრობლემები ადგილობრივი ეკონომიკების ფლაგმანების საქმიანობაში, მოსახლეობაში ხელმძღვანელობის მიმართ ნდობის დაქვეითება, მართული სოციალური პროტესტები.
“ამ ფაქტორთაგან ნებისმიერს შეუძლია, ადგილობრივი ელიტების დასაბუთებული წმენდა გამოიწვიოს.ასეთ შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის ნება პარალიზებული იქნება” - აღნიშნავს ავტორი.
პარალელურად, მისი აზრით, ძალოვანებმა შეიძლება, დაიწყონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პოტენციალის მქონე ყველა ეთნიკური ჯგუფის წმენდა, ასევე გარკვეული “სეპარატისტული შეთქმულებების” გახსნა, რომლებიც შესაძლოა, “უცხოურ გავლენებს” (თურქულს, ფინურს, ესტონურს, უნგრულს და ა.შ.), ან ვაჰაბიზმს დაუკავშირონ. ამისათვის, როგორც ავტორი აღნიშნავს, ძალოვანებს უკვე გააჩნიათ არა მარტო კონტრტერორისტული ოპერაციების, არამედ, მაგალითად, ყირიმელი თათრების მოძრაობის ჩახშობის, ე.წ. ჩერქეზულ გავლენასთან ბრძოლის, თათარი და ბაშკირი აქტივისტების ჩასმის გამოცდილება.
“პარალელურად მომძლავრდებიან ჯგუფები, რომლებიც რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების მასობრივი შელახვისა და დევნის შესახებ დაიწყებენ ყვირილს, ამოწევენ “ძველ საქმეებს”. ყველაზე შფოთიან რესპუბლიკებში შეიძლება, კაზაკთა კონტინგენტი და მისთვის გათვალისწინებული საგრანტო ასიგნებებიც გაიზარდოს. შეიძლება, მოქმედებაში მოიყვანონ ეროვნებათაშორისი კონფლიქტების მართული პროცესიც: ოსებსა და ინგუშებს, ჩეჩნებსა და ინგუშებს, ერთის მხრივ ჩერქეზებს და მეორეს მხრივ ბალყარელებსა და ყარაჩაელებს შორის. აი, სწორედ ამ დროს შეიძლება, დასჭირდეს ჩრდილოეთ კავკასიას “გენერალ-გუბერნატორი (მაგალითად, კადიროვი)” - განმარტავს ავტორი.
ქაოსის მართვის კიდევ ერთი პოტენციური წერტილი, მისი აზრით, თათრებსა და ბაშკირებს შორისაა.
“მთლიანობაში, ყველა რესპუბლიკაშია ჩადებული ნელი მოქმედების “ნაღმი” და როგორც 2017 წლის ენობრივმა კონფლიქტმა აჩვენა, მსგავსი “ნაღმები” ძალიან სწრაფად და ტექნოლოგიურად მოდის მოქმედებაში. თანაც, ნებისმიერი ნეგატივი ეროვნული რესპუბლიკებიდან შეიძლება, პროეცირდეს სრულიად მდგრად თათრეთზე, ბაშკირეთზე, იაკუტიაზე, ჩრდილოეთ ოსეთსა და სხვა შედარებით მძლავრ რესპუბლიკებზე”- აღნიშნულია სტატიაში.
გარდა ამისა, ავტორის აზრით, ფინანსური დარღვევები, რომელთა გარეშეც რუსეთში ვერც ერთი მსხვილმასშტაბიანი ბიზნესი ვერ იმართება, შეიძლება, გაბანკროტების პროცედურების დაწყებისა და გარე მმართველების დანიშნვის მიზეზად იქცეს, რაც საბოლოოდ საკუთრების უფლებების მსხვილი ფედერალური საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ხელში გადასვლით დასრულდება. დარჩენილ ელიტას ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრეფერენციებს, ახალ სახელისუფლებო ვერტიკალში ინტეგრაციას შესთავაზებენ. რესპუბლიკებში ახალი ხელმძღვანელების დანიშნვა ადგილობრივ ელიტებთან შეუთანხმებლად მოხდება, ახალი ჯგუფების მთავარი ფუნქცია კი იმდგომარევებს იმაში, რომ რესპუბლიკები ახალი რუსული კონსტიტუციის მიღებამდე მიიყვანონ. ელიტების “გამორეცხვას”, რომელიც რესპუბლიკებში შესაძლოა, არაერთგვაროვნად აღიქვან, ახსნიან მმართველობითი კადრების აუცილებელი როტაციით. ტყუილად ხომ არაა, რომ კრემლმა მმართველი ელიტების შესაცვლელად საკადრო რესურსის მომზადება საკუთარ თავზე აიღო. ლოიალობა, ტექნოკრატიზმი, აპოლიტიკურობა, აბსოლუტური მორჩილება — ეს ის მთავარი თვისებებია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ახალი კადრები სათადარიგო მოთამაშეების რიგებში ჩასაწერად.
შემდეგი ნაბიჯი, ავტორის აზრით, იქნება საკონსტიტუციო თათბირი ახალი კონსტიტუციის პროექტის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ეროვნული რესპუბლიკების წელში გადატეხილი ელიტების მონაწილეობის გარეშე ჩაივლის. საკონსტიტუციო პროექტებში რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სახელწოდებებს ერთიანზე (მაგალითად, “მიწები”, “მხარეები”) დაიყვანენ. მორჩილი რეგიონული პარლამენტები და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები არ შეიტანენ მნიშვნელოვანი შესწორებებს და ზემოდან ჩამოშვებულ საკონსტიტუციო პროექტს პრაქტიკულად უხმოდ დაეთანხმებიან. ხოლო ისინი, ვინც წინააღმდეგ მისცემს ხმას, უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
უფრო გრძელვადიანი სცენარი, ადაპტაციის გარდამავალი პერიოდით, ავტორის აზრით, ფედერაციის სუბიექტების (მათ შორის რესპუბლიკების) თანდათანობით საკუთარი ფინანსური ბაზის გარეშე დატოვებასა და საგადასახადო გადარიცხვების ნაწილის აგლომერაციულ დონეზე გადაცემას გულისხმობს. რესპუბლიკების დედაქალაქების უდიდესი ნაწილი ამ კატეგორიაში მოექცევა, რესპუბლიკებს კი დარჩებათ დოტაციური სასოფლო მუნიციპალიტეტების მართვა. “ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ დაინახავს აუცილებლობას რესპუბლიკებში, რომელთაც ეკონომიკური ბაზისი აღარ გააჩნიათ და მათი ლიკვიდაცია სულ რაღაც 2-3 წლის საქმედ იქცევა. აგლომერაციების ხელმძღვანელობა შეიძლება, მოსკოვიდან დაინიშნოს” - ნათქვამია სტატიაში.
ავტორის ვარაუდით, სატიტულო ეთნოსებს კომპენსაციის მექანიზმად და მათი უფლებების დაცვის გარანტიად ეროვნულ-კულტურულ ავტონომიებს, ფოლკლორული კულტურის, ხალხთა მეგობრობის ფესტივალებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებას, მშობლიურ ენებზე ყალბ ზრუნვას შესთავაზებენ. “ჩვენ ვნახეთ, რომ ენობრივი კონფლიქტის მსვლელობისას მსგავსმა “ზრუნვამ” სატიტულო ეთნოსების დამშვიდებაზე ითამაშა. შედეგად რუსეთის ფედერაციის ხალხებმა მიიღეს მშობლიური ენების ფონდი დამამცირებლად დაბალი ბიუჯეტით, არადა, ამ ფონდის შექმნა რესპუბლიკური ენებისთვის კომპენსაციის უმნიშვნელოვანეს მექანიზმად წარმოჩინდებოდა. ამასთან, ენების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული სახსრების გადანაწილების ცენტრალიზებულმა გზამ მოიტანა ის, რომ სახსრებს რეალურად, იღებენ მხოლოდ მცირერიცხოვანი ხალხები, რომელთაც არანაირიეთნოპოლიტიკური ამბიციები არ გააჩნიათ” - აღნიშნულია სტატიაში.
დამატებით, ახალი რეგიონების ბიუროკრატიულ სტრუქტურებში, მოჩვენებითი ზრუნვისთვის შესაძლოა, ეროვნებათა საქმეების სამინისტროები ჩამოყალიბდეს, რომელთა რეალური ფუნქცია ეთნიკური პროცესების კონტროლი იქნება, - თვლის ავტორი და მაგალითად განათლების განვითარების ფედერალური ინსტიტუტის განათლების ეთნოკულტურული სტრატეგიის ცენტრის ხელმძღვანელი ოლგა არტემენკო მოჰყავს, რომელიც “რესპუბლიკებში ეროვნული განათლების სისტემების განვითტარებისნაცვლად, რეალურად, მთავარ მოქმედ პირად იქცა ენობრივი კონფლიქტების გაღვივებაში”.
ამას, ავტორის აზრით, უდავოდ, მოჰყვება ის, რომ სეპარატიზმის გამოგონილი საფრთხის ფონზერესპუბლიკების ლიკვიდაცია პუტინის ისტორიულ წარმატებად და რუსული სახელმწიფოებრიობის აუცილებელ განახლებად წარმოჩინდება. მთავარი შედეგი – მსხვილი რეგიონული აქტივების თანდათანობითი გადასვლა გავლენების ფედერალური ჯგუფების ხელში, რაც შეიძლება, აქტივების როგორც “მშვიდობიანი” (დაბალ ფასად იძულებითი გასხვისება), ისე წართმევის (ძმები მაგომედოვების, აშაკუროვების საქმეები) გზით მოხდეს. რესპუბლიკების ლიკვიდაციისა და ყოფილი რესპუბლიკების პოლიტიკური ელიტების წარმომადგენლების ხმაურიანი სასამართლო პროცესების ფონზე მეორე ვარიანტი გაცილებით მარტივად, საზოგადოებრივი თანხმობით განხორციელდება. ყოველ შემთხვევაში,როგორც ავტორი მიიჩნევს, რესპუბლიკებისა და ფედერაციის რიგი ძლიერი რეგიონების გაკულაკება,გავლენის სფეროების გადანაწილება — ეს ისაა, რაც ქვეყანას რამდენიმე წლით ეკონომიკური ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს და დასავლური სანქციებით დაზარალებულ პუტინურ ელიტას ზარალის ნაწილს აუნაზღაურებს.
