რუსეთის თავდაცვა ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შესახებ საკუთარ ვერსიას ავრცელებს

09-08-2022 18:20:26 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების მიზეზი „რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია“ გახდა.

ამასთან, უწყების ცნობით, „აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შემდეგ არავინ დაშავებულა, არც საავიაციო ტექნიკა დაზიანებულა“:

„იღებენ ზომებს ხანძრის ჩასაქრობად და აეროდრომზე აფეთქების მიზეზების დასადგენად.

საკის აეროდრომზე არსებულ საბრძოლო მასალის შესანახ ზონაზე ცეცხლის ზემოქმედება არ მომხდარა“.ყირიმში აფეთქებების შესახებ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი.

რუსული „კომერსანტი“ ნოვოფედოროვკის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თავდასხმა მოხდა სამხედრო აეროდრომსა და საბრძოლო მასალის საცავებზე საკისა და ნოვოფედოროვკას მახლობლად.

„აეროდრომთან აფეთქებები იყო. პირველი აფეთქების ხმა დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გაისმა. სულ ათამდე იყო“, - განუცხადა „კომერსანტს“ წყარომ.

აეროდრომზე აფეთქებების შესახებ იუწყებოდა საკის რეგიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიქტორია კაზმიროვა:

„აეროდრომი გვიფეთქდება. აფეთქებებია აეროდრომზე. აქ ყველა ფანჯარა დაიმსხვრა“.

ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა და გარემოებები ზუსტდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები