იაფი და დაბალტექნოლოგიური: რას შეცვლიან ირანული დრონები

30-08-2022 15:07:19 მსოფლიო ,კომენტარი

ირანმა რუსეთს გაუგზავნა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს ამერიკულ დაზვერვასთან დაახლოებულ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ირანიდან ტვირთი ჯერ კიდევ 19 აგვისტოს წაიღეს.

საუბარია სულ მცირე ორი სახეობის უპილოტო საფრენ აპარატზე, Mohajer-6-სა და Shahed-ზე, რომლებსაც რადიოლოკაციური სისტემების, საარტილერიო დანადგარების და სხვა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იყენებენ. როგორც The Washington Post წერს, ირანული დრონების პირველმა გამოცდამ რუსი სამხედროების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათი ნაწილი ხარვეზიანი აღმოჩნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთი აპირებს ირანისგან შეიძინოს რამდენიმე ასეული აპარატი.

მანამდე კრემლს ჰქონდა მცდელობა, წვდომა ჰქონოდა თურქული წარმოების „ბაირახტარებზე“, რომელთაც უკრაინელები ომში ეფექტურად იყენებენ, თუმცა მწარმოებლისგან უარი მიიღო.

იხილეთ ასევე: ერდოღანის სიძემ რუსეთს "ბაირაქტარების" მიყიდვაზე უარი განუცხადა:"ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს"

სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი თემის კომენტირებისას „აქცენტს“ ეუბნება, რომ ირანული დრონები ბრძოლის ველზე გარდამტეხი ვერ იქნება:

„ირანული დრონები არც ისე მაღალტექნოლოგიურია: მათ წვდომა არ აქვთ თანამედროვე ნავიგაციის და მართვით სისტემებზე, შესაბამისად, ნაკლებად ეფექტურნი არიან. თუმცა პირდაპირი მართვის სიხშირეებით ასე თუ ისე შეუძლია მუშაობა, თუმცა ტაქტიკურ სიღრმეებში. გარდამტეხის მომტანი ვერ იქნება, უბრალოდ რუსეთს ამ მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობა ჰქონდა, დიდი რაოდენობით ჩამოუგდეს რა უკრაინელებმა, წარმოებას ვეღარ ასწრებდნენ და შედარებით დაბალხარისხიანი, დაბალტექნოლოგიური დრონების მომენტალური მიწოდება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. პარალელურად კი დასავლეთიდან, განსაკუთრებით შეერთებული შტატებიდან უკრაინულ ძალებს აწვდიან ძალიან თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემებს. საუბარია ჩამხშობებზე და აქტიური ზემოქმედების სისტემებზე, რომლებიც ამ დრონების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად იმუშავებენ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები