Accentnews.ge
რუსეთ-აფაზეთის დაპირისპირება მწვავდება, სოხუმიდან ელჩის გაწვევას მოითხოვენ

რუსეთ-აფაზეთის დაპირისპირება მწვავდება, სოხუმიდან ელჩის გაწვევას მოითხოვენ

30/08/2022 14:49:39 კონფლიქტები

აფხაზური საზოგადოების დაპირისპირება რუსეთის საელჩოსთან ძალას იკრებს. ახალი ელჩის გამონათქვამებით უკმაყოფილო მოქალაქეები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან მიხეილ შურგალინის გაწვევას მოითხოვენ.

დიპლომატი, რომელიც რუსეთის საელჩოს მიმდინარე წლის მაისში ჩაუდგა სათავეში, მანამდე მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ის ქვეყნების IV დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თავად ეს დეპარტამენტი კი აფხაზეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს კურირებს.

შესაბამისად, შურგალინის სამუშაო გამოცდილება წესით, უნდა დაჰხმარებოდა დაძაბულობის მოხსნას რუსეთის საელჩოსა და აფხაზურ საზოგადოებას შორის, - ყოველ შემთხვევაში, ამას იმედოვნებდა მოსახლეობა იმის გათვალისწინებით, რომ დიპლომატი აფხაზეთში წარგზავნამდე უშუალოდ იყო დაკავებული ორმხრივი ურთიერთობების თემატიკით. თუმცა შურგალინმა ყველა გააოცა – და არა მარტო აფხაზური კანონმდებლობის, არამედ დიპლომატიის საწყისების არცოდნითაც, რომელიც, როგორც ცნობილია, ხალხებს შორის კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.

მიხეილ შურგალინამდე აფხაზეთში რუსეთის ორმა ელჩმა იმუშავა – სემიონ გრიგორიევმა და ალექსეი დვინიანინმა. ეს უკანასკნელი რესპუბლიკიდან ვადაზე ადრე გაიწვიეს. მიზეზები ოფიციალურად არავის განუმარტავს, თუმცა რესპუბლიკაში მოარული ხმების თანახმად, მიზეზად რუსი დიპლომატის ზედმეტი სიხისტე და აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევა იქცა.

მიხეილ შურგალინმა ამ თვალსაზრისით ყველა წინამორბედს გადაუსწრო. ამასწინათ “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის ხალხზე ზრუნვის ლამაზ საფარქვეშ მან გამოთქვა რიგი საყურადღებო თეზისები, რომლებიც არა მარტო რესპუბლიკის კონსტიტუციას არღვევს, არამედ მოსახლეობის გრძნობებსაც შეურაცხყოფს. მოვიყვან რამდენიმე მათგანს:

“ბევრის მოტივების გულწრფელობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ ხსენებული შეთანხმების მოწინააღმდეგეთა ნაწილს ამოძრავებს სწრაფვა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მაქსიმალურად ავნონ…";

"… როგორც ელჩმა, მინდა, გაგაფრთხილოთ, რომ ამ თემით პოლიტიკურმა სპეკულაციებმა შესაძლოა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთქმედებას ზიანი მიაყენოს...";

"აფხაზეთში ყველა აცნობიერებს, რო “ბიჭვინთის” ირგვლივ ისტორიამ შესამჩნევად შთააგონა რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ურთიერთობების განმტკიცების მოწინააღდეგეები, რომლებიც, მათ შორის – ისინიც, ვინც ენგურს გაღმაა, სიამოვნებით მუსირებენ ამ სიუჟეტს საკუთარ ინტერესებში".

რუსეთის ელჩის გამონათქვამებს რეაქცია ელვისებური სისწრაფით მოჰყვა. აფხაზეთის მოქალაქეებისა და ვეტერანების კავშირმა “აიააირამ” გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ელჩის საქმიანობა, არც მეტი, არც ნაკლები, “აფხაზეთის რესპუბლიკისა და მისი მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ” შეაფასა.

“… აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილის ამ გზით დადანაშაულება და ფაქტების აშკარა დამახინჯება თქვენამდე რუსეთის ოფიციალურ პირთაგან არავის მოსვლია თავში”, - ნათქვამია ტექსტში.

ავტორების განცხადებით, არაკომპეტენტურობა და არაშორსმჭვრეტელობა, რომლითაც აფხაზეთის მოქმედი ხელისუფლება რუსეთის ელჩთან უნისონში რუსეთისთვის სახელმწიფო აგარაკ “ბიჭვინთის” გადაცემის აუცილებლობის დასაბუთებას ცდილობს, ხელს უწყობს ანტირუსული განწყობების ზრდას და აფხაზურ საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობების რევიზიისკენ უბიძგებს.

«გაბედეთ, “აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ურთიერთობების მოწინააღმდეგეები” გეწოდებინათ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის? გამაოგნებელია პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და სითამამე, როლითაც აფხაზეთის ხალხი გააიგივეთ “მათთან, ვინც ენგურს გაღმაა და ამ სიუჟეტს საკუთარ ინტერესებში მუსირებს», - ნათქვამია მიმართვაში.

ესოდენ სერიოზული და აგრესიული განცხადებები აფხაზეთში რუსეთის საელჩოს არსებობის მრავალი წლის განმავლობაში არასოდეს ყოფილა. ეს ფაქტი, ისევე, როგორც ჩვენი რესპონდენტების მოსაზრებები სტრატეგიული მოკავშირისადმი უნდობლობისა და რუსეთ-აფხაზეთის დაპირისპირების ზრდაზე მეტყველებს.

