ეკა ბესელიას "მოსმენების საქმეზე" პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

03-08-2022 15:01:00 პოლიტიკა ,სამართალი

პარლამენტის იურიდიული კომიტიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ეკა ბესელიას პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 2021 წელს გავრცელებული "საიდუმლო ფაილების" საქმეზე გამოძიების ფარგლებში.

"მეეჭვება რაიმე დადგინდეს, ჩემი ვარაუდით, კვალი მიდის სახელმწიფო სტრუქტურებამდე, შეუძლებელია ამ მასშტაბით ფაილების დახარისხება და კრებსების გაკეთება გადაეწყვიტათ ფიზიკურ პირებს, ამას აკეთებენ ძალოვანი უწყებები. ამიტომ, ძნელად წარმომიდგენია ამაზე პასუხისმგებელი პირები გამოკვეთონ. ის, რომ ამ ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავინ აიღო და მცდელობაა, რომ მიიმალოს ეს დანაშაული, ძალიან სახიფათოდ მეჩვენება. რა დააზღვევს იმას, რომ ახლაც იგივე არ ხდება? ზუსტად იმიტომ არის საჭირო ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, რომ ეს იყოს დაზღვეული მომავალშიც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

დღესვე, ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურაშია დაბარებული ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც ასევე ითხოვს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.

სავარაუდოდ, ფარული მოსმენისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებული პირადი კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები "სუს-ის დოკუმენტების" სახელით გასულ წელს რამდენიმე ეტაპად გასაჯაროვდა. ამ გამოძიების ფარგლებში ეკა ბესელია მოწმის სტატუსით 2021 წელს გამოიკითხა, დაზარალებულის სტატუსი კი დღეს მიენიჭა. გავრცელებულ ჩანაწერებში ეკა ბესელიას იმ დროის (2017-2018) სავარაუდოდ, პირადი კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერებია, ამ დროს ის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის "პოსტს" იკავებდა და მმართველ გუნდს წარმოადგენდა.

უკანონო მოსმენების თაობაზე საქართველოდან 2022 წელს ორი სარჩელი გაიგზავნა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები