მედიაომბუდსმენმა პარლამენტის ეთიკის საბჭოში ირაკლი კობახიძეზე საჩივარი წარადგინა

12-08-2022 18:11:01 საზოგადოება

მედიაომბუდსმენის განცხადებით, „მთავარი არხის” ჟურნალისტის ნატალი ჯახუტაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამების გამოყენებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაარღვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი წესები".

მედიაომბუდსმენმა საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში საჩივარი წარადგინა, ინციდენტის შესწავლა და სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიზნით, მედიაომბუდსმენმა სახალხო დამცველსაც მიმართა.

პროფესიული საქმიანობის ფარგლებში 2022 წლის 25 ივლისს ჟურნალისტმა პარლამენტის მოქმედ წევრს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაუსვა კითხვა უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადების – „ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“ – შესახებ.

ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა: “კაგებეშნიკი არის მამათქვენი. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. არ გრცხვენია? შენც ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი… სახე დაკარგე, თავი დაკარგე. პოლიტიკა გიღირს ამად? სამარცხვინო ხარ. გულისამრევი. ქალი აღარ ხარ... პირი მოიწმინდე, რომ ლაპარაკობ. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები