პუტინის “ნაწილობრივი” მობილიზაცია: კომისარიატები მკვდრებსაც აკითხავენ

22-09-2022 13:24:27 მსოფლიო

ეჭვი, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული ვითომდა ნაწილობრივი მობილიზაცია ნაწილობრივი არ იქნებოდა და რუსეთის 300 000 კი არა, მილიონობით მოქალაქეს შეეხებოდა, 21 სექტემბერს – მისი გამოცხადების დღესვე გაჩნდა.

ეჭვი გაამძაფრა იმ ფაქტმაც, რომ კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებაში მე-6 პუნქტს პირდაპირ მე-8 მოსდევდა, ხოლო სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე მე-7 პუნქტი მართალია, ფიგურირებდა, მაგრამ გასაიდუმლოებული შინაარსით.

მოგვიანებით სამობილიზაციო კატეგორიებისა და გასაწვევთა რაოდენობის შესახებ ამ პუნქტის შინაარსის განმარტებაზე ჟურნალისტებს უარი განუცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც.

დღეს დილიდან კი სოცქსელების რუსულ სეგმენტში უამრავი პუბლიკაცია ქვეყნდება იმის მტკიცებულებად, რომ არავითარ “ნაწილობრივ” მობილიზაციაზე არაა საუბარი და რეალურად, იწვევენ ყველა კატეგორიის მოქალაქეებს.

“კომისარიატიდან უკრაინაში წასაყვანად მოგვაკითხეს. ეძებდნენ ჩემს 3 წლის წინ გარდაცვლილ ძმას, რომელიც სიცოცხლეშიც გათავისუფლებული იყო ჯარიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო… ვიტიროთ თუ ვიცინოთ – აღარ ვიცი. ესაა მათი “ნაწილობრივი” მობილიზაცია?” - წერს სოცქსელში ერთ-ერთი მოქალაქე. და მსგავსი პუბლიკაციები არაერთია.

პარალელურად რუსეთს მამაკაცები მასობრივად ტოვებენ. და ეს - მიუხედავად იმისა, რომ მობილიზაციის გამოცხადების წინა დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტით სამხედრო სასახურისა და მობილიზაციისთვის თავის ამრიდებლებისთვის 15-წლიანი სასჯელი დააწესა.

სოცქსელებსა და დამოუკიდებელ მედიაში უამრავი ფოტო და ვიდეო ვრცელდება, რომელიც მოსაზღვრე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა გაქცევის მცდელობებს ასახავს:

რუსულ ქალაქებში კი ხალხი საპროტესტო აქციებზე გადის. ეწყობა, მათ შორის, სამარტოო პიკეტები, რომელთა მონაწილეები უკრაინასთან ომსა და მობილიზაციას აპროტესტებენ:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები