
რუსეთში მორიგი აქციები დაანონსდა მობილიზაციის წინააღმდეგ
22/09/2022 20:12:46 მსოფლიო
რუსულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ "Весна" მობლიზაციის წინააღმდეგ მორიგი აქცია 24 სექტემბრისთვის დააანონსა. ქალაქები, სადაც აქციები გაიმართება, 23 სექტემბერს გახდება ცნობილი. პროტესტის ადგილები გამოცხადდება ღონისძიების დღეს.
მანამდე მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა. ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში პოლიცია განსაკუთრებით ხისტად მოიქცა მომიტინგეებს. მოგვიანებით დაკავებულთაგან ნაწილს გაწვევის დოკუმენტი პოლიციის განყოფილებაში გადასცეს.
21 სექტემბერს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. დაანონსდა, რომ იგეგმება 300 000 ადამიანის გაწვევა და პირველ ესტაპზე ეს შეეხება რეზერვში მყოფებს და სამხედრო გამოცდილების მქონეებს, თუმცა ირკვევა, რომ გაწვევის შესახებ ცნობას იღებს ყველა პროფესიის ადამიანი, მათ შორის პედაგოგები. ამასთან, გაირკვა, რომ პუტინის განკარგულებას საიდუმლო მუხლი აქვს. მედიამ წყაროების მეშვეობით შეიტყო, რომ ეს გრიფირებული მუხლი 1 მილიონამდე ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას იძლევა. მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნის დატოვებას ცდილობს საჰაერო და სახმელეთო გზით. საცობებია რუსეთის ყველა სახმელეთო საზღვართან.