Accentnews.ge
რატომ შეცვალა გახარიას მთავრობამ მისი წინამორბედის გადაწყვეტილება

რატომ შეცვალა გახარიას მთავრობამ მისი წინამორბედის გადაწყვეტილება

08/10/2019 14:29:21 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საგარეო პოლიტიკა, ინტერვიუ, ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში დააანონსა, რომ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დაასუბსიდირებდა, ამ გადაწყვეტილებას ცვლის.  კერძოდ, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „რუსეთიდან ფრენების სუბსიდირების საკითხი არ განიხილება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მთავრობის პოზიციის ცვლილებას ორ ფაქტორს უკავშირებს.

„ვფიქრობ, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ რუსეთთან ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება. გარდა ამისა, დაინახეს, რომ საჰაერო ემბარგოს ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი  შემცირება არ მოჰყოლია, - მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა შემცირდა და ისიც მცირედით, მთლიანობაში კი ტურიზმის სექტორს ზრდა აქვს. ამ პირობებში ფრენების სუბსიდირება ნამდვილად არ იქნებოდა გონივრული. ალბათ, დააკვირდნენ ამ შედეგებს და ამიტომაც შეცვალეს წინა გადაწყვეტილება. ზოგადად, ფრენების სუბსიდირების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება, უმჯობესია, სუბსიდირებული ფრენებით ტურისტები ევროპული  ქვეყნებიდან ჩამოვიყვანოთ და არა რუსეთიდან» - განუცხადა «აქცენტს» კეპულაძემ.  

მისივე თქმით, პუტინის საჰაერო ემბარგოზე მთავრობას პანიკური რეაქცია ჰქონდა, რამაც გარკვეული უარყოფითი ეკონომიკური პროცესები, მათ შორის ლარის კატასტროფული გაუფასურება გამოიწვია.

მსგავის პოზიცია აქვს  პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძესაც:

„ვარაუდის დონეზე თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, ფრენების უახლოეს მომავალში აღდგენის მოლოდინი აქვთ. მეორეს მხრივ, მთავრობის გადაწყვეტილების ცვლილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ საჰაერო ემბარგომ ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე თავდაპირველად ნავარაუდევზე ბევრად ნაკლები ნეგატიური გავლენა მოახდინა“.

მისივე თქმით, თავის დროზე პრემიერ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება ფრენების სუბსიდირების თაობაზე „აბსოლუტურად უსაგნო, უაზრო იყო და საკითხავია, კიდევ ვისი, რომელი კერძო კომპანიის ინტერესი ჩაიდო მაშინ ამ გადაწყვეტილებაში“.

შეგახსენებთ, რომ ივლისში საქართველოს იმჟამინდელმა  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა დადგენილებებს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს თბილისი-მოსკოვის რეისების მგზავრთნაკადის კომპენსირების მიზნით თბილისი-ერევნის რეისების სუბსიდირება უნდა დაეწყო. პროექტის მიხედვით, რუსი ტურისტების მოსაზიდად რუსული აეროპორტებიდან აფრენილი თვითმფრინავები ჯერ ერევანში დაეშვებოდნენ, შემდეგ კი ტურისტები თბილისში ჩამოვიდოდნენ. ბახტაძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში ეწერა, რომ პროგრამისთვის საჭირო თანხას – 600 000 ევროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” გამოყოჰფდა. ამასთან, დაფინანსება უნდა მიეღო კომპანიას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს პირველი მიმართავდა.

ცნობისთვის:  რუსეთმა საქართველოსთან ფრენები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით 8 ივლისს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მალევე პუტინის გადაწყვეტილებამ რუსული ავიაკომპანიების უკმაყოფილება გამოიწვია: მათ მთავრობისგან საქართველოსკენ ფრენების აკრძალვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს, რომელიც სადღეისოდ ჯამში 18 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება  საქართველოს, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის იანვარ-ივნისის (I-II კვარტალი) პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსულმა შემოსავალმა 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +7%), რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მისივე ცნობით, იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში  7.7% შეადგინა, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S