
ომის 189–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
31/08/2022 06:41:14 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 48 000–მდეჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უწყების ცნობით, 31 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის დანაკარგები ასე გამოიყურება:
- პირადი შემადგენლობა – 47 900 (+350 გასულ დღე–ღამეში),
- ტანკი – 1 974 (+20),
- ჯავშანტექნიკა – 4 312 (+18),
- საარტილერიო სისტემა – 1 091 (+12),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 285 (+3),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 152 (+1),
- საბრძოლო თვითმფრინავი – 234,
- ვერტმფრენი – 204,
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 849 (+2),
- გემი/ნავი – 15,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3 236 (+19),
- სპეცტექნიკა – 103,
- ფრთოსანი რაკეტა – 196.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი ზარალი დონეცკისა და კურახოვის მიმართულებით განიცადეს.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს ფრონტის ხაზის გადაადგილება სამხრეთით და რუსეთის ფედერაცია სავარაუდოდ, შეეცდება ამ ტერიტორიების გაძლიერებას სარეზერვო ნაწილებით.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები 29 აგვისტოდან აგრძელებენ შეტევას რუსული არმიის სამხრეთ დაჯგუფებაზე რამდენიმე მიმართულებით:
"უკრაინულმა ძალებმა ზოგან უკან გადასწიეს ფრონტის ხაზი, ისარგებლეს რა იმით, რომ იქ რუსული თავდაცვის ხაზი შედარებით თხელია. რუსეთის ფედერაცია, მისი დოქტრინების მიხედვით, ახლა ალბათ შეეცდება "ხვრელების ჩაკეტვას" სპეციალური მობილური რეზერვითი ჯგუფებით. მათ შორის, დიდი ალბათობით, იქნება აღმოსავლეთის ძალების ჯგუფიც“, - ნათქვამია 31 აგვისტოს მიმოხილვაში.
დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ეძებს ვარიანტებს უკრაინის წინააღმდეგ გადასროლილი ძალების გასაძლიერებლად. სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ გაიგზავნება ახლადშექმნილი მე-3 არმიის კორპუსის „მოხალისეთა ბატალიონები“, რომლებიც 24 აგვისტოს მოსკოვის მახლობლად მდებარე ბაზიდან დაიძრნენ.
"ამ ქვედანაყოფების ოპერატიული ეფექტურობა უცნობია. მე-3 არმიის კორპუსი, სავარაუდოდ, არასაკმარისია – ამ მებრძოლებმა შეზღუდული მომზადება გაიარეს".