15-09-2022 20:17:46 კონფლიქტები
არ ვიცი, აცნობიერებდა თუ არა საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ორიოდ დღის წინ “მეორე ფრონტსა” და შესაძლო პლებისციტზე საუბრისას, რომ მის ხმას სოხუმშიც გაიგებდნენ. არ ვიცი, გამიზნულად ჩაიდინა მან ეს თუ უპასუხისმგებლო გაუაზრებლობით, პირადი ინიციატივით თუ “ქართული ოცნების” ერთიანი პოზიციის ფარგლებში. მაგრამ მისმა მორიგმა მავნებლურმა განცხადებამ ერთის მხრივ, ქართულ-აფხაზურ დარეგულირებას დაარტყა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელი შეუწყო აფხაზეთის მიმართ რუსეთის უკვე დაუფარავ ანექსიურ პოლიტიკას.
სანამ კობახიძის განცხადებაზე, სოხუმის რეაქციასა და შემდგომ კობახიძის მიერვე თავის მართლებაზე გადავიდოდეთ, არ შემიძლია, უყურადღებოდ დავტოვო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი:
ამ ყველაფერზე რეაგირება “ქართულ ოცნებას”, როგორც ჩანს, არამიზანშეწონილად მიაჩნია. სამაგიეროდ მმართველ გუნდში ხელიდან არ უშვებენ შანსს, არა მარტო გამოეხმაურონ, არამედ თვეობით “ატრიალონ” რიგითი უკრაინელი პოლიტიკოსების (და არა ოფიციალური კიევის!!!) პირადი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს შეეძლო, უკრაინის ომის ფონზე შექმნილი ვითარებით ესარგებლა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
რა მიზნით იყენებს მსგავს განცხადებებს “ოცნება”, რას ემსახურება მთელი მისი პროპაგანდისტული პოლიტიკა გაცვეთილი ნარატივებით „ომი გინდათ?“ და „ჩვენ საქართველოს მშვიდობა შევუნარჩუნეთ“, – სადღეისოდ მხოლოდ ბავშვს შეიძლება, არ ესმოდეს: მიზანი უკრაინის ომის ფონზე შეცვლილ ვითარებაში ძალაუფლების შენარჩუნებაა. გასაკვირია, მაგრამ მოსახლეობის გარკვეულ (როგორც უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, 17%-იან) ნაწილზე ეს სადეზინფორმაციო კამპანია მაინც “ჭრის” – და “ოცნებაც” აგრძელებს.
ასე იყო ამჯერადაც. ირაკლი კობახიძემ ვიწრო პარტიულ ინტერესებში მორიგი პროპაგანდისტული განცხადების გასაკეთებლად უკრაინის რადის რიგითი წევრის – ფეოდორ ვენისლავსკის პირადი მოსაზრება გამოიყენა, რომელიც “უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების” პოზიციად გაასაღა და განაცხადა:
„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ სურვილს, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას და ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაში წარიმართება. ეს არის ღია გზავნილი. ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს, უნდა თუ არა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. რასაც ხალხი იტყვის, შეიძლება, იმას გავყვეთ. ვნახოთ. ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება: უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეთანხმება, თუ ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არგახსნასთან დაკავშირებით“.
უკეთეს საჩუქარს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა სადღეისოდ უბრალოდ ვერ გაუკეთებდა რუსეთსა და აფხაზი პოლიტიკოსების მოსკოვს დაქვემდებარებულ ნაწილს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, გადაფარონ რუსეთის აწ უკვე ღია ანექსიური პოლიტიკის გამო აფხაზურ საზოგადოებაში მზარდი ანტირუსული განწყობა და საპროტესტო ტალღა ლოზუნგით “გადავარჩინოთ აფხაზეთის სუვერენიტეტი”.
რა გასაკვირია, რომ კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ კობახიძის განცხადება სიამოვნებით აიტაცა, სოხუმიდან კი მყისიერად გაისმა მოსკოვს დაქვემდებარებული ადგილობრივი პოლიტიკოსების ანტიქართული კომენტარები.
ასე, მაგალითად, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე “ყურადღებით აკვირდება როგორც რეგიონში არსებულ ვითარებას, ისე საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს”. ამ კონტექსტში მან სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადება ახსენა „მეორე ფრონტის გახსნის“ თემაზე პლებისციტის შესაძლო გამართვის” თაობაზე და აღნიშნა:
„რა იგულისხმება „მეორე ფრონტში“ - ყველამ შესანიშნავად ვიცით და ეს სერიოზულად გვაშფოთებსო“.
ტუჟბამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დასავლელ თანათავმჯდომარეებს “მსგავს საფრთხეებზე რეაგირებისკენ” მოუწოდა, რათა “თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია” და იქვე “საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზეც” გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, “საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას”.
ამასთან, კობახიძის განცხადებამ ჟენევის დისკუსიებზე აფხაზური დელეგაციის წარმომადგენლებს დამატებითი საბაბი შეუქმნა, გააგრძელონ თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების საკითხის დაყენება, რომლის გაფორმებაც ქართულ მხარეს მხოლოდ მოსკოვთან მიაჩნია შესაძლებლად. "ეს ის საკვანძო მიზანია, საკვანძო ამოცანა, რომელიც ჟენევის დისკუსიების წინაშე დგას“, - დასძინა ტუჟბამ.
კობახიძის განცხადებას ვრცელი “ანალიტიკური” პუბლიკაცია მიუძღვნა სოცქსელებში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების “განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა” კან ტანიამ.
“ვიცით, რომ საქართველოში აფხაზეთთან მიმართებაში რევანშისტული განწყობები არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ ხელისუფლებას არაერთგზის განუცხადებია ძალისმიერი გადაწყვეტილების შეუძლებლობის შესახებ. მშვენივრად გვესმის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ქართველი ლიდერების სიტყვას ფასი არ აქვს: დღეს “ძმებს” გვიწოდებენ, ხვალ კი - ომი. […] საქართველო სადღეისოდ ცუგცვანგის სიტუაციაშია - ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი მის მდგომარეობას აუარესებს: ა)გახსნის “მეორე ფრონტს” – და გამოვა, რომ დაიწყებს ისეთივე სამხედრო ოპერაციას, როგორიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში, არადა, კოლექტიული დასავლეთის ქვეყნები სწორედ ამის გამო “აუმხედრდნენ” რუსეთს (ჩვენთვის კარგადაა ცნობილი მათი ორმაგი სტანდარტები და ისინი აქაც სახეზეა: რაც რუსეთისთვის არ შეიძლება, საქართველოს სთხოვენ და გარკვეულწილად მოითხოვენ კიდეც მისგან); ბ) არ გახსნის “მეორე ფრონტს” – და კოლექტიური დასავლეთი გულს აიცრუებს საქართველოზე და ევროკავშირისკენ მის სწრაფვაზე”...
დამეთანხმებით ალბათ, ეს მოსაზრებები მშვენივრად ეხმიანება “ქართული ოცნების” წარმომადგენლების დასავლეთისადმი ბოლოდროინდელ ბრალდებებსა და უკვე დაუფარავ ანტიდასავლურ რიტორიკას. წამით ვინმემ ისიც კი შეიძლება, გაიფიქროს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსეთის ხელშესაწყობად აფხაზეთში არსებულ პრორუსულ ძალებთან შეთანხმებულად მოქმედებს და ამ მიზნით “ოცნებელები” თავისი განცხადებებით აფხაზ “კოლეგებს” (ჩოგბურთელების ენით რომ ვთქვათ) “ტოპკებსაც” უწევენ”.
დიდი ანტიქართული აჟიოტაჟი გამოიწვია კობახიძის განცხადებამ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტსა და საექსპერტო წრეებშიც. საჯაროდ გამოეხმაურნენ მას რიგი საზოგადო მოღვაწეები და ცნობადი სახეებიც.
«არასოდეს მჯეროდა ქართული ზღაპრების “მშვიდობის, ძმობისა და მეგობრობის” თაობაზე”. ეს [კობახიძის განცხადება – რედ.] მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული თემა [აფხაზეთის დაბრუნება ომით – რედ.] იქ აქტიურად განიხილება და არა მარტო უკრაინის ხელისუფლების ან ქართული ოპოზიციის დონეზე. დღეს, როცა შავი ზღვის აუზში რუსეთ-ნატო-ს ღია დაპირისპირების მომსწრენი ვართ, საქართველოში კი ეს თემა აშკარად მუშავდება, მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა ყველა შესაძლო განვითარებისთვის” – განაცხადა აფხაზმა საზოგადო-პოლიტიკურმა მოღვაწემ ასლან კობახიამ.
მაგრამ ანტიქართული აჟიოტაჟის გარდა, ირაკლი კობახიძის განცხადებას აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი – ის, რაც აფხაზეთში მზარდი ანტირუსული ტალღის ფონზე ჰაერივით სჭირდებოდა მოსკოვს: სწორედ ამ განცხადების შემდეგ დაიწყო აფხაზური საზოგადოებისადმი მოწოდებები, “რუსეთისგან ბიჭვინთისა და ზოგადად აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის გამოგონილი აუცილებლობის ნაცვლად, გადაერთოს რეალურ საფრთხეზე, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს”.
