მდინარაძე – ბაქრაძის დანიშვნაზე: "სამწუხაროა, რომ მთავრობას კომპეტენციის და ჩარჩოების შესახებ მითითებები დასჭირდა"
31/08/2022 12:00:00 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი მამუკა მდინარაძე გაერო–ში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშნვას ეხმიანეება და აცხადებს, რომ "სამწუხაროა, რომ მთავრობას კომპეტენციისა და ჩარჩოების შესახებ პრეზიდენტისთვის მითითებები დასჭირდა".
"პრეზიდენტი მისი კომპეტენციისა და კონსტიტუციის ფარგლების შესაბამისად მოიქცა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას დასჭირდა ამ კომპეტენციის და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი – კონსტიტუციაში წერია ყველა კონსტიტუციური ორგანოს და ყველა კონსტიტუციური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ და ეს ყველაფერი არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. არის კონკრეტული კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას და ასეც მოიქცა. ჩვენი ოპონენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერ ქმედებას არქმევენ მძევლობას", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო–ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა რატომ მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას არ განმარტავს.
იხილეთ ასევე: "წავიდეს სხვაგან!“: რატომ შეცვალა ზურაბიშვილმა პოზიცია.


