
სოხუმის აეროპორტი რუსეთის სახელმწიფოსა და პუტინის ოლიგარქ დერიპასკას საკუთრებაში გადადის
17/08/2022 10:05:06 კონფლიქტები
სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი რუსეთის სახელმწიფოსა და კრემლის სანქცირებული ოლიგარქის - ოლეგ დერიპასკას კომპანიის საკუთრებაში გადადის. ეს დღეს აფხაზური "ეკონომიკის სამინისტროს" მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებითაც დასტურდება. ტექსტიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის საკუთრებაში რჩება მხოლოდ აეროპორტთან მისასვლელი გზა და ელექტროობის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი. აი, ამის საფუძველზე ირწმუნება "სამინისტრო", რომ "აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფოს საკუთრებასა და მართვაში დარჩება".
რუსულ მხარესთან შეთანხმების დეტალები გუშინ, 16 აგვისტოს, აეროპორტის ტერიტორიაზე რუსეთის ეკონომიკის მინისტრ რეშეტნიკოვის ვიზიტის დროს შემთხვევით გახდა ცნობილი. ერთ-ერთი გადამღები ჯგუფის ოპერატორმა შეძლო, დაეფიქსირებინა დოკუმენტი, რომელიც რუსი ჩინოსნის თანმხლებ აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ/ვიცე-პრემიერ კრისტინა ოზგანს ეკავა ხელში. ის, თუ როგორ აქვთ რუსულ და აფხაზურ მხარეებს დაგეგმილი აეროპორტის გაყოფა, სწორედ აქედან გაირკვა.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, "რუსეთის ფედერაციის ობიექტებად" ფიქსირდება ასაფრენი ზოლი, სადისპეტჩერო და საკონტროლო-გამშვები პუნქტები, "ინვესტორის ობიექტებად" - აეროვაგზლის კომპლექსის შენობა წინამდებარე მოედნით, ხოლო «აფხაზეთის რესპუბლიკის ობიექტებად» – მხოლოდ აეროპორტთან მისასვლელი გზა და ელექტროობის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი.
აფხაზურ "სამინისტროში" ირწმუნებიან, რომ "აეროდრომის კომპლექსის ობიექტები კატეგორიებად სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაფინანსების წყაროს პრინციპითაა დაყოფილი". თუმცა თუ სოცქსელში გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ, აფხაზურ საზოგადოებაში ამის ნაკლებად სჯერათ.
რუსი მინისტრის ვიზიტის შედეგად გაირკვა ასევე, რომ პროექტის ინვესტორი სამრეწველო ჯგუფი «Базовый элемент»-ია. იგი კრემლის ოლიგარქის, სანქცირებული ოლეგ დერიპასკას მიერ კონტროლირებად კომპანიებს აერთიანებს, რომელთა უმრავლესობა კუნძულ ჯერსიზე რეგისტრირებული კომპანია Basic Element Ltd-ს კუთვნილებაშია. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, 100%-ით განეკუთვნება ბრიტანულ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ A-Finance-ს, რომლის ბენეფიციარიც ოლეგ დერიპასკა გახლავთ.
კრემლის ხსენებული ოლიგარქი 2018 წლიდან აშშ-ის სასანქციო სიაში ფიგურირებს. მისი გვარ-სახელი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დოკუმენტაციაში არაერთგზის გვხვდება. 2022 წელს ოლიგარქმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა, თუმცა ევროკავშირის სასანქციო სიაში მაინც მოხვდა.
2017 წელს დერიპასკამ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ წელს სასანქციო სიაში მოხვედრის გამო დაკარგა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ სცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთის ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება, რადგან ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნებოდა. ICAO-მ აეროპორტის კოდის ანულირება მოახდინა და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.