„გაუგებრობა“:ვანიშვილი ოროზმანში ნაპოვნ კბილზე და გენინსპექციის პრეტენზიებზე საუბრობს

22-09-2022 19:13:20 საზოგადოება

ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, პალეონტოლოგმა ნიკა ვანიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან მას შემდეგ, რაც ოროზმანის არქეოლოგიური მასალით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაინტერესდა.

მან გაუგებრობა უწოდა იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მის სახლში არტეფაქტის, 1.8 მილიონი წლის წინანდელ კბილის დროებით შენახვა კანონდარღვევად მიიჩნია და ახსნა, რა გარემოებების გამო მიიღო გადაწყვეტილება კბილის სახლში წაღების შესახებ:

"პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩემს 22-წლიან პროფესიულ კარიერაში.

სამწუხაროდ, მოხდა გაუგებრობა. გაუგებრობა მდგომარეობს იმაში, რომ როცა დასრულდა ექსპედიცია, 19 სექტემბერს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უნდა მოგვეხდინა მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება არქეოლოგიური ბაზიდან თბილისში, პალეობიოლიგიის ინსტიტუტში და ამ მასალას სჭირდებოდა ფრთხილად ჩატვირთვა ავტომობილში, მერე ფრთხილად ტრანსპორტირება თბილისამდე და შემდეგ მოვახდინეთ ამ მასალების გადატანა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, ამან წაიღო ძალიან დიდი დრო და უკვე სამუშაო საათების დასრულებისას დავასრულეთ. ამასობაში ვერ მოხერხდა სათანადოდ უზრუნველყოფა უსაფრთხო სეიფის, ვინაიდან სეიფი იყო ძალიან მძიმე და ექსპედიციის სხვა წევრი აღარ იყო ჩემთან ერთად, მარტო ვიყავი და მისი დაცულ ოთახში გადატანა ვერ მოვახერხე სიმძიმიდან გამომდინარე და ვერ შევძელი დაცულ მდგომარეობაში დამეტოვებინა ეს კბილი პალეობიოლოგიის ინსტიტუტში. ამას დაერთო ის, რომ სახლიდან შემატყობინეს, რომ ჩემი 3 წლის შვილს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მთელი დღის განმავლობაში ვერ იღებდა საკვებს და წყალს და აღმოვჩნდი ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მომიწია გადაწყვეტილების მიღება, კბილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ დამეტოვებინა ეს კბილი ჩემს საველე ზურგჩანთაში, უსაფრთხოდ, სპეციალურად განკუთვნილ ჯიბეში და ერთი ღამით წამეღო უსაფრთხოდ, ჩემთან ერთად ყოფილიყო სახლში და შემდეგ უკვე დამებრუნებინა ინსტიტუტში სხვა მასალებთან".

ნიკა ვანიშვილის თქმით, არქეოლოგიური ექსპედიციის დასრულების მეორე დღესვე მასთან შეხვედრა მოითხოვა ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ნიკა ახალბედაშვილმა:

"მეორე დღეს დამიკავშირდნენ მივსულიყავი მუზეუმში, რომ შევხვედროდი ბატონ ნიკა ახალბედაშვილს. შევხვდი, ვისაუბრეთ, ვუთხარი რომ ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალები იმყოფებოდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, მაგრამ კბილი იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ვერ იქნა მისაღებული, მოხდა მისი გადატანა ჩემს სახლში და ვაპირებდი დაბრუნებას, რომ დაწყებულიყო შემდეგი პროცედურები ამ მასალის აღრიცხვის 20 სექტემბერს".

21 სექტემბერს ეროვნულმა მუზეუმმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნიკა ახალბედაშვილი ნიკა ვანიშვილის სახლიდან კბილის ამოღების შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ მზადდება დოკუმენტაცია პროკურატურაში გასაგზავნად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები