სატელიტური ფოტოები გამოქვეყნდა რუსეთის სამხედრო აეროდრომის, სადაც აფეთქებები მოხდა

09-08-2022 23:25:58 ევროპა

რადიო თავისუფლების პროექტმა „Схемы“ გამოაქვეყნა ანექსირებული ყირიმის სოფელ ნოვოფედოროვკაში მდებარე რუსული სამხედრო აეროდრომის სატელიტური ფოტოები, რომლებიც გადაღებულია აფეთქებებამდე 4 საათით ადრე.

ფოტოზე ჩანს, რომ 9 აგვისტოს დილის 11:10 საათისთვის აეროდრომზე განთავსებული იყო საწყობები და მრავალი სამხედრო თვითმფრინავი.

როგორც იუწყებიან, აღნიშნული ლოკაცია ყირიმში რუსული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი აეროდრომია.

2014 წლამდე ის უკრაინის საზღვაო ძალების ბაზა იყო. ამჟამად იქ დაფუძნებულია რუსეთის 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM და Su-33 გამანადგურებლებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან. რუსული არმია აქედან ახორციელებს საჰაერო იერიშებს და ბომბვას უკრაინის ქალაქებს.

აფეთქებები ყირიმში დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით 12 აფეთქების ხმა გაისმა, მათგან სამი განსაკუთრებით ძლიერი, საბრძოლო მასალის საწყობები კი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მომხდარიდან მალევე რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია და რომ შედეგად არავინ დაშავებულა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ჯერ 5, შემდეგ 9 დაშავებულის და ევაკუაციის გამოცხადების თაობაზე. ცოტა ხნის წინ დადასტურდა ერთი დაშავებულის დაღუპვის შესახებ ცნობა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში, საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებს გაემიჯნა.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოდის სახანძრო უსაფრთხოების და მოწევის აკრძალვის წესების შეხსენებით გაფრთხილებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები