
აშშ–მა ირანელ მაღალჩინოსნებს მაჰსა ამინის საქმის გამო სანქციები დაუწესა
23/09/2022 06:19:54 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის მორალის პოლიციას 22 წლის მაჰსა ამინას გარდაცვალების გამო სანქციები დაუწესა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის მიერ დაწესებული სანქციები ასევე ეხება ირანის უსაფრთხოების ორგანიზაციების შვიდ მაღალჩინოსანს.
„მაჰსა ამინი იყო მამაცი ქალი, რომლის გარდაცვალება მორალის პოლიციის იზოლატორში ირანის რეჟიმის უსაფრთხოების ძალების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მორიგი სისასტიკე იყო“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.
***
ირანში, სადაც გასული კვირის ბოლოდან მიმდინარეობს ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებით გამოწვეული პროტესტი, პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს წვავენ,– იუწყება საერთაშორისო მედია.
პროტესტი, რომელიც 2019 წლის შემდეგ ირანისთვის ყველაზე მასშტაბურად ფასდება, ქალის მშობლიურ რეგიონში – ქურთისტანის პროვინციაში დაიწყო და ირანის ქალაქებს მოედო. დემონსტრანტთა შორის არის მსხვერპლი. ქურთული უფლებადამცველი ჯგუფი – Hengaw იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალები ცეცხლს უხსნიან აქციების მონაწილეებს და რომ ქურთებით დასახლებულ რეგიონებში დაღუპულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. აღნიშნულს უარყოფს ოფიიალური თეირანი.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International მინიმუმ რვა დაღუპულის შესახებ იუწყება. აქედან ოთხი უსაფრთხოების ძალების მიერ საფანტის ტყვიების ახლო მანძილიდან სროლის შედეგად დაიღუპა, კიდევ ოთხი — ამავე ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად.
Amnesty International-მა შეაგროვა მტკიცებულებები უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების დასაშლელად ფრინველებზე სანადირო საფანტის ტყვიებსა და ლითონის სხვა ელემენტების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტებით ცემის უკანონო გამოყენების შესახებ.