
„ძალიან მენიშნა“: რას ფიქრობენ დანარჩენ საქართველოში სოხუმის ინიციატივაზე
02/09/2022 17:42:58 კონფლიქტები
სოხუმში ენგურის ხიდის გავლით ტვირთების ტრანზიტის დაწყების ინიციატივით გამოდიან. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური შეხვედრა, რომელზეც ეს საკითხი განიხილებოდა. შეკრებას სხვადასხვა უწყებების, მათ შორის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ინფორმაციისთვის: 2008 წელს აფხაზეთში დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე ტვირთების გადაადგილება სრულად აკრძალეს. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საქონელი და პროდუქტი პირადი მოხმარებისთვის.
ცნობა ჯერ კიდევ გასულ კვირას გამართული შეხვედრის თაობაზე Telegram-არხ RESPUBLICA-ს მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ - ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ტვირთების ტრანზიტის საკითხების გადასაჭრელად სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე ვალერი პაპბა უხელმძღვანელებს.
"სამუშაო ჯგუფმა განსაზღვრა, რომ მსგავსი ტრანზიტი აუცილებელია და პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ენგურის გადასასვლელზე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია მისცა" - განაცხადა ინალ ხაშიგმა.
ამასთან, ქართულ მხარესთან კონსულტაციები, მისი ინფორმაციით, არ წარმოებს, რადგან "აფხაზეთი თავად წყვეტს, რომელი ტვირთები შემოდის და გადის ჩვენი ტერიტორიიდან".
"ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიქეცით ჩიხად. მთელი საქონელი ერთი მარშრუტით გადაადგილდება: აფხაზეთიდან რუსეთში და პირიქით. არავითარი შემოსავალი აფხაზეთს აქედან პრაქტიკულად, არ მიუღია. 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და რუსეთს უამრავი სანქცია დაუწესდა, გლობალური ტრანსფორმაცია განიცადა ლოჯისტიკამ და ლოჯისტიკურმა ცენტრებმაც. ახლა, როცა ახალი ლოჯისტიკური მარშრუტების ორგანიზების პროცესი მიმდინარეობს, ვუცქიროთ, როგორ მიცურავს ჩვენგან რეალური შემოსავალი, რომელიც ესოდენ სჭირდება აფხაზეთს, უბრალოდ სიბეცეა. მით უფრო, რომ რუსეთი ევრკავშირის სანქციების ქვეშაა, თურქული მიმართულება ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო ჰაბად იქცევა, ყოველ შემთხვევაში - ჩვენს რეგიონში. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აფხაზეთი შეძლებს, მიიღოს სხვადასხვა სატრანზიტო საქონელი სომხეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდანაც. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გაგვაჩნია სახსტანდარტი, რომელმაც ამ საქონლის სერტიფიცირება აფხაზური წესებით უნდა განახორციელოს" - განუცხადა ხაშიგმა RESPUBLICA-ს.
პროცესზე დამკვირვებელთა აზრი დანარჩენ საქართველოში ორად გაიყო. მაგალითად, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია დარწმუნებულია, რომ აფხაზებმა და რუსებმა საქართველოს წინააღმდეგ საშიში პროცესი წამოიწყეს, არსებობს რა, მისი ხედვით, აფხაზეთის სატრანზიტო ზონად გადაქცევის სახიფათო გეგმა:
„სეპარატისტების მიზანია, აფხაზეთის ტერიტორია გახდეს ტრანზიტული ზონა, სადაც საქონლის სერტიფიცირება მოხდება მათი წესებით, ტრანზიტის გადასახადი გადახდილი იქნება აფხაზეთში. ყველა საგადასახადო საბუთი, რომელიც დამოწმებული იქნება მათი ბეჭდით, იქნება „აღიარებული“ როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის მიერ გაცემული დოკუმენტი. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ისინი გააკონტროლებენ ტვირთს და თავად გადაწყვეტენ, რა ტვირთი გაუშვან რუსეთში და რა - არა. რუსეთი ცდილობს, აფხაზეთის გავლით მოიძიოს ახალი გზა ტვირთებისთვის, ამით ერთი მხრივ, „გაამყაროს“ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ და მეორე მხრივ, აქციოს ეს გზა უკონტროლო გზად - კონტრაბანდისთვის. ამ მექანიზმის ამუშავება ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბად აღიარებას!“.
მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არც ერთ შემთხვევაში არ წავიდეს ამ მოლაპარაკებაზე, არ მოხდეს არანაირი დათმობა ამ მიმართულებით.
განსხვავებული ხედვა აქვს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს: იმავეს ამბობდნენ [აფხაზები] 2020 წლამდე – ვიდრე ყარაბაღის ომი დაიწყებოდა. ასე ხმამაღლა არა, მაგრამ ამბობდნენ, „დავილაპარაკოთო“ და ჩვენ ყველაფერი ჩავუგდეთ, ეს რუსულ პროექტს დავაბრალეთ. ისინი მართლაც ხედავენ, რომ მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა და გამოსავალს ეძებენ. ამიტომ, პირდაპირ ამბობენ, რა თემებზე შეიძლება, იყოს ლაპარაკი ქართულ მხარესთან. ცხადია, ამას დადებითად ვაფასებ, მაგრამ აჟიტირებულებმა კი არ უნდა მივიღოთ, მათთან ერთად დავსხდეთ, ვილაპარაკოთ – რას გულისხმობენ? რომ ეს არ უნდა იყოს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება; რომ უნდა იყოს მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება და ჩვენ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, თურქეთიც დავრწმუნდებით, რომ აქ ადგილი არ აქვს სანქციების გვერდის ავლის პროცესს, ბუნებრივია, უნდა დავთანხმდეთ არა შემოთავაზებაზე, არამედ განხილვაზე. აქ ჩვენი ინტერესები უნდა ჩავდოთ. ნუ გვაშინებს ინიციატივები რომ მოდის ხოლმე აფხაზეთიდან. ან უარვყოთ, მაგრამ არა ხელაღებით, „ეს რუსული პროექტიაო“ (როგორც ლილუაშვილმა უარყო ყარაბაღის ომამდე. დასცინა აფხაზებს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო რუსული პროექტი. მოგვიანებით აფხაზურმა პრორუსულმა ოპოზიციამ ამოაღებინა თავიანთი „კონცეფციიდან“ საქართველოსთან ურთიერთობები), არამედ განხილვის შემდეგ. მე ძალიან მენიშნა, სერიოზულ ამბად ჩავთვალე, რადგან სპეციალური კომისია შეიქმნა და სულ მცირე, დალაპარაკებაა საჭირო ოთხ–ხუთჯერ მაინც. როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უკრაინა–რუსეთს შორის? რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა და მიხვდნენ უკრაინელები, რომ აზრი არ ჰქონდა შეხვედრას. ამას რომ მიხვდე, შეხვედრები უნდა გამართო! უკრაინელებმა კარგად შეისწავლეს, რა უნდოდა რუსეთს. ასეთივე უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულებაც. უარის თქმა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ იმთავითვე უარის თქმა არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს და იმაზე, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რა გინდა აფხაზური მხარისგან.
– საუბარია სატრანზიტო ტვირთებზე. მაგალითად, სომხეთიდან შემოვიდეს საქართველოში, შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შემდეგ გადავიდეს რუსეთში...
– დღეს ხომ ლარსის გავლით ისედაც მოძრაობს თურქული და სომხური ტვირთები?! საუბარია, გაიხსნას ახალი დერეფანი. გვაწყობს ჩვენ ამ ახალი დერეფნის გახსნა? მით უფრო, რომ ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი რუსეთთან ამ დერეფნების შესახებ როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით. ანუ სამართლებრივი ბაზა ამისა უკვე არსებობს.
– თქვენ საუბრობთ 2011 წელს ხელმოწერილ დოკუმენტზე „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ”. ამ დოკუმენტის იმპლემენტაცია არ განხორციელებულა...
– გეთანხმებით, არ განხორციელებულა, მაგრამ არც დახურულა – ჰაერშია „გამოკიდებული“. თუ ვაპირებთ ამ ხალხის რაღაცნაირად ჩვენზე მობმას, მათი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს სუვერენიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მეტად ჩავრთოთ ისეთ პროექტებში, სადაც მოდიან, რათა ცოტა მაინც მოახდინონ დისტანცირება რუსეთისგან, რა არის ამაში ცუდი?! ნებისმიერ შემთხვევაში ეს სამსჯელო საკითხია. კარგია, რომ ჩვენ საჯაროდ ვმსჯელობთ, მაგრამ ამას თბილისი და სოხუმი უნდა ახორციელებდნენ. თუ იქნება უარყოფილი რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, უნდა ითქვას, რომ იყო საინტერესო ინიციატივები, მაგრამ რეალიზაციის ან ა.შ. მიზეზთა გამო ვერ შევთანხმდითო. მაგრამ ამ ყველაფერზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მე მეტ–ნაკლებად კონკრეტული პასუხი არ მომისმენია და ძალიან დამწყდება გული, თუ პირდაპირ უარს იტყვიან. საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევდი, ახლა მაინც მოეგონ გონს (აფხაზეთიდან 2020 წლამდე წამოსული შეტყობინებები არ აინტერესებდათ), მათთან ლაპარაკი დაიწყონ და შესაძლოა, აქედან რაღაც „გამოდნეს“. „მზად ვართ, განვიხილოთ“ არ ნიშნავს, „მზად ვართ, დავეთანხმოთ“ – მათ შორის დიდი სხვაობაა! მე მათი ამგვარი შეტყობინება დადებითად მენიშნა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მომეწონებოდა მოლაპარაკების პროცესში რომ ვყოფილიყავი ჩართული. შესაძლოა, პირველი მე ვყოფილიყავი, ვინც უარს ვიტყოდი მასზე, მაგრამ ჯერ დაველაპარაკებოდი!
– ახსენეთ 2011 წლის ხელშეკრულება. რამდენიმე წლის წინ იყო ამ თემაზე დაძაბულობა საბაჟო–ტერმინალებთან დაკავშირებით. მახსოვს, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არ იყო საუბარი მესამე ქვეყნის ტვირთების ტრანზიტზე და რომ საუბარია ტვირთებზე, რომლებიც შევა აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან თუ რუსეთიდან...
– საუბარია დერეფანზე. დერეფანი ტრანზიტს ნიშნავს. ძირითადად საუბარი იყო სატრანზიტო ტვირთებზე – სომხეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით გასულიყო რუსეთში. შვეიცარიული კომპანიის ერთი პუნქტი უნდა გახსნილიყო რუსულ მხარეს და მეორე ქართულ მხარეს, როგორც მახსოვს ზუგდიდში [საუბარია აფხაზეთის მიმართულებაზე]. აქედან შესულ ტვირთს დერეფანი უნდა გაევლო, აღმოჩენილიყო შვეიცარიული კომპანიის მეორე პუნქტზე, რათა შეემოწმებინათ, ტვირთი ხომ არ გაჩერდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ხომ არ მოიხსნა ლუქები. დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არაა ნახსენები, მხოლოდ კოორდინატებია მითითებული. სატრანზიტო ტვირთის გარდა, უნდა დარეგულირებულიყო ის ტვირთები, რომლებიც შესაძლოა, აფხაზეთში გაჩერებულიყო (შესული როგორც დანარჩენი საქართველოდან, ისე რუსეთიდან). ეს სხვათა შორის, ჩვენ გვაწყობდა.
– გვექნებოდა ინფორმაცია, რა სახის ტვირთი შედიოდა...
– დიახ.
– ისევ აფხაზეთში გაჟღერებულ ინიციატივას რომ დავუბრუნდეთ, აქ ჩვენი კონკრეტული ინტერესი რა შეიძლება, იყოს?
– აფხაზეთის მეტი მობმა ეკონომიკურად. რუსეთიდან უამრავი ტრანსპორტი შედის და უკან ბრუნდება. ჩვენ ჯერ ერთი, არ ვიცით, რა ხდება და მეორეც, აფხაზეთი ცალსახად მხოლოდ რუსეთსაა მიბმული. ეს არაა კუნძული! მეორე მხარეს რუსეთია! ჩვენ თუ საავტომობილო გზას გავაკეთებთ, ისეთი საგზაო ინფრასტრუქტურა განვითარდება, დაინტერესდეს აფხაზეთი, საქართველოსთან ჰქონდეს ვაჭრობა. თავიდან მოსახლეობის გადაადგილებაზე ვერ იქნება საუბარი, ეს შემდეგი ეტაპია. ანუ საუბარი იმაზე უნდა დავიწყოთ, რაც აფხაზებს აწყობთ. შეიძლება სულელური, მაგრამ ჩემი აკვიატებული იდეაა, რომ რაც აფხაზებს აინტერესებთ, ის ავიღოთ და გავაქართულოთ! თუ ვერ ქართულდება, უარი ვთქვათ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადოთ, მათ ინტერესებში შევიდეთ და ისინი საქართველოს ინტერესებად ვაქციოთ. ვფიქრობ, ამის გაკეთება შეიძლება არა ყოველთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში. მათ მართლა უნდათ რუსეთისგან დისტანცირება. არ სურთ, რუსეთის პროვინციად იქცნენ, რადგან ამის საფრთხეს ხედავენ. კი ბატონო, დღეს და ხვალ მათი დაბრუნება შესაძლოა, ვერ მოხდეს, მაგრამ სრულ ანექსიასა და საქართველოში დაბრუნებას შორის რაღაც შუალედური არსებობს და მოდით, ამ შუალედურზე ვიმუშაოთ! მსოფლიო არ აღიარებს აფხაზეთს, ამას ვხედავთ და მადლობა მსოფლიოს. მეტიც, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ მსოფლიო კიდევ უფრო მკაფიოდ ხედავს, თუ რამდენად არასანდო სახელმწიფოა რუსეთი. ახლა მაინც მოვახერხოთ, აფხაზები ჩვენკენ მოვაბრუნოთ, მით უფრო, რომ მათ აქვთ ინტერესები, წინადადებები! სულ ცოტა, ნუ ვეტყვით უარს, დავიწყოთ ამაზე მუშაობა, მასში ჩვენი ინტერესები ჩავდოთ! იქნებ მოდიან? იქნებ გვთანხმდებიან? დაველაპარაკოთ!