Accentnews.ge
არასამთავრობოები მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

არასამთავრობოები მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

22/09/2022 09:44:05 საზოგადოება

ადამიანის უფლებებზე მომუშავე 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციიდან პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, შექმნან საგამოძიებო კომისია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად. მოსამართლეების ნაწილი, მათ შორის ნათია ქუთათელაძე, ანა ღელეყვა და ბესარიონ ალავიძე ზეწოლის ფაქტებზე საჯაროდ, მედიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიცემულ ინტერვიუებში საუბრობდნენ.

"არასამთავრობო სექტორი ბოლო რამდენიმე წელია ღიად საუბრობს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანის არსებობაზე, რომლითაც მოქმედი და წინა ხელისუფლებები სასამართლო სისტემას აკონტროლებდნენ. აღნიშნული ჯგუფი უკვე 15 წელია თანამშრომლობს პოლიტიკურ ხელისუფლებებთან და იყენებს მოსამართლეზე უკანონო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს.

ყოფილი მოსამართლეების საჯარო განცხადებები წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც სათანადო რეაგირება აუცილებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მიზნით", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში წამოჭრილია ოთხი საკითხი: სასამართლო საქმეთა განხილვაში შესაძლო უკანონო ჩარევები;საქმეთა განაწილების სისტემით შესაძლო მანიპულირება; კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები სასამართლო სისტემაში; მოსამართლეთა დანიშვნების დროს შესაძლო არაჯეროვანი გარიგებები და ზეწოლა.

"საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სამართლიანი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა. გარდა ამისა, მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, რომელიც საქართველოს სახელით გადაწყვეტილებებს 10 წლის განმავლობაში იღებდა, 16 სექტემბერს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S