ფაშინიანის დილემა

15-09-2022 17:11:23 ,

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ერევანი იუწყება, ამჟამად ბაქოსთან სასაზღვრო ზონაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებაა მიღწეული, ვითარება კვლავ ფეთქებადსაშიში რჩება როგორც საზღვარზე, ისე უშუალოდ ქვეყანაში. 14 სექტემბერს, გვიან ღამით ათასობით აღშფოთებული ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ქვეყნის პრემიერ–მინისტრის გადადგომა მოითხოვა მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობაა მშვიდობის დასამყარებლად რთული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ ნიშნავს სომხეთის ინტერესთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. მან თქვა, რომ სურს, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის გამოც შესაძლოა, ბევრმა გააკრიტიკოს, მოღალატე უწოდოს და ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორებაც განიზრახოს, მაგრამ სომხეთი მიიღებს მყარ მშვიდობას და უსაფრთხოებას 29.8 ათას კვადრატულ კილომეტრზე.

მოგვიანებით ფაშინიანმა განაცხადა, რომ არანაირი კონკრეტული დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის, თუმცა ეს განმარტება საკმარისი არ აღმოჩნდა დაძაბულობის მოსახსნელად.

„სომხეთისთვის ეს მტკივნეული საკითხია, მით უფრო, 2020 წელს განცდილი მარცხის ფონზე, რასაც ემატება აზერბაიჯანის ზეწოლა, რუსეთის მიმართ იმედგაცრუება, რომელიც არაფერს აკეთებენ სომხეთის დასაცავად ... ამჟამად ვითარებას ემოციები მართავს და ვფიქრობ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება, ამ ურთულეს მოცემულობაში რაციონალური ხედვის უნარი შერჩეს, თვითონ ფაშინიანია, მიუხედავად იმისა, რომ ემოციურობის ნაკლებობას არც ის განიცდის“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი დავით ბრაგვაძე.

მძიმე არჩევანი

როგორც ჩანს, ოფიციალურ ბაქოს არ აკმაყოფილებს ჯერ 2020 წელს და შემდეგ უკვე ამ ზაფხულს მიღწეული შედეგი მთიან ყარაბაღში და აქვს განზრახვა, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ამასთან, აზერბაიჯანის ინტერესია, წვდომა ჰქონდეს საკუთარ ექსკლავთან – ნახიჩევანთან, რომელიც თავის მხრივ თურქეთს ესაზღვრება, მას კი სომხური რეგიონი სიუნიქი აშორებს. აზერბაიჯანის და თურქეთის სურვილია, თავად გააკონტროლონ დერეფანი, რაც ცხადია, არ შედის სომხეთის ინტერესებში და ლოგიკურადაც (დერეფანი მის ტერიტორიაზე გაივლის). მისი პოზიციაა, რომ კონტროლი თავად განახორციელოს. ამასთან, რუსეთი არ იყო დერეფნის გახსნის წინააღმდეგი, თუმცა თავად სურს, უზრუნველყოს მისი „უსაფრთხოება“, ხოლო სომხეთის მოსაზღვრე ირანი მის საზღვართან მსგავსი აქტივობების წინააღმდეგია.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი გახლავთ ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, რომელიც მოიაზრებს კოლექტიურ თავდაცვასაც) წევრი, ამასთან, სტრატეგიულ პარტნიორად ჰყავს რუსეთი, 13 ივნისის ღამის მოვლენებმა (როდესაც უშუალოდ სომხეთის სოფლები იბომბებოდა) დაადასტურა, რომ ერევანი ყოველგვარი უსაფრთხოების ქოლგის მიღმაა დარჩენილი: რუსეთმა მხარეებს დიპლომატიისკენ მოუწოდა, ОДКБ-ს მისია კი ადგილზე შეისწავლის ვითარებას.

„დილემაც სწორედ ამ სურათშია – ფაშინიანი გამოუვალ მდგომარეობაშია“,– ამბობს ბრაგვაძე, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ ამ მოცემულობაში სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი, მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად დაჯდომა და აზერბაიჯანთან გარკვეული შეთანხმების ასევე სწრაფად მიღწევაა:

„გულწრფელად მგონია, რომ რაც უფრო გააჭიანურებს ამ პროცესს, მით უფრო მძიმე პირობებზე მოუწევს დათანხმება, რადგან თავად მარტოა, ხოლო მოწინააღმდეგე ძლიერია და მარტოც არაა.

