
ბრეგაძე: "ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრს, რომ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა"
01/09/2022 09:16:11 პოლიტიკა, სამართალი
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.
"როგორც მოგეხსენებათ, იგი რამდენიმე თვეა, იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. გვსურს, მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში მას არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე გორში. მთელს ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან ის გაეწია“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
30 აგვისტოს სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება საქმის გაჭიანურებას ემსახურება.