
გაეროს ექსპერტები: ”მტკიცებულებების საფუძველზე კომისია ასკვნის, რომ უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები”
23/09/2022 10:30:26 მსოფლიო
ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც გაერო-ს „ადამიანის უფლებათა საბჭოსგან“ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა აქვს დავალებული, წინასწარი გამოძიების შედეგად, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულების მტკიცებულებები გამოავლინა.
კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში აქცენტი ოთხ რეგიონზე: კიევზე, ჩერნიგოვზე, ხარკოვსა და სუმზეა გაკეთებული.
დოკუმენტი ეყრდნობა ყოფილი დაკავებულების ჩვენებებს, რომლებიც საუბრობენ რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობის თაობაზე საუბრობენ. გამოვლინდა სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასჯის ფაქტები.
„გაოგნებული ვიყავით სიკვდილით დასჯის ფაქტების დიდი რაოდენობის გამო იმ ადგილებში, რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ. კომისია ამჟამად იძიებს სიკვდილით დასჯის შემთხვევებს 16 ქალაქსა და დასახლებაში“, - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ერიკ მოსემ.
მისი თქმით, უკრაინაში რუსი ჯარისკაცების ჯერ დაუზუსტებელმა რაოდენობამ სექსუალური ან გენდერული ძალადობის დანაშაულიც ჩაიდინა. მსხვერპლთა ასაკი 4-დან 82 წლამდე იყო.
მისი თქმით, ახლახანს მიიღო ცნობები სიკვდილით დასჯის მეთოდის გამოყენების შესახებ „კიდევ ბევრ საქმესთან დაკავშირებით“ და ამჟამად ამ ბრალდებების დოკუმენტურად დადასტურება მიმდინარეობს.
გამოძიების პროცესში ექსპერტები ესტუმრნენ 27 ქალაქსა და დასახლებას. ნახეს მასობრივი სამარხები, დაკავებისა და წამების ცენტრები, გამოიკითხა 150-ზე მეტი მსხვერპლი და მოწმე.
”შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, კომისია ასკვნის, რომ უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები,” - აღნიშნა ერიკ მოსემ.
ამასთან, ჯგუფმა უკრაინული ძალების მხრიდან რუსი ჯარისკაცების მიმართ არასათანადო მოპყრობის ორი შემთხვევა გამოიკვლია.