იხილეთ ასევე: აფხაზეთში რუსეთის მხრიდან ოკუპაციასა და გენოციდზე საუბრობენ
15 სექტემბერს ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც.
"გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში ძალზე რთულია, ეს კავკასიასაც ეხება. არსებობს არაერთი ძალა, რომელიც ლამობს, რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური რესურსები დონბასიდან სხვა მიმართულებით იქნას მიზიდული. ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის თემაზე რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით მან თქვა, რეფერენდუმი არ იქნებაო, მაგრამ სიტყვა ერთია, საქმე - მეორე. საქმე კი ისაა, რომ საქართველო აქტიურად მართავს ნატო-ს წვრთნებს, ყიდულობს უპილოტო საფრენ აპარატებს, ცდილობს მათ წარმოებას თავის ტერიტორიაზე. ასე მშვიდობისთვის ალბათ, არ ემზადებიან, ასე ემზადებიან ომისთვის! საქართველოს მიერ აფხაზეთში მორიგი კონფლიქტის გაჩაღების ალბათობა ძალიან მაღალია და როგორც ჩვენი - აფხაზეთის ხელისუფლების, ისე აფხაზური საზოგადოების ყურადღება დღეს სწორედ ამ რეალურ საფრთხეზე უნდა იყოს ფოკუსირებული" - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ "საქართველოს მიერ "მეორე ფრონტის" გახსნა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული".
"დღეს საქართველო ორ ცეცხლს შორისაა. თუ უკრაინაში ვითარება რუსეთის სასარგებლოდ დალაგდება, საქართველო თავშეკავებულად იმოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქმედებას არაერთმა სხვა ქვეყანამ შეიძლება, დაუჭიროს მხარი. ეს ყველაფერი ძალზე საშიშია. როცა დიდები ჩხუბობენ, პატარები ზარალდებიან. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ დღეს აფხაზურ საზოგადოებაში არ არის ის ერთიანობა, რომლის წყალობითაც 1993 წელს სამამულო ომში გავიმარჯვეთ. ასეთ ვითარებაში ძალიან გაგვიჭირდება როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა. აუცილებელია, გავერთიანდეთ და გავაცნობიეროთ რეალური საფრთხე" - აღნიშნა მან.
აფხაზური ოპოზიცია ვეტერანების ორგანიზაცია "არუაას" სახით "აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის", კერძოდ, "ენგურის გასწვრივ თავდაცვის ხაზის (საფორტიფიკაციო ნაგებობების) ორგანიზებისა და სამოქალაქო თავდაცვის აქტივიზაციის აუცილებლობის" შესახებ ალაპარაკდა.
"ერთად შევძლებთ ფაშიზმის დაძლევას" - განაცხადა "არუაას" თვმჯდომარემ თემურ გულიამ.
მისმა თანაპარტიელმა, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ კი "საქართველოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევისთვის მოსახლეობის ინფორმირების სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას" გაუსვა ხაზი.
"ამისათვის აუცილებელია, მაგალითად, მედიასაშუალებებით მოქალაქეების ინფორმირება დაბომბვების შემთხვევისთვის თაშესაფრების მდებარეობის თაობაზე, მოსახლეობაში წვრთნების ჩატარება, რათა თითოეულმა იცოდეს, რა მოიმოქმედოს საჭიროების შემთხვევაში" - აღნიშნა მან.
"საქართველოსთან შესაძლო შეიარაღებული დაპირისპირებისთვის აფხაზეთის მზაობის ხარისხით მოსახლეობის შეშფოთებას" დე ფაქტო დეპუტატმა ალხას ბარციცმაც გაუსვა ხაზი.
"ადამიანებს აღელვებთ, საით გაიქცნენ, ვის მიმართონ და ა.შ. უნდა მოვახდინოთ ადგილებზე შტაბების ორგანიზება, ჩამოვაყალიბოთ ასევე ჩვენი ქმედებების ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი" - აღნიშნა მან.
როგორ ფიქრობთ, უშველის ამ საქმეს ირაკლი კობახიძის დღევანდელი “დამაჯერებელი” განმარტება – “ჩემი განცხადება პლებისციტზე სარკაზმი იყოო”? - ვფიქრობ, ნაკლებად. მაგრამ მოსკოვისგან ბატონმა კობახიძემ და მთელმა “ოცნებამ” მადლობა ნამდვილად დაიმსახურეს.
რაც შეეხება კითხვას, რა ეკუთვნით მათ ქართველი ხალხისაგან, მას პასუხი საქართველოს მოსახლეობამ უნდა გასცეს. ალბათ, გასცემს კიდეც, - მთავარია, იმ დროისთვის გვიანი არ აღმოჩნდეს.
ეკა ცანავა