მეორე დილემა – ეს ნაბიჯი ფაშინიანმა უნდა გადადგას ისე, რომ გადარჩეს პოლიტიკურად, თუმცა არც მისი ფიზიკურად განადგურების რისკს გამოვრიცხავ (ამის გამოცდილება სომხეთში გვაქვს – ორი პოლიტიკოსი, რომლებიც ყარაბაღთან დაკავშირებით რაციონალურ პოზიციას აფიქსირებდნენ, „რაღაც უნდა დავთმოთ, რომ მშვიდობა მივიღოთო“, მოკლეს). 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ ფაშინიანი მუდმივად გადარჩენის რეჟიმშია: ერთის მხრივ, უწევს, მშვიდობას მიაღწიოს მტერთან, რომელიც დღეის მდგომარეობით მასზე ბევრად ძლიერია. მეორეს მხრივ, უწევს, სომხური საზოგადოების სენტიმენტები გაითვალისწინოს, რომელიც რაციონალიზმისთვის ამ ვითარებაში დიდი სივრცეს არ იძლევა.უნდა გვესმოდეს, რომ რასაც არ უნდა დასთანხმდეს ფაშინიანი, ეს სომხურ საზოგადოებაში კაპიტულაციად აღიქმება“.

ბრაგვაძის დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანმა ომის შემდეგ ქვეყანაში არსებულ სოციალურ–პოლიტიკურ დაძაბულობას გადაურჩა და არჩევნებიც დამაჯერებლად მოიგო, მისთვის რისკები არ მოხსნილა. კერძოდ, საზოგადოებამ არჩევანი გააკეთა ცუდსა და უარეს (კორუმპირებულ, პრორუსულ ოპოზიციას) შორის – ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავდნენ ამ არჩევანს სომხები, ამდენად, მის მიმართ მხარდაჭერა მყიფეა:

„და დღესაც თუ მას რამე იხსნის, ეს წარმოუდგენლად კომპრომეტირებული ოპოზიციაა – ანუ უკეთესი არჩევანის არარსებობა. მაგრამ დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია სომხურ საზოგადოებაში და რისკი, რომ მან ძალაუფლება დაკარგოს, დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მის თავზე.

აზერბაიჯანი კი კარგად ხედავს, რომ სომხეთს აბსოლუტურად არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები (ОДКБ-ს წევრმა ყაზახეთმა საერთოდ სომხეთი დაგმო და ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა, მან საერთოდ დატოვოს ორგანიზაცია); სომხური არმია უფრო სუსტია, ვიდრე მისი; თავად მეტი ეკონომიკური პოტენციალი აქვს; გრძნობს, რომ ერთის მხრივ, რუსეთს ამ მომენტში არ შეუძლია, მას გაუწიოს წინააღმდეგობა, მეორეს მხრივ, დასავლეთს სჭირდება როგორც ენერგორესურსების ალტერნატიული წყარო – ეს ყველაფერი ალიევს კარტბლანშის საშუალებას აძლევს და ფუფუნებას, იყოს მეტად აგრესიული, მეტად მკაცრი მოთხოვნებში“.

ნაკლები, ვიდრე ყველაფერი

ეს ნაკლები, ბრაგვაძის ხედვით, შესაძლოა, იყოს:

  • ყარაბაღის შემთხვევაში არ მივიღოთ მორიგი ეთნიკური წმენდა – არ განმეორდეს ჰოჯალის ტრაგედია, ოღონდ ამ შემთხვევაში სომხეთისთვის; არ მოხდეს ყარაბაღის სრული დეარმენიზაცია – მოხდეს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაც, მიუხედავად იმისა, ვის ექნება კონტროლი ამ ტერიტორიაზე; იყოს მათი უფლებები გარანტირებული, მათ შორის, საერთაშორისო მანდატებითაც (არა მხოლოდ რუსი სამშვიდობოებით); შენარჩუნდეს თავისუფალი მიმოსვლის საშუალება ყარაბაღის სომხური მოსახლეობისთვის – ჰქონდეთ წვდომა სომხეთთან, რაც აღიდგენს თუ არა აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობას, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ამჟამად (მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ზაფხულში ლაჩინი დაიკავა) მსგავსი სახმელეთო მარშრუტი აღარ არსებობს სომხეთსა და ყარაბაღს შორის. თუ ალტერნატიული გზა აშენდება, მანაც აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად შუშაზე უნდა გაიაროს.
  • რაც შეეხება აზერბაიჯანის ნახიჩევანთან დამაკავშირებელ დერეფანს, შესაძლოა, მიიღწეს შეთანხმება, რომ ერთობლივად აკონტროლონ ის, რაც ასევე მუდმივი ესკალაციის საფრთხის შემცველი იქნება და არა რაციონალური გამოსავალი. ამიტომ, ბრაგვაძეს უფრო რაციონალურად მიაჩნია და შესაძლებლადაც, მხარეებმა მიაღწიონ პროცესში საერთაშორისო მექანიზმის ჩართვას. კერძოდ, დერეფნის უსაფრთხოება უზრუნველყოს არა ერევანმა, ბაქომ, თუ მოსკოვმა, არამედ საერთაშორისო მანდატის მქონე ჯგუფმა –მაგალითად, გაერომ, ევროკავშირმა. საყურადღებოა, რომ აზერბაიჯან–სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება სამარშრუტო კვანძების (მათ შორის, ხსენებული დერეფნის) გახსნის კონკრეტულ ვადებს და პირობებს არ ითვალისწინებს, რითაც ამ დრომდე სარგებლობდა სომხეთი და აჭიანურებდა დერეფნის გახსნას, აზერბაიჯანი კი ჩქარობს, ცდილობს რა მომენტით სარგებლობას. ამიტომ, მათ შორის, დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, შესაძლოა, მისთვისაც მისაღები იყოს საერთაშორისო მისია, ხოლო სომხეთისთვის ნაკლებად დამამცირებელი, ვიდრე სხვა პერსპექტივა.

