"უნდა ავუხსნათ, რომ აფხაზებისა და ოსების იდენტობის გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპული საქართველო"

20-09-2022 14:07:08 კონფლიქტები ,პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრა.

მისი თქმით, „რეგიონში მიმდინარე რუსეთის აგრესია როგორც რისკებს ზრდის, ასევე ყოველი ასეთი კრიზისი და გეოპოლიტიკური დაძაბულობა აჩენს ახალ შესაძლებლობებს, მთავარია, სწორად დავინახოთ და მივუდგეთ მას. ამ შესაძლო შესაძლებლობების ფარგლებში ახსენა მან ევროინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა:

„ამ ომის შედეგად ერთი ასეთი შანსი შეიძლება, გაგვიჩნდეს – დაჩქარებული ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მეორე ასეთი შესაძლებლობა კი შეიძლება, იყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - ან ორივე ერთად. მეორე საკითხს რაც შეეხება, მიდის ხოლმე მსჯელობა, როგორ შეიძლება, მოხდეს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ჩვენს აფხაზ ძმებს აქვთ შეგრძნება, რომ შესაძლოა, ეს მოხდეს ძალისმიერი მეთოდით. ქართულ რეალობაში ასეთი უწყინარი მსჯელობის დროსაც კი, საკითხზე, რომ ლეგიტიმური უფლება გვაქვს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია მოვახდინოთ (რაც ნამდვილად ასეა) ხდება დიდი ინტერპრეტაცია. ისეთი სიმაღლიდან პასუხობენ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები, ისე ძაბავენ იქაურ საზოგადოებას, გვგონია, რომ ამ მიმართულებით მსჯელობისას ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს იდენტობის გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპა, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეების - აფხაზებისა და ოსების იდენტობის გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპული საქართველო, რომელსაც მათთან ერთად შევქმნით. არანაირი ძალისმიერი და მათთვის უსაფრთხოების რისკების შემქმნელი ნაბიჯების გადამდგმელები არ ვართ, ეს გზავნილი მათთან ძალიან სწორად უნდა მივიტანოთ. როდესაც ეს დრო დადგება, მათ ამის სწორი შეგრძნება უნდა ჰქონდეთ“.

იხილეთ ასევე: როგორ დაარტყა კობახიძის “სარკაზმმა” ქართულ-აფხაზურ დარეგულირებას და როგორ დაეხმარა მოსკოვს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები