რა შეიარაღებას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი
08/09/2022 09:50:04 მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 675 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა.
ოსტინის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს, მათ შორის „GMLRS–ებს, ჰაუბიცებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, HARM-ებს, ჯავშანტექნიკასა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს".
"ჩვენ ახლა ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის თვალსაჩინო წარმატებას ბრძოლის ველზე. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ მოკავშირეებისა პარტნიორების გადაწყვეტილებას მთელ მსოფლიოში, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანონო და იმპერიულ ომს. ჩვენ ბრძოლის ველზე ვითარების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ", – განაცხადა ოსტინმა.
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.


