
ძლიერი აფეთქება იყო ოკუპირებულ მარიუპოლშიც
10/08/2022 13:47:33 ევროპა
მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, 10 აგვისტოს რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ქალაქში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
„12:00 საათზე ეკო–ბაზრობის მიმდებარედ, ცენტრალურ უბანში ძლიერი აფეთქება იყო. მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფის მოქმედების შესახებ ინფორმაციას ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ადგილობრივი ხელისუფლება, მათივე თქმით, დამატებით სიახლეებს ელოდება.
რუსეთის ხელისუფლებას ქალაქში აფეთქების შესახებ ცნობაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსულმა არმიამ მარიუპოლი ბლოკადაში 2022 წლის მარტში მოაქცია. 20 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანა, რომელიც უკრაინული ჯარების თავდაცვის ბოლო დასაყრდენი იყო ქალაქში მას შემდეგ, რაც მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი რუსმა სამხედროებმა დაიპყრეს, რუსული ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა.
იხილეთ ასევე: აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე: რა პრობლემა აქვს მოსკოვის ოფიციალურ ვერსიას