
ბლინკენი: „თუ მოსკოვი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ომი დასრულდება, ხოლო თუ კიევი შეწყვეტს – უკრაინა აღარ იქნება"
23/09/2022 07:39:18 მსოფლიო
შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ის იცავს თავს რუსული აგრესიისგან და ასევე შეეცდება, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევას სამართლიანი პირობებით, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
„თუ რუსეთი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ომი დასრულდება. თუ უკრაინა შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, უკრაინა აღარ იქნება. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ის თავს იცავს. ჩვენ ასევე ვეცდებით, მივაღწიოთ დიპლომატიურ გადაწყვეტას სამართლიანი პირობებით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ დიპლომატია ამ ომის დასრულების ერთადერთი გზაა. მაგრამ დიპლომატია არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც საბაბი უკრაინისთვის გაეროს წესდების დებულებების დამრთვევი პირობების თავს მოხვევისთვის“, - განაცხადა ბლინკენმა ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტი პუტინი საკუთარ არჩევანს აკეთებს და ახლა ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი:
„უთხარით პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ის საშინელებები, რომელიც მან დაიწყო! უთხარით, რომ პირველ რიგში, წინ თავისი ხალხის ინტერესები დააყენოს! უთხარით, რომ პატივი სცეს უშიშროების საბჭოს პრინციპებს... ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ, ხალხი ვირჩევთ ამ ორგანიზაციის და სამყაროს ბედს. ფსონები ნათელია და არჩევანი ჩვენზეა. მოდით, გავაკეთოთ სწორი არჩევანი იმ მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა“, - დასძინა ბლინკენმა.