„პირადი შემადგენლობა აღარ არსებობს“: რა ბედი ეწიათ ბუჩაში ჩადენილ სისასტიკესთან დაკავშირებულ რუს სამხედროებს

11-08-2022 13:01:21 მსოფლიო

64-ე ცალკეული, მოტომსროლელი ბრიგადა ხაბაროვსკიდან არის რუსული ქვედანაყოფი, რომელიც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაკავშირებული უკრაინულ ბუჩაში ჩადენილ სისასტიკესთან და სამხედრო დანაშაულებთან. 7 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ამ ბრიგადის 44 ჯარისკაცისა და ოფიცრის სტენდზე გაკრული სამგლოვიარო ფოტოები. პირი, რომელმაც დაღუპული რუსი სამხედროების ფოტო გამოაქვეყნა, ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ მეათედია „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ დაღუპული მისი კოლეგებისა და რომ 64-ე ბრიგადიდან, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა „გვარდიის“ წოდება მიანიჭა, ფაქტობრივად, არაფერი დარჩა.

პოსტი სტენდის ფოტოთი გამოაქვეყნა ხაბაროვსკიდან სამხედრო მედიკოსმა ალექსეი ასტაშოვმა 7 აგვისტოს საღამოს და წაშალა ერთი დღის შემდეგ.

„სტენდზე მხოლოდ 1/10–ია დაღუპულებისა ბრიგადის პირადი შემადგენლობიდან, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს“,– დაწერა მან.

რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან მიმოწერაში ასტაშოვმა განმარტა, რომ ფოტო მის მიერ გადაღებულია 51460 სამხედრო ნაწილის კლუბის დერეფანში, სამხედრო ბანაკში სოფელ კნიაზ-ვოლკონსკოეში, ხაბაროვსკიდან 20 კილომეტრში - აქ არის 64-ე მოტორიზებული ბრიგადა ბაზირებული. ასტაშოვის თქმით, ომში გასაგზავნი ბრიგადის მოცულობა 1500 კაცს შეადგენდა.

„სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში წავიდა ყველა, გარდა გოგონების, საშტაბო „თაგვების“ და რეკრუტებისა. ოფიცერთა 95%–ს კონტრაქტზე მყოფი ჯარისკაცები, მათ შორის „ნახევრად წვევამდელები“ შეადგენდნენ, რომლებმაც ხელშეკრულებას „მუხლებზე“ მოაწერეს ხელი გამგზავრებამდე. ბევრი უკრაინაში ბელარუსში ჩატარებული სწავლებიდან გადაისროლეს“, - წერს სამხედრო ექიმი ჟურნალისტს.

ასტაშოვის თქმით, სტენდზე მხოლოდ ის ჯარისკაცები და ოფიცრები მოხვდნენ, რომლებიც სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ „მამაცობისთვის“, ხოლო 64-ე ბრიგადიდან დაღუპული სამხედროების საერთო რაოდენობას ექიმი მინიმუმ, რამდენიმე ასეულად აფასებს.

სამხედრო ანალიტიკოს მაიკლ კოფმანის შეფასებით, ამ ომის დროს თითოეულ დაღუპულ რუსულ ჯარისკაცზე დაახლოებით, 3,5 დაიჭრილი მოდის. ამრიგად, 64-ე ბრიგადას უნდა დაეკარგა 600–ზე მეტი სამხედრო. კიდევ, სულ მცირე, 100–მა, როგორც ექიმმა ჟურნალისტს მისწერა, უარი თქვა ომში წასვლაზე და კონტრაქტი შეწყვიტა.

„იანვარში წაიყვანეს ბელარუსში წვრთნებზე და შემდეგ უკრაინაში, არავინ არსად გაუშვიათ. ფაქტობრივად, როტაცია არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეში როსგვარდიაში იყო [როტაცა]...ბიჭები დაიღალნენ ბრძოლისა და მოძრაობის ინტენსივობით, გაურკვევლობით, მივლინების ხანგრძლივობით“,– წერს ექიმი ერთ–ერთ შეტყობინებაში.

8 აგვისტოს ბუჩა საზოგადოებამ შეაჯამა რუსი სამხედროების ქალაქიდან გასვლის შემდეგ ჩატარებული სამძებრო – სამაშველო სამუშაოები და ოკუპაციის შედეგები: ქალაქის ხელისუფლების ცნობით,458–დან 419 მშვიდობიანი მოქალაქე რუსი სამხედროების მიერ იქნა მოკლული, უმეტესობა საკუთარ მანქანაში – ევაკუაციის დროს, ხშირად, ოჯახები (დაღუპულთა შორის 12 21 წლამდე ასაკის იყო). ქუჩებში, სახლებსა და სარდაფებში ადამიანების სიკვდილით დასჯის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ექიმს არ სურს დაჯერება, რომ ბუჩაში ეს სისასტიკე 64–ე ბრიგადის წევრებმა ჩაიდინეს. მისი თქმით, მათთან ერთად "კიევის მიმართულებით“ სხვა დანაყოფები მოძრაობდნენ, რომლებიც "ბუჩაში შევიდნენ", ხოლო 64-ე ბრიგადა, მისი თქმით, "იქ არ იყო". ამის შემდეგ მან ჟურნალისტთან კონტაქტი შეწყვიტა.

