პრეზიდენტი გაერო–ში ელჩად ბაქრაძის დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა რატომ მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას არ განმარტავს
31/08/2022 11:04:59 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო–ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა რატომ მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას არ განმარტავს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად, ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის განკარგულებით, 30 აგვისტოს გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობიდან შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ 39, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია სულავამ.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ დავით ბაქრაძე გაერო–ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის. როგორც იმნაძე სოციალურ ქსელში წერს, იგი კანადაში საქართველოს ელჩი იქნება.
დავით ბაქრაძის გაერო–ში დანიშვნას პრეზიდენტმა თავის დროზე, ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. ამ ფაქტს ქართული ოცნებასა და ზურაბიშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა.
იხილეთ ასევე: პრეზიდენტი – დავით ბაქრაძის ელჩად წარდგენაზე გაერო–ში: "წავიდეს სხვაგან"


