„ბევრი მომხმარებელი ამ ოპერაციის ჩატარებას საერთოდ ვერ შეძლებს“ – ვისზე აისახება სებ–ის ახალი გადაწყვეტილება

04-08-2022 12:31:07 ეკონომიკა

საქართველო ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპების შემცირების მიზნით ახალი გადაწყვეტილება მიიღო: სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა ერთი წლით მცირდება. კერძოდ, თუ მანამდე მაქსიმალური ვადა ოთხი წელი იყო, 15 აგვისტოდან სამი წელით განისაზღვრება. აღნიშნული შეზღუდვა ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში და მიზნად მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის გამო ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირება სახელდება.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება გარკვეულწილად შეჯერებული იყო საბანკო სექტორთან და რომ ეს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც განიხილებოდა, ერთ–ერთი ყველაზე უმტკივნეულოა, თუმცა საკმაოდ მძიმედ აისახება პროდუქტებზე, რომლებსაც სადღეისოდ საბანკო სექტორი მომხმარებლებს სთავაზობს – მომხმარებლებს მორიგ ჯერზე შეუმცირდებათ სესხის მოცულობა:

„ბრძანება ჯერ არ გვინახავს და ვერ ვისაუბრებ, რა გამონაკლისები შეიძლება, იყოს, მაგრამ 3 წლამდე შემცირება შეეხება არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს. სამომხმარებლო სესხებით მხოლოდ განვადების გაცემა არ ხდება: ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი – ოთხწლიანი სამომხმარებლო სესხით მომხმარებელი იბალანსებდა ყოველთვიურ გადასახადს, ნაწილობრივ რეფინანსირებას ახდენდა მოკლევადიანი დავალიანებების და იმატებდა გარკვეულ თანხას. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მომხმარებლებისა ამ ოპერაციის ჩატარებას საერთოდ ვერ შეძლებს. როგორც იცით, მცირეშემოსავლიან პირებთან მიმართებაში კიდევ ერთი გადაწყვეტილება იყო – 1000–ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა 25%–იანი კოეფიციენტის გამოყენება სესხის გაცემის დროს. ამიტომ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დიდი წნეხი იქნება – საკმაოდ ბევრი ადამიანი სესხს ვეღარ მიიღებს. ამის თქმის საშუალება იქიდან გამომდინარე გვაქვს, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს სესხები და გვესმის, დაახლოებით რა რაოდენობა ვეღარ ისარგებლებს სამომხმარებლო სესხით“.

მისი თქმით, სესხი ამჟამად დაახლოებით, 2 მილიონს აქვს, თუმცა გადაწყვეტილება ყველას არ შეეხება, რადგან მომხმარებლები სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობენ.

საბანკო სექტორი ელის, რომ მოთხოვნა გაიზრდება უზრუნველყოფილ სესხებზე, ვინაიდან სადღეისოდ სესხებზე მოთხოვნა არსებობს და ეს მოთხოვნა მზარდია:

„სამომხმარებლო მიმართულებით ეს მოთხოვნა სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე შეიძლება, იყოს: როგორც იცით, 2018 წელს საქართველოში შემოვიდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ახალი წესი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში შემცირებისკენ წაიყვანა სამომხმარებლო სესხების პორტფელი. შემდეგ ცვლილებები ვიხილეთ, შემდეგ პანდემიის პერიოდი დაიწყო და ვნახეთ, რომ ზრდის ტემპი საკმაოდ დაბალი იყო და შესაძლოა, სამომხმარებლო სესხების აქტიური ზრდა 2021–2022 წლებში ამითაც იყოს გამოწველი – მომხმარებლებმა თავიანთი საკრედიტო ვალდებულებები გადაანაწილეს, კრედიტუნარიანები გახდნენ“.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში ასევე მნიშვნელოვანი გარემოება იყო აღნიშნული. კერძოდ, სები უცხოურ ვალუტაზე პროცენტების ზრდას დააკვირდება და აქედან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სესხის მოცულობის შეზღუდვის თაობაზე:

„იცით, რომ დოლარში პროცენტები გაიზარდა და ევროშიც ველოდებით ზრდას – საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაღალი საპროცენტო განაკვეთი ლარში, მაღალი საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში და საკრედიტო აქტივობის შემცირება პირდაპირპროპორციულად ურტყამს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს: სადღეისოდ საბანკო სექტორი კვლავინდებურად რჩება ერთ–ერთ მსხვილ დამფინანსებლად საქართველოს ეკონომიკის. ამდენად, საკრედიტო აქტივობის შემცირება აუცილებლად აისახება ეკონომიკურ ზრდაზეც“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები