
ბაქო 50 აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება
13/09/2022 18:16:51 კავკასია
სომხეთთან საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, - იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე ინფორმაციით, დაღუპულთაგან 8 მესაზღვრე იყო, დანარჩენები - აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სულ მცირე, 49 სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადა.
ცნობისთვის: 13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტი გამწვავდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.
რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს".