Accentnews.ge
კრემლი ღიად არ ასრულებს დადებულ პირობას, რაც აძლიერებს საზოგადოების აღშფოთებას მთელს რუსეთში – ISW

კრემლი ღიად არ ასრულებს დადებულ პირობას, რაც აძლიერებს საზოგადოების აღშფოთებას მთელს რუსეთში – ISW

23/09/2022 07:15:06 მსოფლიო

კრემლი ღიად არ ასრულებს დაპირებულ პირობებს ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ და მკაცრი მიდგომა აძლიერებს საზოგადოების აღშფოთებას და უნდობლობას მთელ რუსეთში,– იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

„რუსი ოფიციალური პირები ადრე აცხადებდნენ, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხებოდა მხოლოდ 300 000 კაცს და მხოლოდ მათ, ვისაც აქვს სამხედრო გამოცდილება. 22 სექტემბერს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დაკავებული მომიტინგეებისთვის გამოძახების პრაქტიკა არ ეწინააღმდეგება 21 სექტემბრის მობილიზაციის კანონს. ხოლო რეალურად, პესკოვის მუქარა ეწინააღმდეგება კრემლის განცხადებებს, რომ ის თავს შეიკავებს რეზერვისტთა სიებს მიღმა ხალხის მობილიზებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ISW–ის მკვლევარები ამბობენ, რომ კრემლის მკაცრი მიდგომა ნაწილობრივი მობილიზაციის მიმართ, სავარაუდოდ, გამოიწვევს შიდა აღშფოთებას ამ ღონისძიების გამო, "რაც არაპოპულარული იქნება თუნდაც განხორციელდეს ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული მკაცრი მიდგომების გარეშე".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაწვევის შესახებ ცნობა დაეგზავნათ სტუდენტებს, რომლებსაც დაჰპირდნენ, რომ არ დაექვემდებარებოდნენ მობილიზებას, ასევე საბანკო IT სპეციალისტებს, რომელსაც არ ჰქონდათ წინასწარი სამხედრო მომზადება გავლილი.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კრემლი არაპროპორციულად მოახდენს ეთნიკურად არარუსული და იმიგრანტი თემების წარმომადგენლების მობილიზებას:

„კრემლის მკაცრი მიდგომა მობილიზაციის მიმართ აძლიერებს საზოგადოების აღშფოთებას და უნდობლობას მთელს რუსეთში. უფლებადაცვითი გამოცემა ОВД-Инфо იუწყება, რომ საპროტესტო აქციები გაიმართა ქვეყნის 42 ქალაქში, მათ შორის დაღესტნის რესპუბლიკის პატარა სოფლებშიც კი. ნიჟნი ნოვგოროდში, სანქტ-პეტერბურგში, ტოლიატსა და ტრანს-ბაიკალის მხარეში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე სამხედრო აღრიცხვისა და სააღრიცხვო ოფისს და ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობას“.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ კრემლი სავარაუდოდ, ჩაახშობს მსგავს საპროტესტო აქციებს უახლოეს დღეებში, მაგრამ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ და მოსალოდნელი სამობილიზაციო პარამეტრების "უხეშმა უგულებელყოფამ" შეიძლება, უბიძგოს რუსეთის საზოგადოების შეშფოთებულ ნაწილს, რომელიც ადრე უფრო ტოლერანტული იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი.

გარდა ამისა, ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლი სავარაუდოდ, ცდილობდა უკრაინასთან პატიმრების გაცვლის მნიშვნელობა შეემცირებინა (რაც „ძალიან არაპოპულარულია რუს ნაციონალისტებსა და სამხედრო ბლოგერებს შორის“) იმავე დღეს მობილიზაციის გამოცხადებით.

21 სექტემბერს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. დაანონსდა, რომ იგეგმება 300 000 ადამიანის გაწვევა და პირველ ესტაპზე ეს შეეხება რეზერვში მყოფებს და სამხედრო გამოცდილების მქონეებს, თუმცა ირკვევა, რომ გაწვევის შესახებ ცნობას იღებს ყველა პროფესიის ადამიანი, მათ შორის პედაგოგები. ამასთან, გაირკვა, რომ პუტინის განკარგულებას საიდუმლო მუხლი აქვს. მედიამ წყაროების მეშვეობით შეიტყო, რომ ეს გრიფირებული მუხლი 1 მილიონამდე ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას იძლევა. მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნის დატოვებას ცდილობს საჰაერო და სახმელეთო გზით. საცობებია რუსეთის ყველა სახმელეთო საზღვართან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S