„მართალია სომხეთს აბსოლუტური უფლება აქვს, დერეფანი, რომელიც მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გაივლის, აკონტროლოს, მაგრამ რეალობა ძალიან მძიმეა, რაც მას ამ პოზიციის ბოლომდე გატანის შესაძლებლობას არ აძლევს. თუ ამ პოზიციას შეინარჩუნებს, რჩება ერთი გამოსავალი – იომოს მანამ, ვიდრე გაუძლებს. ხოლო როდემდე გაუძლებს, რთული სათქმელია. სომხები ცუდად არ იბრძვიან, ორივე მხარეს მსხვერპლის რაოდენობამ აჩვენა, რომ სომხურ არმიას ბრძოლისუნარიანობა ბოლომდე დაკარგული არ აქვს, მაგრამ რესურსები ძალიან მწირია, მათ შორის, ადამიანური – სადღეისოდ სამ მილიონზე ნაკლებია სომხეთის მოსახლეობა, აზერბაიჯანის – 10 მილიონზე მეტი.

ცხადია, დარწმუნებული არ ვარ, რომ ბაქო ამ წინადადებებს დასთანხმდება, მაგრამ ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად გადადგამს ფაშინიანი ნაბიჯებს, მეტი შანსი ექნება, ამას მიაღწიოს. ეს იქნება დამამცირებელი, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე – ეს წარმოუდგენელი მოცემულობა იქნება სომეხი ხალხისთვის“,– ამბობს ბრაგვაძე.

„არ უნდა ვუგულშემატკივროთ სომხეთის სრულ კოლაფსს“

ოფიციალური თბილისი მშვიდობის მოწოდებით გამოდის, კონფლიქტთან მიმართებით ნეიტრალური პოზიცია უჭირავს და მხარეებს მედიატორობას სთავაზობს – მსგავსი მიდგომა ბრაგვაძეს მართებულად მიაჩნია როგორც მორალური, ისე პრაგმატული ფაქტორების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„შესაძლოა, ვიყოთ აზერბაიჯანის გულშემატკივრები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვუგულშემატკივროთ სომხეთის სრულ კოლაფსს, რომელიც მას რეალურად ემუქრება. საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის სომხეთის წარსულში დაბრუნება და იქ ახალი ავტორიტარული რეჟიმის დამყარება. ამდენად, უნდა ვიყოთ სომხეთის გულშემატკივრები, მოახერხოს საკუთარი განვითარების შანსის შენარჩუნება. ამ შიდაპოლიტიკურ მოცემულობაში კი ამის ერთადერთი საშუალება სწორედ ფაშინიანია.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ოთხი სახმელეთო მეზობლიდან სამში მკვეთრად გამოხატული ავტორიტარული რეჟიმია. ერთადერთი დემოკრატიული ხასიათის მქონე სამეზობლოში სომხეთი გახლავთ და იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, მნიშვნელოვანია, სამეზობლოში რაც შეიძლება მეტი დემოკრატიული საზოგადოება გვყავდეს. სხვა შემთხვევაში რული იქნება დემოკრატიის შენარჩუნება.

ამიტომაც მგონია, რომ ფაშინიანის პოლიტიკური გადარჩენა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთი შეიძლება, ამ მიმართულებით ჩვენი მოკავშირეც გახდეს – რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჩანასახის სახით, მაგრამ აქვს ამბიციები ევროინტეგრაციის მიმართულებითაც. ამასთან, არსებობს რეალური შანსიც, რომ სომხეთში რუსული გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ვფიქრობ, ამას მაინც დრო დასჭირდება და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რუსეთ–უკრაინის ომი რა ვადებში და რა შედეგით დასრულდება (ცხადია, იმედი გვაქვს, რომ უკრაინის სრული გამარჯვებით). ვფიქრობ, ეს გავლენას იქონიებს სომხეთში რუსული პოზიციების სტაბილურობაზეც: ყარაბაღის მეორე ომის დროს პოზიციები ორად გაიყო, ამ შემთხვევაში კი [როდესაც რუსეთმა უარი თქვა უშუალოდ სომხეთის დაცვაზე – რედ.] ლოგიკურია, სომხური საზოგადოება გაბრაზდეს და დაიწყოს ფიქრი, რა გზებით გათავისუფლდნენ ამ კატასტროფული დამოკიდებულებისგან“.

იხილეთ ასევე: „როგორც გაირკვა, რუსეთმა შეცდომა დაუშვა, რაც უკან ძალიან ცუდად უბრუნდება“: ძალთა ბალანსის ცვლილების პერსპექტივა კავკასიაში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები