მედია: რუსული ტანკერები ევროკავშირისთვის სანქციების გვერდის ავლით ნავთობის მიწოდებას აგრძელებენ
08/09/2022 14:26:14 პოლიტიკა, მსოფლიო
რუსული ტანკერები კვლავინდებურად აწვდიან ევროკავშირს ნავთობს, მიუხედავად აპრილში შემოღებული აკრძალვისა, ევროპულ პორტებში რუსულ ხომალდებს მოემსახურონ. ამ დასკვნამდე მივიდა რუსულ დამოუკიდებელ პროექტ "Схемы"-ს გამოძიება.
როგორც გამოცემა სერვის MarineTraffic-ის მონაცემებზე დაყრდნობთ იუწყება, ბოლო თვეების განმავლობაში ერთი და იგივე მარშუტით 4-5 ათასი ტონა ტვედაობის 13 რუსული ხომალდი გავიდა. ისინი შავი ან აზოვის ზღვების პორტებში იტვირთებოდნენ და რუმინულ ქალაქ კონსტანცასკენ მიემართებოდნენ, მაგრამ პორტამდე 17-20 მილის მოშორებით ჩერდებოდნენ და შემდეგ უკვე დაცარიელებულები ბრუნდებოდნენ უკან.
"Схемы" ამ ხომალდებიდან ევროპელი მყიდველებისთვის ნავთობის გადაცემის 2 სცენარს აღწერს, პირველის მიხედვით ნავთობპროდუქტები ზღვაში ევროპული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე იტვირთება და ამ სახით მიეწოდება ევროკავშირს, ყველაზე ხშირად - საბერძნეთის გავლით. ასე მაგალითად, 12 ივნისს რუსულმა ხომალდმა "VF Tanker 11"- მა რუმინეთის სანაპიროსთან ტვირთი პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ "Star Merlin"-ს გადასცა, ეს უკანასკნელი კი მალევე ბერძნულ პორტში ჩამოიტვირთა.
გარდა ამისა, როგორც გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, კონსტანცას სიახლოვეს, ზღვაში უკვე 5 თვეა, ლიბერიის დროშით დგას ტანკერი "New Legend", რომლის ტევადობა 80 ათას ტონას აჭარბებს. ივნისის თვიდან დაწყებული, რუსული ტანკერები რეგულარულად ავსებენ მას ნავთობით, რომელიც შემდგომ სხვა ხომალდებზე იტვირთება.
როგორც "Схемы" აღნიშნავს, ყველა ტანკერი, რომელსაც ამ გზით ევროპაში ნავთობი გადააქვს, რუს მილიარდერ ვლადიმირ ლისინის კუთვნილი კომპანიის - "Volga Shipping"-ის ("Волжское пароходство") საკუთრებაშია. ბევრი სხვა რუსი ოლიგარქისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი არ მოხვდა ევროკავშირის, აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშ, ლისინის წინააღმდეგ ზომები მხოლოდ ავსტრალიამ შემოიღო.
ცნობისთვის: ივლისში The Wall Street Journal წერდა, რომ ნავთობტანკერების ევროპელი მფლობელები, კერძოდ ბერძნები რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებებზე ევროკავშირის ემბარგოს მოახლოების ფონზე რუსული ნავთობის გადაზიდვებს მნიშვნელოვნად ზრდიდნენ. მარტო მაის-ივნისში ბერძნული გემები შავ და ბალტიის ზღვებში არსებულ რუსულ პორტებში 151 - ჯერ შევიდნენ, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. გამოცემის ინფორმაციით, სანქციებისთვის გვერდის ავლით ევროპისთვის რუსული ნავთობის მისაწოდებლად ისინი ასევე იყენებენ ერთი ხომალდიდან მეორეზე გადატვირთვის მეთოდს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციების უკვე რამდენიმე პაკეტი მიიღო. მათგან მეექვსე 2022 წლის 5 დეკემბრიდან რუსეთიდან ნავთობის საზღვაო გზით შეტანის აკრძალვას ითვალისწინებს. მეხუთე კი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში იქნა მიღებული, რუსულ ხომალდებს ევროკავშირის პორტებში შესვლას უკრძალავს. გამონაკლისს მხოლოდ პირველადი საჭიროების ტვირთების (სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სურსათი, ჰუმანიტარული დახმარება) გადაზიდვა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საზღვაო მიწოდებებზე ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტის 75% მოდის.


