აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე: რა პრობლემა აქვს  მოსკოვის ოფიციალურ ვერსიას

10-08-2022 12:58:15 ევროპა

ანექსირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე მომხდარი მასშტაბური აფეთქებები ერთ–ერთი მთავარი განხილვადი თემაა. გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ 9 აგვისტოს დილის 11:10 საათისთვის აეროდრომზე განთავსებული იყო საწყობები და მრავალი სამხედრო თვითმფრინავი, მაგრამ რა მოხდა სადილის შემდეგ, როდესაც 12 ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის თაობაზე. თუმცა ოფიციალური კიევი მომხდართან კავშირს უარყოფს და მორიგ ჯერზე გამოდის სახანძრო უსაფრთხოების წესების და მოწევის აკრძალვის შესახებ შეხსენებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ირწმუნება, რომ აფეთქებები საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. მოსკოვის ოფიციალურმა ვერსიამ ბევრს კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა გაახსენა. ამ შემთხვევაშიც რუსეთი საბრძოლო მასალების დეტონაციის შესახებ იუწყებოდა და ამ დრომდე არ აღიარებს უკრაინის როლს რუსეთის საამაყო ხომალდის განადგურებაში. მოსკოვის ვერსია არადამაჯერებლად ჟღერს, მათ შორის, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტებისთვის: ექსპერტები ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ფაქტობრივად ერთდროულად მომხდარ აფეთქებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მათი ხედვით, ავიაბაზაზე ხანძრის შემთხვევით გაჩენის თაობაზე რუსეთის ოფიციალურ ვერსიას გამორიცხავს.

იხილეთ ასევე: "რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს"

„კრემლს არ აქვს მოტივაცია, უკრაინა დაადანაშაულოს თავდასხმებში, რადგან ასეთი დარტყმები რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობის დემონსტრირებას მოახდენს, რაც უკვე აჩვენა უკრაინელთა მიერ კრეისერ „მოსკვას“ჩაძირვამ. ISW-ს ჯერ არ შეუძლია აფეთქების ზუსტი მიზეზის შეფასება. ორ სხვადასხვა ადგილზე აფეთქებების აშკარა ერთდროულობა, ალბათ, გამორიცხავს შემთხვევითი ხანძრის ოფიციალურ რუსულ ვერსიას, მაგრამ არ გამორიცხავს დივერსიას და არც შორ მანძილზე მოქმედი რაკეტით შეტევას“, – განმარტავს ISW.

მათი ხედვით, უკრაინელებმა შესაძლოა, უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ მოდიფიცირება განახორციელეს სახმელეთო შეტევებისთვის (როგორც ეს რუსებმა გააკეთეს ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტების შემთხვევაში), „თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები“.

ამასთან, ამერიკული გამოცემა The New York Times ციტირებს უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსანს, რომელმაც აღიარა, რომ აფეთქებებში უკრაინის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, ამ აეროდრომიდან აფრინდნენ თვითმფრინავები, რომლებმაც დარტყმები განახორციელეს უკრაინის სამხრეთ ნაწილზე, ხოლო აეროდრომზე თავდასხმისთვის გამოიყენეს „ექსკლუზიურად უკრაინული წარმოების“ ტექნიკა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი.

უკრაინელი სამხედრო ექპერტი ოლეგ ჟდანოვიც დარწმუნებულია, რომ აფეთქებებში უკრაინელი სამხედროების ხელი ურევია:

„ის, რომ საბრძოლო მასალის დეტონაცია, მოხდა, სავსებით გასაგებია, რადგან ავიაბაზაზე სერიოზული საბრძოლო მასალის საწყობებია (მანდ უნდა ყოფილიყო ტორბედები, ბომბები, მათ შორის, საზღვაო და სხვა სამხედრო ტექნიკური ქონება), მაგრამ დეტონაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვარტყით. აი, რა მოვარტყით, აქ შესაძლოა, განსხვავებული ვერსიები არსებობდეს: ეს შესაძლა, იყოს „ნეპტუნი“. ის ხომალდსაწინააღმდეგოა, მაგრამ როგორც წესი, მას სახმელეთო სამიზნის განადგურების შესაძლებლობაც აქვს. მაგალითად, რუსეთი ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსებით ბუმბავს ჩვენს ტერიტორიებს, მაგალითად, ნიკოლაევს. მეორე ვარიანტია – თუ გახსოვთ, რამშტაინის მორიგ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა განაცხადა, არ გამოვაქვეყნებთ იარაღის სახეობებს, ეს სიურპრიზი იქნება ბრძოლის ველზეო და სულარც არ არის გამორიცხული, სწორედ ეს იყოს ის სიურპრიზი. ის, რომ რუსეთი ამას არ აღიარებს, ძალიან პოზიტიური ამბავია: ყირიმის ტერიტორიაზე ობიექტის განადგურება პოლიტიკური ამოცანაა და არა სამხედრო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვიბრძოლოთ და ჩვენი ყირიმი გავათავისუფლოთ“.

ამდენად, მისი ხედვით, თუ უკრაინელებს უკვე აქვთ იარაღი, რომლის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია, ეს ზემოქმედებას ამოახდენს არა მხოლოდ სამხრეთ უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე, არამედ დაეტყობა ფრინტის მთელ ხაზს. და ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ ისვრიან მათ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით, დასავლელი პარტნიორების თხოვნაა, უშუალოდ აშშ–ის:

„შესაბამისად, ამ რაკეტების მოქმედება უკრაინის სახელმწიფო საზღვრებით იქნება შეზღუდული. საუბარია 1991 წლის საზღვრებზე და არა იმ ხაზზე, რომელიც პუტინმა დაგვიხატა ჩვენ 2014 წელს“.

განსხვავებულია დანაკარგების შესახებ ცნობებიც: თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნებოდა, რომ აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც საავიაციო ტექნიკა დაზიანებულა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა ერთი დაღუპულის და 13 დაშავებულის შესახებ. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა დამწვარი საბრძოლო თვითმფრინავების ფოტოები. უკრაინული მხარე 9 განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავის შესახებ იუწყება.

„როგორც იცით, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმევას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ბრძოლა გრძელდება ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით და შორს არის დასრულებამდე. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომი. ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველყოფას, რომ უკრაინა გაუძლებს რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას. ეს არის ჩვენი ყურადღების ცენტრში“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა თემის კომენტირებისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები