
სამხედრო ექსპერტი – ხერსონთან შეტევებზე: „ეს არის ძალების ერთგვარი მოსინჯვა“
30/08/2022 12:43:39 კომენტარი
ეს არის ბრძოლითი, დაზვერვის ელემენტებით გაჯერებული ძალების ერთგვარი მოსინჯვა,– ამგვარად აფასებს „აქცენტთან“ 29 აგვისტოს ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტივობას სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი.
„გუშინ რაც ხდებოდა, ეს იყო მცირე ინტენსივობის, ბრძოლითი დაზვერვის ტაქტიკის გამოყენებით, ლოკალური დონის ტაქტიკური შეტევები. მიზანი იყო, მოესინჯათ რუსული ძალების განლაგება, მდგომარეობა ... ძირითადად არტილერია მუშაობდა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებით“,– ამბობს ინაშვილი.
ექსპერტი განმარტავს, რომ ხსენებული მიმართულებით ოკუპანტებს თავდაცვის სამი ხაზი აქვთ მოწყობილი. მართალია, პირველის გარღვევის შესახებ იუწყება მედია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია მეორე და მესამე ხაზების გარღვევა.
ექსპერტს არ აკვირვებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინული მხარის დუმილი, ვინაიდან, ოპერაციები ნახევრად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მის წარმატებას ემსახურება, ხოლო ზედმეტი ინსინუაციები არ წაადგება უკრაინული მხარის ინტერესებს.
ამასთან, მისი ხედვით, ქალაქზე ძირითადი შეტევა შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე განხორციელდეს, თუმცა მაღალი შანსია, ეს წლის ბოლომდეც მოხდეს და მანამდე მიმდინარეობს ძალების მოსინჯვა:
„ხერსონიდან ნიკოლაევამდე გაშლილი რელიეფია და აქ არიან რუსული ძალები განლაგებული. ზოგ ადგილებში დასახლებული პუნქტებია, თუმცა ძირითადად გაშლილი ტერიტორიაა და ჩასანგრებული არიან პოზიციებზე. ჯერ ეს ძალები უნდა გამოიფიტოს, მოხდეს განდევნა და შემდეგ იქნება ქალაქზე შეტევა.
გახსოვთ, „ჰაიმარსების“ გამოყენებით ხდებოდა უკრაინელების მხრიდან ხიდებზე დარტყმები. გადასასვლელი ხიდები მწყობრიდანაა გამოსული, ტექნიკის გატარება აღარ შეუძლია, მხოლოდ ცოცხალი ძალა მოძრაობს და ფაქტობრივად, ამ ძალებისთვის ლოჯისტიკური მომარაგების 90% შეჩერებულია და ეს 15 000 – კაციანი დაჯგუფება ნაწილობრივ მოწყვეტილია ძირითად ბერდიანსკი–მელიტოპოლის მიმართულებით დისლოცირებულ დაჯგუფებას. ხიდებზე დარტყმები და ლოჯისტიკური ხაზების განადგურება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ეს კონკრეტული ძალები დასუსტებულიყვნენ. ზურგი ერთგვარად მოუშიშვლეს და ახლა უფრო მარტივი გასანადგურებელი და განსადევნია ამ ტერიტორიიდან“.
რაც შეეხება რიგი ექსპერტის შენიშვნას იმის თაობაზე, რომ მაგალითად მარიუპოლის ასაღებად რუსებს სამი თვე დასჭირდა და დიდი მსხვერპლიც დაუჯდათ, უკრაინა კი თავს ამხელა მსხვერპლის გაღების უფლებას ვერ მისცემს, ექსპერტი შენიშნავს, რომ მარიუპოლის დამცველების და ოკუპანტების მოტივაცია განსხვავებულია – რუსებს არანაირი სულისკვეთება არ აქვთ, ბოლომდე იბრძოლონ ხერსონის დასაცავად და მეორე – ქალაქის აღება აპრიორი არ ნიშნავს ცოცხალი ძალის შეწყვეტას:
„შესაძლოა, ვიდრე ქალაქზე შეტევა დაიწყება, მთელი რიგი პოზიციები იქნას საარტილერიო ცეცხლით და საავიაციო საშუალებებით დამუშავებული, ზურგი მოშიშვლებული, ლოჯისტიკური მომარაგება მთლიანად განადგურებული და იმ კონკრეტულ პოზიციებზე არსებული რუსული ქვედანაყოფები თავად დაიხევენ უკან. შესაძლოა, ქალაქი უბრძოლველადაც კი ჩააბარონ. ამის შანსებიც არსებობს“.
ერთადერთი, რასაც ამჟამად რუსეთი ეყრდნობა, ექსპერტის დაკვირვებით, ეს არის საარტილერიო სისტემების მაღალი რაოდენობა, დიდი რაოდენობით ავიაცია და ცოცხალი ძალა:
„მათ პრობლემა აქვთ მაღალი დონის სპეციალისტების კუთხით, ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის რაოდენობაშიც. აქ იგულისხმება ფრთოსანი და ტაქტიკური რაკეტები და ა.შ. საბჭოთა წარმოების მართვადი რაკეტები აქვთ, მაგრამ მოძველებულია, ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული და მაღალი სიზუსტე არ აქვთ. თანამედროვე რაკეტების, როგორიცაა „კალიბრი“, „ისკანდერი“, რაოდენობა შეზღუდულია. არსებული ინფორმაციით, „კალიბრის“ და „ისკანდერის“ მარაგების 40%–იღაა დარჩენილი, 60–65% გახარჯეს უკრაინაში. ეს ის საშუალებებია, რომელთა საშუალებითაც, უკრაინის ოპერატიულ სიღრმეებში შეუძლიათ მიაყენონ ზუსტი სარაკეტო დარტყმები, რასაც პირველ დღეებში ახორციელებენ. ამჟამადაც ახდენენ, თუმცა მცირე ინტენსივობით. ძირითადი დატვირთვა მოდის საარტილერიო სისტემებზე“.
