რუსი ჟურნალისტი: „პუტინმა ბოლო ორი გადაწყვეტილებით მუხლებში დაიხალა ტყვია“

23-09-2022 20:05:33 კომენტარი

ვა–ბანკზე ვლადიმირ პუტინი ჯერ კიდევ 24 თებერვალს წავიდა, მაგრამ 21 სექტემბერს ორივე მულში ტყვია დაიხალა,– ფიქრობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი, „ეხო მასკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი.

მას მხედველობაში აქვს მობილიზაციის გამოცხადება და აზოვსტალის გმირების – „აზოვის“ მეთაურების და კიდევ რამდენიმე სამხედროს ტყვეობიდან გათავისუფლება.

როგორც თავად განმარტავს, ამ ორი გადაწყვეტილებით პუტინმა საკუთარი მხარდამჭერები აღაშფოთა, რადგან ამ ხნის განმავლობაში რუსულმა პროპაგანდამ "აზოვი" „სიმბოლოდ აქცია:

„ხალხმა სულ არ იცოდა, რას წარმოადგენდა აზოვი, მაგრამ დააჯერეს, რომ ისინი ნაცისტები იყვნენ. თან გაცვალეს მედვედჩუკში, რომელიც რუსეთის მოქალაქეც არაა“.

ის ტყვეთა გაცვლას მხარს უჭერს, მაგრამ მისთვის გაუგებარია პუტინის მოქმედების ლოგიკა და ამბობს იმასაც, რომ სოცქსელების მომხმარებლები 24 თებერვალს არ აღშფოთებულან ისე, როგორც 21 სექტემბერს, რადგან ბევრი უკან დაბრუნდა ქვეყანაში დაპირების შემდეგ, რომ მობილიზაცია არ იქნებოდა, არ ელოდნენ რა, რომ პუტინი საჯაროდ, ღიად იცრუებდა:

„მაგრამ მოტყუვდნენ. მაგრამ მართალია ისიც, რომ ვითარება შეიცვალა – მაშინ ხარკოვი და იზიუმი არ იყო [უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა]. პუტინს მობილიზაციისკენ გენშტაბი, კადიროვი და სხვები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მოუწოდებდნენ“.

რაც შეეხება ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასხმული ლიდერის რამზან კადიროვის უკმაყოფილებას ტყვეთა გაცვლით და განცხადებას, რომ ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება, ვენედიქტოვი ამბობს:

იხილეთ ასევე: „ჩვენი გეგმა შევასრულეთ“: კადიროვი პუტინის განკარგულების შესრულებას არ აპირებს

„გათავისუფლებულ აზოველებს შორის იყო პირი, რომელმაც საჯაროდ შეურაცხყო კადიროვი. ამ კუთხით მისი რეაქცია გასაგებია, რადგან მას პირად მტრად აღიქვამს. მეორე – ეს საკითხი მასთან არ იყო შეთანხმებული, „ვინ ხარ, შენ რომ გკითხოთო“ – თქვეს მათ, ვინც ამ საკითხებით იყვნენ დაკავებულები. ხოლო ამ საკითხებით დაკავებულები იყვნენ თურქეთი და საუდელები. ხოლო ის მიჩვეულია, რომ ისლამურ სამყაროსთან საკონტაქტო პირი თავად იყო. ვისაც აქამდე ვერ გაიგო, მათთვის ვიტყვი, რომ ეს [ტყვეების გაცვლა] გააკეთა პუტინმა. კადიროველები კი ბევრნი და დიდი ხანია, უკრაინაში არიან...“

ამასთან, ვენედიქტოვი ამბობს, „ნუ წარმოვაჩენთ, რომ ის [პუტინს] სულელეია, ის აცნობიერებს რასაც აკეთებს – ასეთია სამართლიანობა მისი გაგებით...“.

იხილეთ ასევე: ვენედიქტოვი: „პუტინს მობილიზაცია ორმა ფაქტორმა გადააწყვეტინა“

მისი ხედვით, რუსეთი ჭაობში მიექანება, ხოლო მობლიზაციამ ეს სვლა დააჩქარა. მან სხვადასხვა სახის პრობლემებზე ისაუბრა, მათ შორის, რუსული არმიის მდგომარეობაზე:

„ჩვენ მივდიოდით საკონტრაქტო არმიისკენ იმ კატასტროფის შემდეგ, რაც საქართველოსთა ომის დროს მოხდა. ის კატასტროფა იყო არმიისთვის – საქართველოს ვერ გაუმკლავდნენ ხომ?! დაიწყო არმიის რეფორმა და სადამდე მოვედით? არმიისთვის ურთულესი პერიოდია – მან აჩვენა ბრძოლისუუნარობა. ის მიეჩვია ბრძოლას როგორც სირიაში – ნახევრად პარტიზანულ, ნახევრად მილიტარიზებულ დანაყოფებთან, სადაც არ აქვს არტილერია, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა – არაფერი თანამედროვე. ყველა გენერალი, რომლებიც უკრაინაში ახლა დანაყოფებს ხელმძღვანელობენ, სირიაში იყო –ჩეჩნეთის და სირიის გამოცდილებით არიან, მათ წინააღმდეგ კი ევროპული არმია დგას თანამედროვე იარაღით. ეს სხვა ომია, სხვა არმია. ამდენად, ესეც კატასტროფა ამოჩნდა!

და ახლა რა დღეში ვართ? „მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა კორუფციონერებმა არმიის მოდერნზებისთვის გამოყოფილი თანხა მოიპარესო“. ეს ყველაფერი საშილელებაა ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანა არსად წავა, 140 მილიონი ადამიანი არსად გაქრება. ეს ხალხი როგორ გამოვა ამ ვითარებიდან? ქვეყანა ამოსათრევი იქნება ამაზრზენი რეპუტაციიდან, ამაზრზენი ეკონომიკიდან, ამაზრზენი პოლიტიკური სისტემიდან. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო რთული პერიოდი იქნება, ვიდრე ახლაა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები