
აფხაზური ოპოზიცია:"ბიჭვინთა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რიგშია ენგურჰესი"
29/08/2022 16:33:41 კონფლიქტები
ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აიააირას" კვალდაკვალ აფხაზეტში რუსეთის ე.წ ელჩს მიხეილ შურგალინს ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აიდგილარაც" აკრიტიკებს.
ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აიააირას" კვალდაკვალ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩ მიხეილ შურგალინს ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აიდგილარაც" აკრიტიკებს.
საქმე რუსი დიპლომატის პოზიციას ეხება, რომელიც მან „რია ნოვოსტისთან“ საუბარში გამოხატა ყოფილი სახელმწიფო აგარაკის, „ბიჭვინთის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით.
„აიდგილარა“ „ელჩს“ „კორექტულობისა და სიფრთხილისკენ” მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ბიჭვინთის“ ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა არ შეესაბამება არც აფხაზეთის, არც რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს, ხოლო შეთანხმებაში ჩადებული ნორმები აფხაზეთის “კონსტიტუციას“ ეწინააღმდეგება.
ამასთან, ორგანიზაციაში დარწმუნებულები არიან, რომ “მოქმედების მსგავსი ალგორითმი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რიგშია სხვა ობიექტები - ენგურჰესი, საკალმახე მეურნეობა და აფხაზეთის სხვა აქტივები“.
„აიდგილარა“ კვლავ მოუწოდებს დე ფაქტო „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას, სარატიფიკაციო დოკუმენტი “პარლამენტიდან” გაიწვიოს.
„თქვენი არაკომპეტენტური მოქმედებები აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფით და საშიშ პროცესებს აყალიბებს. ნუ ჩაგვითრევთ ამაში. ძალიან ბევრი უბედურება, ტკივილი და დანაკარგი განვიცადეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მისაღწევად“,- მიმართავენ ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტს.
აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი კავშირი "აიააირა" ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის "ელჩს" მიხეილ შურგალინს უპირისპირდება. მიზეზი რუსი დიპლომატის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ირგვლივ რუსეთ-აფხაზეთის ე.წ შეთანხმებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციაა.
ცნობისთვის: "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ელჩმა" "ბიჭვინთის" რუსეთისთვის გადაცემის ირგვლივ შექმნილ ვითარებას "ზედმეტად პოლიტიზირებული" უწოდა და გააფრთხილა აფხაზური მხარე, რომ "ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციებმა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების სამომავლო განვითარებას შეიძლება, ავნოს". "ბიჭვინთასთან" დაკავშირებულმა ისტორიამ საგრძნობლად წაახალისა აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეები, მათ შორის - ენგურს გადაღმა.. ისინი სიამოვნებით ატრიალებენ ამ სიუჟეტს საკუთარ ინტერესში. "ბიჭვინთის" საკითხის გადაჭრის გაჭიანურება სავარაუდოდ, აისახება რუსეთის სწრაფვაზე, ინვესტირება განახორციელოს ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა აეროპორტის, ტურისტული ობიექტების მშენებლობა, აფხაზური რკინიგზის რეკონსტრუქცია და სხვა" - განაცხადა ე.წ ელჩმა.
ამასთან დაკავშირებით "აიააირაში" განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატი დაკავებულია "ფაქტების აშკარა ფალსიფიკაციით" და არ გამორიცხეს, პრეზიდენტ პუტინს "ელჩის უფლებამოსილების გადახედვისთვის" მიმართონ.
"არაკომპეტენტურობა და არაშორსმჭვრეტელობა, რომლითაც აფხაზეთის მოქმედი ხელისუფლება თქვენთან ერთად ცდილობს რუსეთისთვის "ბიჭვინთის" გადაცემის აუცილებლობის დასაბუთებას, ხელს უწყობს აფხაზეთში ანტირუსული განწყობების ფორმირებას და აფხაზურ საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობების რევიზიისკენ უბიძგებს. ამას აფხაზეთის რესპუბლიკისა და მისი მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მორიგ საფრთხედ განვიხილავთ და ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ პრეზიდენტ პუტინს, როგორც აფხაზეთ-რუსეთის სტრატეგიული ურთიერთობების ერთადერთ გარანტს თხოვნით, გადახედოს მიხეილ ალექსანდრეს ძე სურგალინის უფლებამოსილებას, აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციას წარმოადგენდეს" - ნათქვამია "აიააირას" განცხადებაში.
საზოგადოებრივ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის მოქალაქეთა 80%-ზე მეტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სახელმწიფო აგარაკ "ბიჭვინთისა" და იმ 300ჰა-მდე ფართობის იმ საუკეთესო მიწების გადაცემას, რომელთა ნაწილზეც ეს ობიექტია განლაგებული, ნაწილი კი მის ირგვლივ მდებარეობს სანაპირო ზოლის ჩათვლით.
მანამდე რუსეთის ე.წ ელჩს იმავე საკითხზე შეხვედრის გამართვის თხოვნით აფხაზმა აქტივისტმა ქალებმა მიმართეს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.
იხილეთ ასევე: რუსეთი ბიჭვინთას იფორმებს