რაც შეეხება ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდებას, ინაშვილი არ ელის, რომ მათ ბრძოლის ველზე გარდატეხა მოახდინონ:
„ირანული დრონები არც ისე მაღალტექნოლოგიურია: მათ წვდომა არ აქვთ თანამედროვე ნავიგაციის და მართვით სისტემებზე, შესაბამისად, ნაკლებად ეფექტურნი არიან. თუმცა პირდაპირი მართვის სიხშირეებით ასე თუ ისე შეუძლია მუშაობა, თუმცა ტაქტიკურ სიღრმეებში. გარდამტეხის მომტანი ვერ იქნება, უბრალოდ რუსეთს ამ მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობა ჰქონდა, დიდი რაოდენობით ჩამოუგდეს რა უკრაინელებმა, წარმოებას ვეღარ ასწრებდნენ და შედარებით დაბალხარისხიანი, დაბალტექნოლოგიური დრონების მომენტალური მიწოდება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. პარალელურად კი დასავლეთიდან, განსაკუთრებით შეერთებული შტატებიდან უკრაინულ ძალებს აწვდიან ძალიან თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემებს. საუბარია ჩამხშობებზე და აქტიური ზემოქმედების სისტემებზე, რომლებიც ამ დრონების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად იმუშავებენ“.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამჟამად თითოეული დღე უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ხმარდება:
„რუსულ ძალებს წინსვლა დიდი ხანია, აკლია. ორიოდ სოფელს დაიკავებენ, შემდეგ კვლავ დაკარგავენ – სერიოზულად არის დავარდნილი საბრძოლო მოქმედებების ტემპი. იმის გამო, რომ ლოჯისტიკური კვანძები და მომარაგების ხაზები გაუნადგურეს უკრაინელებმა, ძალიან გართულებული აქვთ წინა ხაზზე საბრძოლო მასალის მიწოდება. შესაბამისად, სერიოზულად არის შემცირებული რუსული არტილერიის მხრიდან დარტყმების ინტენსივობა. ბევრად უფრო ინტენსიური იყო დარტყმები, ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში „ჰაიმარსები“ გამოჩნდებოდა. რუსული ავიაციაც ძალიან შეზღუდულად მუშაობს“.
მისი თქმით, მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემების მიწოდება უკრაინისთვის მატულობს, ყოველდღიურად ხდება ახალი პაკეტების დაინიცირება, ასევე წინაა ლენდლიზის პროგრამა და როდესაც ის ამოქმედდება, მოხდება იმ შეიარაღების მიწოდება, რომელსაც შეიარაღებული ძალები მოითხოვს:
„ახლა საუბარია, რომ საზღვაო გზებით მოხდეს შეიარაღების შეტანა უკრაინაში, რაც მიწოდებული შეიარაღების რაოდენობას სერიოზულად გაზრდის და მნიშვნელოვანი სახეობის მძიმე ტექნიკის მიწოდებაც იქნება შესაძლებელი. შეიარაღების მიწოდების ტემპი ყოველ დღე მატულობს და ეს იქნება გადამწყვეტი უკრაინის გამარჯვებისთვის.
უკრაინისთვის ომში გარდატეხის მომენტი დადგება მაშინ, როდესაც მოხდება დამატებითი ბრიგადების, ცალკეული ბატალიონების ფორმირება. მაგალითად, ამჟამად დიდ ბრიტანეთში გადიან სწავლებას უკრაინელები და დაკომპლექტდებიან დასავლური ტექნიკით. ამ მასშტაბის კონფლიქტში ცოცხალი ძალა მაინც და მაინც ბევრს არაფერს წყვეტს, ყველაფერს წყვეტს კონკრეტული კრიტიკული რაოდენობის მძიმე ტექნიკა და კონკრეტული ხარისხის, რომლის ათვისებას უკრაინელების მხრიდან და მიწოდებას დრო სჭირდება. ამჟამად უკრაინელი პილოტების მომზადება მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში ეფ–15 და ეფ–16 გამანადგურებლებზე, რომლებიც გარდატეხაში დიდ როლს შეიტანენ. ეს გამანადგურებლები უკრაინელებს სერიოზულ უპირატესობას მისცემენ ჰაერში, ასევე სახმელეთო კომპონენტთან მიმართებით – ხმელეთზეც შეუძლიათ ზუსტი დამიზნების ბომბებით მასიური დარტყმების განხორციელება მთელ რიგ მიმართულებებზე და რუსული ძალებისთვის ძალიან სერიოზული დარტყმების მიყენება. ამდენად, ვფიქრობ, უკრაინის მხარეს ამერიკული მრავალფუნქციური გამანადგურებლების გამოჩენა სეროზული გარდამტეხის შემტანი იქნება. სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოსკენ გამოჩნდებიან“.
მისი ხედვით, ზამთარში კონფლიქტი ერთგვარად გაიყინება და ორივე მხრიდან იქნება სარაკეტო სისტემებით დარტყმები:
„სატანკო შეტევები ალბათ აღარ იქნება, თუმცა იმუშავებს არტილერია და ეცდებიან, რომ გაზაფხულამდე მაქსიმალურად დაასუსტონ ერთმანეთის ზურგები. როდესაც ასეთი დიდი შეიარაღებული ძალები უპირისპირდება ერთმანეთს, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორ მუშაობს ლოჯისტიკა“.