მისივე აზრით, რუსეთის ახალ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში, უპირველესად, ეკონომიკური, ასევე ეთნიკურად ერთფეროვანი მოსახლეობის სხვადასხვა რეგიონებზე გადანაწილების პრინციპები ჩაიდება. მაგალითად, ყაზანისა და კამის აგლომერაცია, რომლებიც ამჟამად თათრეთის შემადგენლობაშია, შესაძლოა, ფედერაციის სხვადასხვა სუბიექტებს მიაკუთვნონ.
“ფედერალური მოწყობის შენარჩუნება რეგიონების იმავდროული გამსხვილებით წარმოჩენილი იქნება წარმატებულ გადაწყვეტილებად და სახელმწიფო მოწყობაში მემკვიდრეობითობის შენარჩუნებად” - თვლის სტატიის ავტორი.
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჭრილში კი, მისი აზრით, რესპუბლიკების ლიკვიდაცია მოიტანს ერთიანი რუსული ერის, რუსული კულტურული კოდის დომინირების პროპაგანდას, მათ დაუპირისპირებენ რესპუბლიკურ წარსულს, რომლიდანაც 90-იანების სტერეოტიპული ხატი გამოიძერწება. ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურ მინიმუმამდე შემცირდება იმ ეროვნული ორგანიზაციების რაოდენობა, მკვეთრად დაქვეითდება ეროვნული მედიის, თეატრების, გამომცემლობების მხარდაჭერა, რომლებიც სადღეისოდ რესპუბლიკებში ეთნიკურობასა და ისტორიულ მეხსიერებას ასაზრდოებენ. მშობლიური ენების სწავლება თანდათანობით ფაკულტატიურ ფორმატამდე დავა, ან სრულად იქნება ლიკვიდირებული დარჩენილ ეროვნულ სკოლებთან ერთად.
“მთელს რუსეთში ცენზურის მომძლავრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ტოტალური კონტროლის მცდელობების პარალელურად, ნებისმიერ ეროვნულ ღონისძიებას დღის წესრიგის მრავალრიცხოვანი წინასწარი შეთანხმებებისა და დამტკიცებების ფილტრის გავლა მოუწევს. ამიტომაც არარუსული ეთნიკურობის საჯარო გამოვლინებები ფოლკლორულ წარმოდგენამდე იქნება დაყვანილი, ან საერთოდაც აღიკვეთება. სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა რეგიონებში გადანაწილებასთან შესაძლო დაბრუნების ფარგლებში ეს ინსტრუმენტი უცილობლად იქნება გამოყენებული ტერიტორიების ეთნიკური შემადგენლობის შესაცვლელადაც, როგორც ეს საბჭოთა დროს ხდებოდა” - ვარაუდობს ავტორი.
მისივე აზრით, მუსლიმური რესპუბლიკების ტერიტორიებზე, მუსლიმების ექსტრემიზმში დადანაშაულების ნაცადი ხერხის გარდა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას “მშრომელთა თხოვნით” მეჩეთების დახურვის საბჭოური გამოცდილებაც, ნაგებობების ნგრევა საბუთებში არსებული უზუსტობების საბაბით, ახალი მეჩეთების მშენებლობის ფაქტობრივი აკრძალვა (როგორც ეს რუსეთის ფედერაციის არაერთ რეგიონში ხდება), ჰიჯაბების ტარების აკრძალვა და სხვა. ამასთან, როგორც ავტორიაღნიშნავს, უკვე სახეზეა მაგალითი იმისა, რა იდეოლოგიურ საფუძვლებზე და რესურსებით შეიძლება, მოხდეს მართლმადიდებელი თათრების კონცეპტის ლობირება. საბოლოო ჯამში,გასათვალისწინებელია ჩინური პრინციპით ტერიტორიების ეთნიკური წმენდის მეთოდების ნაწილობრივი გამოყენების შესაძლებლობაც.
“თუ ეს ყველაფერი არარეალურად გეჩვენებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, მოელოდით თუ არა 10 წლის წინ ომს დონბასში, ყირიმის მოვლენებს, დასავლეთთან ხისტ კონფრონტაციასა და “ისკანდერებით” თამაშს,სირიის ომსა და რუსულ “ЧВК”-ს აფრიკაში, ინტერნეტის ბლოკირებას, რესპუბლიკების სკოლებში ენობრივ კონფლიქტებს, საპენსიო ასაკის მატებასა და პუტინის მეოთხე ვადას?” - დასძენს სტატიის ავტორი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021