
„ჩვენი გეგმა შევასრულეთ“: კადიროვი პუტინის განკარგულების შესრულებას არ აპირებს
23/09/2022 06:47:03 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთი ოფიციალურად უწოდებს ომს უკრაინის წინააღმდეგ) ოპერატიული შტაბთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩეჩნეთში მობილიზაცია არ განხორციელდება.
მან ეს იმით ახსნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დროს რესპუბლიკამ „გადაჭარბებით შეასრულა გეგმა“, იუწყება „კავკაზ.რეალიი“.
სიუჟეტი კადიროვის გამოსვლით ЧГТРК «Грозный»–ს საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. კადიროვმა განაცხადა, რომ საომარ მოქმედებებში რეგიონიდან 20 000 ადამიანი მონაწილეობდა. მისი თქმით, ჩეჩნეთმა 254%-ით ზედმეტად შეასრულა „დაწყებული გეგმა“. რა გეგმაზეა საუბარი, არ დაუზუსტებია.
გარდა ამისა, კადიროვმა განაცხადა, რომ 40-მდე ქალის ახლობლები, რომლებმაც წინა დღეს გროზნოში ომის საწინააღმდეგო აქციის გამართვას ცდილობდნენ, უკვე გაგზავნეს უკრაინაში.
ის დაიმუქრა, რომ ვინც აქციაზე გამოვა, მათ კაცებს და ყველა შვილს გაგზავნიან "ფრონტის ხაზზე".
მანამდე ამის შესახებ ოპოზიციური მოძრაობის 1ADAT-ის წარმომადგენელმა იბრაგიმ იანგულბაევმა განაცხადა. კერძოდ, მისი თქმით, აქციაზე გასული ქალების ნათესავებს აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, თითქოს მოხალისედ სურდათ უკრაინაში წასვლა.
აგვისტოს დასაწყისში კადიროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის დაახლოებით 19 ათასი მცხოვრები მზად იყო, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა არაერთი უფლებადამცველი იუწყება, რომ მსგავს არჩევანს რეგიონის მკვიდრებს არ უტოვებენ და იძულებ ის წესით გზავნიან უკრაინაში.
იხილეთ ასევე: "ეს არასწორია": კადიროვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ФСБ–ზე განაწყენდა
21 სექტემბერს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. დაანონსდა, რომ იგეგმება 300 000 ადამიანის გაწვევა და პირველ ესტაპზე ეს შეეხება რეზერვში მყოფებს და სამხედრო გამოცდილების მქონეებს, თუმცა ირკვევა, რომ გაწვევის შესახებ ცნობას იღებს ყველა პროფესიის ადამიანი, მათ შორის პედაგოგები. ამასთან, გაირკვა, რომ პუტინის განკარგულებას საიდუმლო მუხლი აქვს. მედიამ წყაროების მეშვეობით შეიტყო, რომ ეს გრიფირებული მუხლი 1 მილიონამდე ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას იძლევა. მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნის დატოვებას ცდილობს საჰაერო და სახმელეთო გზით. საცობებია რუსეთის ყველა სახმელეთო საზღვართან.