«წლობით გვაჩვევდნენ იმას, რომ ხმა არ ამოგვეღო, რაც არ უნდა ეკეთებინათ რუსებს. გვაშინებდნენ, რომ რუსეთი წამში გაგვანადგურებდა, თუ წინააღმდეგობას გავუწევდით. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ისინი იღებენ ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებებს და აზრს აღარც გვეკითხებიან. ეს უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ მიწაზე სტუმრებად ვიქცევით!», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე სამსონი.

«როცა პირობით რუბლად რუსებს ჰექტრობით მიწას აძლევდნენ სამხედრო ბაზებისთვის, ბევრი ჩვენი მოქალაქე აღფრთოვანებული იყო და გაჰყვიროდა, რომ ეს ჩვენს სასიკეთოდ კეთდებოდა. როცა ვიღაც რუს ჩინოსნებს ჰექტრობით მიწას სჩუქნიდნენ, იგივე ხდებოდა. ახლა რა გამოდის? - გვთხოვენ, რუსებს მთელი აფხაზეთი გადავცეთ? და ვისთვის იქნება ეს სასიკათო – მათთვის თუ ჩვენთვის?! დავიჯერო, კიდევ არსებობენ ჩვენში ადამიანები, რომელთაც არ ესმით, რომ რუსეთი სამშობლოს გვართმევს?! მალე უსახლოდ დავრჩებით!», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი მარია.

«როცა რუსულ პასპორებს გვირიგებდნენ, პენსიებისა და შემწეობების გადახდა დაიწყეს, ვამბობდი, რომ ეს სიკეთით არ დასრულდებოდა. მაგრამ დამშეულ ხალხს გაუხარდა ეს შესაძლებლობა, რამენაირად მაინც ერჩინა თავი და არავის უფიქრია, რა შედეგით შეიძლებოდა, დასრულებულიყო რუსების ასეთი ქველმოქმედება. ეხლა რუსეთი ფასის გადახდას გვთხოვს – წინაპრების მიწას!”, - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე სტელა.

«როგორ გაბედა ელჩმა, სამშობლოს მოღალატეებს შევედარებინეთ?! ეს რა ტონია? ვინ მისცა უფლება, აფხაზეთის მაცხოვრებლებს ამ ტონით ესაუბროს?! დავიჯერო, რუსეთში გამოელიათ გონიერი და პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც ძალუძთ, შეაჩერონ ეს განუკითხაობა?», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი გენადი.

«რუსეთი ცდილობდა ჩვენს შეთრევას თავის შემადგენლობაში, მაგრამ მაშინ წინააღმდეგობა გავუწიეთ. მათაც პირობებს გადახედეს და საკითხის გადაჭრისადმი მიდგომა შეიცვალეს: გადაგვაგდეს ვალებში, ხაფანგში შეგვიტყუეს ლამაზი ზღაპრებით ნათელი მომავლის თაობაზე და ახლა, გამოდის, ნებისმიერ მათ ხუშტურს უნდა დავემორჩილოთ? და სად გაქრა რუსეთის ვალდებულებები, რომელიც მას მთელი მსოფლიოს გასაგონად აქვს გაჟღერებული? გამოდის, რუსებს იმთავითვე ჰქონდათ აფხაზეთის ხელში ჩაგდებისა და აფხაზების საკუთარი მიწიდან აყრის გეგმა», - აღშფოთებულია ჩვენი თანამოსაუბრე რუფინა.

მთლიანობაში, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში ბზარი გუშინ არ გაჩენილა. ელჩმა შურგალინმა მხოლოდ გაახმოვანა მისთვის მოსკოვში მიცემული მითითებები და მხოლოდ გაამძაფრა ისედაც არსებული უთანხმოება. ყველას ახსოვს, რომ აფხაზური მხარის მთავარი უკმაყოფილება დაიწყო იმ პერიოდში, როცა რუსეთი აფხაზური კანონმდებლობის რუსულთან ჰარმონიზებას შეეცადა. ჯერ კიდევ მაშინ არაერთი ექსპერტი და საზოგადო მოღვაწე საუბრობდა რისკებზე, რომლებიც შესაძლოა, დამღუპველი ყოფილიყო რესპუბლიკისთვის. მაგრამ მათ ცოტა თუ უსმენდა. ჰარმონიზების გეგმა ნელა, მაგრამ მტკიცედ ისხამდა ხორცს და მის საბოლოო შედეგად, მაღალი ალბათობით, იქცევა აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული.

აფხაზეთში ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვისაც სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქმის კურსში არაა რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მსგავსი რამ შეუძლებელია. თუმცა რომც წარმოვიდგინოთ, რომ პუტინს ეხლა აფხაზეთისთვის არ სცხელა, მაშ ვინ არეგულირებს ამ საკითხს და რატომ უბიძგებს ეს “ვიღაც” აფხაზებს განადგურების გზისკენ?

ასეა თუ ისე, ვითარება სავალალოა. ერთ მხარეს არიან აფხაზები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მზადაა, შეაკვდეს, მაგრამ რუსებს სამშობლო არ გაანადგურებინოს, ხოლო მეორე მხარეს – რუსები, რომელთაც არც აფხაზები ადარდებთ, არც მათი სწრაფვა, აშენონ საკუთარი მომავალი. კრემლს მკაფიო გეგმა აქვს და აფხაზებისთვის მასში მდუმარე უუფლებო თოჯინების როლია განსაზღვრული.

კრისტინა ავიძბა

________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S