ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს, მას გაბუნია ჩაანაცვლებს

05-08-2022 20:56:03 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ტოვებს თანამდებობას, თუმცა ირწმუნება, რომ ეს კავშირში არ არის „პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან“. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას:

„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“.

მანამდე გამყრელიძის შესახებ ცნობა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით "ფორმულამ" გააჟღერა. მედიასაშუალების ცნობით, მიზეზი ღარიბაშვილსა და გამყრელიძის ორის დაპირისპირებაა, რომელიც რეგულაციებს უკავშირება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები