"გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება"

12-08-2022 15:50:13 საზოგადოება ,სამართალი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის საქმეს და ბრალდებულის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტს ეხმიანება.

IDFI-ის განცხადებით, იოსებ გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება.

მათივე განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ, რათა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვები არ გაჩნდეს.

ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რეგლამენტით გათვალისწინებული ზედამხედველობის მექანიზმები გამოიყენოს და გოგაშვილის საქმეს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი გაუწიოს. ამასთან, საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, გოგაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

მათივე განცხადებით, პროკურატურამ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, გოგაშვილის მიერ მხილებული, სავარაუდოდ სისტემური დანაშაულების გამოსაძიებლად რა ღონისძიებები მიმდინარეობს.

„იოსებ გოგაშვილის ადვოკატის 11 აგვისტოს განცხადების თანახმად, გოგაშვილმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარა მიიღო. კერძოდ, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდებული „სააბაზანო ოთახში გაიყვანეს და ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე მიუთითეს. უთხრეს, რომ დარეკავდა და ეპასუხა. გოგაშვილმა ტელეფონს უპასუხა. მას შინაგან საქმეთა მინისტრი ესაუბრებოდა. საუბარი მუქარებს შეეხებოდა, იმ შემთხვევაში, თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა. გაეთვალისწინებინა ის ფაქტორები, რა შეიძლებოდა მას და მის ოჯახს დამართნოდა“.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა გამონაკლისის სახით, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის) მიერ, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულის გამოძიების შესაძლებლობას ზღუდავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები წლებია ამ შეზღუდვას უარყოფითად აფასებენ. ამ ხარვეზის გასწორების რეკომენდაცია ასახულია OSCE/ODIHR-ის 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნაშიც.

2022 წლის 16 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოციალური ქსელში გავრცელებული განცხადებით საზოგადოებას აცნობა, რომ მას არჩევნების გაყალბებების დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნდა. ამავე განცხადებით მან სატელევიზიო გამოსვლა დააანონსა. განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში იოსებ გოგაშვილი დააკავეს.

2022 წლის 21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მომზადდა. აღნიშნული მტკიცებულებები ამომრჩეველთა მოსყიდვისა და მობილიზაციის მიზნით სავარაუდოდ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების არაერთ ფაქტზე მიუთითებს. აღნიშნული მტკიცებულებების ნაწილი არის გადამოწმებადი და მათ ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის ავტორმა ორგანიზაციებმა მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია საქართველოს პროკურატურას სრულად გადასცეს.

საქართველოს პროკურატურას ამ დრომდე საზოგადოებისთვის არ უცნობებია, დაიწყო თუ არა ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციის მიზნით სავარაუდოდ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე გამოძიება. მმართველი პარტიის წარმომადგენლების და მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, შესაძლო დანაშაულებრივ სქემაში სავარაუდო ჩართულობა იოსებ გოგაშვილის საქმეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. კერძოდ, როგორც ბრალდებულის უფლებების დაცვის, ისე ამომრჩეველთა ხმების დანაშაულებრივი მეთოდებით მობილიზაციის ჯეროვნად გამოძიების თვალსაზრისით.

გოგაშვილის საქმეზე დეპუტატებმა არაერთი პოლიტიკური განცხადება გაავრცელეს, თუმცა საქართველოს პარლამენტს გოგაშვილის საქმეზე ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება ამ დრომდე არ დაუწყია.

- მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ზედამხედველობის მექანიზმები (მათ შორის, დროებითი საგამოძიებო კომისია, ინტერპელაცია) გამოიყენოს და გოგაშვილის საქმეს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი გაუწიოს;

- მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას გოგაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყოს. ასევე, პროკურატურამ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რა ღონისძიებები მიმდინარეობს გოგაშვილის მიერ მხილებული, სავარაუდოდ სისტემური დანაშაულების გამოსაძიებლად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.