Accentnews.ge
სარჯველაძე - სოხუმის აეროპორტის გასხვისებაზე:"გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით ნულოვანია"

სარჯველაძე - სოხუმის აეროპორტის გასხვისებაზე:"გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით ნულოვანია"

17/08/2022 14:16:51 კონფლიქტები

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უძრავ ნივთებთან დაკავშირებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე არავითარ გარიგებას იურიდიული ძალა არ აქვს, პოლიტიკურად კი ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც, საუბედუროდ, დღეს გვაქვს , - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე სოხუმის აეროპორტის რუსეთის საკუთრებაში დაგეგმილი გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, აღნიშნულის მსგავსი ყველა გარიგება და ტრანზაქცია არალეგალურად მიიჩნევა.

“სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსეთი დღეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო. ის არის ფაქტობრივი მმართველი ტერიტორიებისა, რომელთაც ჰქვია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. ეს დაადასტურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არავითარ გარიგებას უძრავ ნივთებთან დაკავშირებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე სამართლებრივად არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა, აქედან გამომდინარე, ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან როგორ მოხდება მიწის ნაკვეთების გადანაწილება, ეს თვისობრივად, სამართლებრივი თვალსაზრისით, ცვლილებას არ იწვევს. ჩვენთვის ეს ყველა გარიგება, ტრანზაქცია, აქტივობა არალეგალურად მიიჩნევა. ყველას მოუწევს, ეს მხედველობაში მიიღოს. ჩვენთვის ნულოვანია ამ გადაწყვეტილების შინაარსი სამართლებრივი თვალსაზრისით, პოლიტიკურად კი ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც, საუბედუროდ, დღეს გვაქვს. ეს არის მოცემულობა, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება ჰქვია ”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, აუცილებელია თუ არა, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება გააკეთოს, სარჯველაძემ განაცხადა, რომ "საკითხს შეიძლება, პოლიტიკური შეფასება ჰქონდეს, თუმცა ეს საქმიანი თვალსაზრისით, აუცილებელი არ არის".

“პოლიტიკურად არასწორია, როდესაც სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირი საუბრობს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწების, უძრავი ქონების ან ეკონომიკური ობიექტების განკარგვასთან დაკავშირებით, ეს უკანონოა და ამას შეიძლება, პოლიტიკური შეფასება ჰქონდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საქმიანი თვალსაზრისით აუცილებელია, რადგან ყველა ასეთი ტიპის ტრანზაქცია არალეგიტიმურია”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო, როგორც სარჯველაძე აცხადებს, “ეს არ არის უმოქმედობა, ეს არის ჩვეულებრივი, გეგმაზომიერი, რაციონალური პოლიტიკის გატარება”.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტი რუსეთის სახელმწიფოსა და პუტინის ოლიგარქ დერიპასკას საკუთრებაში გადადის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S