აშშ მხარს უჭერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას

12-08-2022 09:42:28 მსოფლიო

შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოწოდებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ, - იუწყება Reuters სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

"ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლა საშიში და უპასუხისმგებლოა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ყველა სამხედრო ოპერაცია უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ან მის მახლობლად, დაუბრუნოს მისი სრული კონტროლი უკრაინას და ასევე მხარი დაუჭიროს უკრაინის მოწოდებებს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

მოგვიანებით, გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის შესახებ ვასილი ნებენზიამ ნიუ იორკში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი იცავს ატომურ ელექტროსადგურს, მათ შორის შესაძლო ტერაქტებისგან.

11 აგვისტოს გაერო–ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მხარეებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის სიახლოვეს.

გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები