
თავდამსხმელის მახასიათებლები: ქცევითი ანალიზი ექსპერტისგან
20/09/2022 15:18:15 კომენტარი
რამდენიმე საათია, ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ–ერთ ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი და მძევლად 12 პირი ჰყავს აყვანილი. ის კომუნიკაციას გარესამყაროსთან მძევლების მეშვეობით ამყარებს, რომელთაც ვიდეოების ჩაწერას აიძულებს. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი თავდამსხმელი ერთ–ერთ ვიდეოში აცხადებს, შენობა დანაღმულია. „როგორც კი გაიღება კარი, აფეთქდებაო“,– ამბობს ერთ–ერთი მძევალი.
ამავე გზით გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშას და ანკესს მოითხოვს. უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ განსაზღვრული ვადა უკვე ამოწურულია.
ერთ–ერთ უახლეს ვიდეოში ჩანს, რომ ბანკის შენობას ორი პოლიციელი უახლოვდება, მათგან ერთი თავდამსხმელთან კომუნიკაციას ითხოვს. ორ მძევალს (ერთი კაცი და ერთიც ქალი, რომელთაც პოლიციელებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა როგორც ჩანს, თავდამსხმელმა მისცა ) და პოლიციელებს ფილიალის ფანჯარაზე დამაგრებული გისოსები ჰყოფთ. პოლიციელებს ესაუბრება მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ქალი და სთხოვს, დატოვონ ტერიტორია, „თქვენ რომ მოდიხართ, ცუდად გვექცევა“,– ისმის ქალის ხმა.
გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა შს მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ, თანამშრომლებთან მართავს თათბირს.
მედიკოსებს მძევლების მდგომარეობის გასაცნობად შენობაში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ.
"არ არის სამხედრო, დაბნელია"
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დამფუძნებელი ლაშა პატარაია ქცევითი ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ თავდამსხმელი არაა სამხედრო და ფსიქიკურად არამდგრადია, რაც შესაძლოა, ართულებდეს მოცემულობას:
„ჩემი სუბიექტური შეფასებით, ეს ადამიანი არ არის მდგრადი ფსიქიკის და ცალსახად არ არის სამხედრო – სამხედრო ძალიან გამოკვეთილია თავის ბევრ ფორმაციაში, მათ შორის, გადაადგილებაში, ტაქტიკაში, საუბარში, სხვადასხვა მანერებში, რომელიც ამ ეტაპზე არ წაკითხულა, მაგრამ რაც იკითხება, არის ის, რომ არის საკმაოდ არამდგრად ადამიანი, რაც ცოტა უფრო ართულებს ვითარებას – შესაძლოა, რთული იყოს მისი პროგნოზირება. არსებობს პრაქტიკა და შესაბამისი ტრენინგიც გავლილი აქვთ სამართალდამცველებს, რომლებიც ამ საქმეს ახლა უშუალოდ კურირებენ – ეს არის მოლაპარაკების ნაწილი, რომ სტრესის დონემ უნდა დაიწიოს. მისი სტრესის მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, რომ მძევლები საკმაოდ ემოციურები არიან – პანიკური შეტევები და სხვადასხვა მძიმე ემოციური ფაქტორები გამოვლინდა ადამიანებში [მძევლებში]. ეს ნიშნავს, რომ რაციონალურად არ მოქმედებს: შესაძლოა, იმგვარი კომუნიკაცია აქვთ შიგნით, რაც ამ ყველაფერს ამძიმებს. ეს ნიშნავს, რომ დაბნეულია. ხოლო დასმული ულტიმატუმების გადაწევა მნიშვნელოვანი უპირატესობაა უსაფრთხოების სამსახურის მხარეს“.
თავდამსხმელის მოთხოვნებში ექსპერტს აფიქრებს რუსული დროშის მოთხოვნა და იმედს იტოვებს, რომ ამ კრიმინალურ შემთხვევაში იდეოლოგიური ფაქტორი არ შემოვა.
იარაღი
„ერთ–ერთი ყუმბარაა, მსხვრევადია, რადიუსი 200 მეტრია. ის რაც კრებებზე დაამონტაჟა, ამ ნაწილთან სკეპტიკურად ვარ, რადგან ლედ–განათლებები ცოტა დამაბნეველია და აშკარაა, რომ ცდილობს ფსიქოლოგიური ეფექტის გამოყენებას, რასაც პრინციპში, წარმატებით გაუმკლავდა – ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. რაც შეეხება ლაზერულ ტექნოლოგიას, რომ კრებების გაღებაზე მოქმედებდეს, არ მგონია, რადგან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება – მოხდეს ამის კალიბრაცია, დამაგრება, ზუსტი ისტალანცია. კაფსულა არ ჩანს, მაგრამ სავარაუდოდ, მოცულობიდან გამომდინარე შეიძლება, შენიღბული იყოს შიგნით და დეტონაცია გაკეთდეს ნებისმიერი სხვა საშუალებით – ხელის პულტით, რადიომოწყობილობით, ტელეფონით“,– განმარტა ექსპერტმა „ფორმულას“ ეთერში.
"აქცენტი უნდა გაკეთდეს აყვანაზე"
ცხადია, მთავარია მძევლების უსაფრთხოება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რომ შევხედო, ძალიან მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს ამ ადამიანის აყვანაზე,– ფიქრობს ექსპერტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუ თავდამსხმელის აყვანა ვერ მოხერხდა, ქვეყანაში „კატასტროფულ სიტუაციას მივიღებთ“.
„მსგავსი „ქეისები“ ბევრი ყოფილა, ჩვენთან შედარებით ახალი ტენდენცია შექმნეს. „შექმნეს“ – ეს სიტყვა შემთხვევითი არაა: როდესაც ესებუას „ქეისი“ [„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი, რომელიც ნახევარი მილიონი დოლარით მიიმალა] მოხდა, ვთქვი და გავიმეორებ – მაშინ უპასუხისმგებლობით, არაკომპეტენტურობით და ძალიან ბევრი სხვა რამით, რაც თავის დროზე ალბათ ითქმება, შეიქმნა ტრენდი, რომლის წინაშეც ახლა ყველანი ვდგავართ. ახლა თუ არ მოხდება ამ ადამიანის აყვანა, თუნდაც ეს მოხდეს სხვა რისკებთან დაკავშირებით, ჩვენ ქვეყანაში ისეთ ვითარებას მივიღებთ, სადაც მაღაზიაშიც ავტომატით დაგვჭირდება ჩასვლა. ყველა პროგნოზი გამართლდა, რაც მაშინ ითქვა და კიდევ უფრო ხისტი და საშიში შეიძლება, გახდეს“.
ამასთან, ექსპერტი ფიქრობს, რომ ბიზნესმენებმა ბოლო ფაქტების გათვალისწინებით უნდა გააკეთონ დასკვნები და დაიწყონ ზრუნვა ფილიალების უსაფრთხოებაზე. ის დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი კრიმინალურ აქტის უშუალოდ განხორციელებამდე შეისწავლიდა გარემოს, რისი შემჩნევაც, შესაბამისად, პრევენცია შესაძლებელი იყო.