მაგრამ ხსენებული ბრიგადის ბუჩაში ყოფნა სხვადასხვა სარწმუნო წყაროებით დადასტურდა.

მაგალითად, სამგლოვიარო სტენდზე გამოკრულია სერჟანტ ნიკიტა აკიმოვის ფოტო. დანარჩენი ჯარისკაცებისგან გამორჩეული მისი სისასტიკე ბუჩას მცხოვრებლებმა გაიხსენა უკრაინულ Слiдство Iнфо–სთვის ივნისში მიცემულ ინტერვიუში. აკიმოვი ერთადერთია სტენდზე, რომელიც უკრაინის პროკურატურამ ოფიციალურად მიიჩნია ეჭვმიტანილად ბუჩას მოვლენების შემდეგ ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში. ეჭვმიტანილია ბრიგადის კიდევ 9 სამხედრო მოსამსახურე.

თუ სტენდზე მითითებული თარიღებით ვიმსჯელებთ, მათ ნახევარი თებერვალსა და მარტში დაიღუპა, ვიდრე რუსული არმია იძულებული გახდებოდა, უკან დაეხია კიევის მისადგომებიდან. ამის შემდეგ დანაყოფი ხარკოვის რეგიონში, იზიუმის მიმართულებით გადაისროლეს, სადაც განაგრძობდა დანაკარგების მიღებას. სტენდზე მითითებული გარდაცვალების თარიღების მიხედვით, 25 აპრილს 64–ე ბრიგადის 7 სამხედრო დაიღუპა, მანამდე – ერთი კვირით ადრე, ერთი. ამ დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, რუსული ჯარები შეეცადნენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას იზიუმ-ბარვენკოვოსა და იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით.

რადიო თავისუფლებამ ღია და ოფიციალური წყაროების მეშვეობით მოახერხა სტენდზე მითითებული 44 ადამიანიდან 30-ის გარდაცვალების დადასტურება.

როგორც ომის შემსწავლელი ბრიტანული ინსტიტუტის ექსპერტები (ISW) ერთ-ერთ ანგარიშში წერენ, კიევიდან უკან დახევის შემდეგ რუსული ბატალიონის მრავალი ტაქტიკური ჯგუფისგან პრაქტიკულად, არაფერი დარჩა, „გარდა ერთი მუჭა ხალხისა და აღჭურვილობისა“, როგორც 8 აპრილს ამბობდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. მისი შეფასებით, ზოგიერთმა რუსულმა ქვედანაყოფმა პერსონალის მესამედამდე დაკარგა და რომ მათი საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს მოხალისეების ან სხვა სამხედრო ნაწილებთან თანამშრომლების ხარჯზე.

დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი იური ფედოროვი თვლის, რომ 64-ე მოტორიზებული ბრიგადის შემადგენლობაში, რომელიც აერთიანდებდა ორ მოტორიზებულ და ერთ სატანკო ბატალიონს, ომამდე შეიძლება, ჯამში 2 500 სამხედრო ყოფილიყო.

თუ ბრიგადის დანაკარგები (დაღუპულები, დაჭრილები) მართლაც უახლოვდება 1000–ს, მაშინ სარდლობას შეეძლო მისი დაშლა - მაგრამ არა 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის შემთხვევაში, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა "გვარდიის" საპატიო წოდება მიანიჭა ომის დანაშაულებში ბრალდებების მიუხედავად:

„ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა: თუ ჯარს დანაკარგები აქვს, მაშინ ამა თუ იმ ქვედანაყოფის დარჩენილი ნაწილებისგან მზადდება ახალი კონსოლიდირებული ბრიგადები. იმისთვის, რომ ბრიგადა ბრძოლისუნარიანი იყოს, მან უნდა გაიაროს საბრძოლო კოორდინაციის პროცესი, ოცეულის და ასეულის მეთაურებმა უნდა გაიცნონ ერთმანეთი, გამართონ საკომუნიკაციო არხები, ამას მინიმუმ რამდენიმე თვე სჭირდება. მაგრამ 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას მიენიჭა "გვარდიის" წოდება, ანუ ის ნამდვილად არ დაიშლება. მისი დაშლა ნიშნავს ამ ბრიგადის პასუხისმგებლობის აღიარებას ბუჩაში მომხდარ დანაშაულებზე.ამიტომ, დიდი ალბათობით, დარჩენილ ოფიცრებს ახალი საკონტრაქტო ჯარისკაცები და წვევამდელები გადაეგზავნებათ. მათ შეუძლიათ, ბრიგადაში შეიყვანონ ბატალიონი ან სხვა ბრიგადების რამდენიმე ასეული, რომლებიც, თავის მხრივ, დაშლილია“, - ამბობს იური ფედოროვი.

მთლიანობაში, უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთმა დაკარგა 70 000-80 000 ჯარისკაცი. საუბარია როგორც მოკლულებზე, ისე დაჭრილებზე. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა 9 აგვისტოს განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები