
ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს, დაჭრილების და დაზიანებული ტექნიკის ევაკუაციას ცდილობენ – უკრაინის გენშტაბი
09/09/2022 06:06:27 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ხარკოვის ოლქში წარმატებული კონტრშეტევა.
გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, მოწინააღმდეგის ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს და დაჭრილების და დაზიანებული ტექნიკის ევაკუაციას ცდილობენ დასახლებული პუნქტების, ოლხოვატკის და ბოროდოიარსკოეს რაიონებში. ეს ორი დასახლებული პუნქტი მდებარეობს ქალაქ ბალაკლეასთან, რომლის გათავისუფლების შესახებ უკრაინელმა სამხედროებმა 8 სექტემბერს განაცხადეს.
უკრაინული სარდლობის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სამოქალაქო ტანსაცმლით ცდილობენ დეზერტირობას და რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებას.
იხილეთ ასევე: უკრაინელი სამხედროები ბალაკლეაში შევიდნენ – მედია [ვიდეო]
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 15-ზე მეტი ასეთი შემთხვევა იყო.
8 სექტემბერს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების ვიდეომიმართვა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეიდან. ერთ-ერთი მათგანი დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური ქვედანაყოფის სახელით, უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ ზელენსკის აბარებს პატაკს, რომ ბალაკლეა კონტროლქვეშაა, ბრძანება შესრულებულია და რუსეთის საოკუპაციო ჯარები გავიდნენ.
გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია.
უკრაინის არმია ამჟამად კონტრშეტევას აწარმოებს ოკუპირებულ ხერსონის ოლქშიც. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასში