პრეზიდენტი ლევიტსი უკრაინაში შეჭრის მომხრე რუსებისთვის ლატვიაში ცხოვრების უფლების გაუქმების ინიციატივით გამოდის

14-08-2022 21:23:31 მსოფლიო

პრეზიდენტი ლევიტსი ეგილს ლევიტსი უკრაინაში შეჭრის მომხრე რუსებისთვის ლატვიაში ცხოვრების უფლების გაუქმების ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, უნდა გაუქმდეს ცხოვრების უფლება და ვიზები მათთვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

"წინა მთავრობები გაუმართლებლად ხელგაშლილები იყვნენ რუსეთის მოქალაქეთათვის ლატვიაში ცხოვრების უფლების მინიჭების თვალსაზრისით", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ლატვიაში 2010 წლიდან მოქმედებდა პროგრამა, რომლითაც რესპუბლიკაში ცხოვრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო უძრავი ქონების მოპოვების ან სხვა ინვესტიციების სანაცვლოდ. ქვეყანამ უცხოელებს. საერთო ჯამში. დროებით ცხოვრების 46 ათასზე მეტი უფლება გასცა. აქედან 10 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. მათმა ნახევარმა ცხოვრების უფლება მოიპოვა ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის მეშვეობით. თუკი გავითვალისწინებთ მუდმივი ცხოვრების უფლების მქონეებსაც, გაზაფხულის მონაცემებით, ლატვიაში რუსეთის 50 000–ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და 120 000–მდე - მოქალაქეობის არმქონე სტატუსით.

14 აგვისტოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავჟიკმა განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობას. მისი თქმით, ევროკავშირში სავიზო რეჟიმის გართულების წინააღმდეგ გამოდიან გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები. ამ ცვლილებას მხარს უჭერენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. ამ საკითხს სავარაუდოდ, განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები