რუსი ჟურნალისტი: „პუტინს მობილიზაცია ორმა ფაქტორმა გადააწყვეტინა“

22-09-2022 10:51:51 კომენტარი

ცნობილი რუსი ჟურნალისტის, „ეხო მასკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორის ალექსეი ვენედიქტოვის ინფორმაციით, კრემლის ლიდერ ვლადიმირ პოტინს მობილიზაციის საჯაროდ გამოცხადებისკენ, რასაც თავს ამ ხნის განმავლობაში არიდებდა თავს, ორმა ფაქტორმა უბიძგა: უკრაინის კონტრშეტევამ და სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში განვითარებულმა მოვლენებმა. სამიტზე ვლადიმირ პუტინს ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა.

„ჩემი ინფორმაციით, შეხვედრებზე ვლადიმირ პუტინს საკმაოდ ღიად ესაუბრნენ რუსული არმიის მდგომარეობის შესახებ და ვფიქრობ, ამან მოახდინა გავლენა მის გადაწყვეტილებაზე“,– აღნიშნა ვენედიქტოვმა.

ამასთან, ის იხსენებს რუსულ ვერსიას ომის მიმდინარეობის და რუსეთის დანაკარგების შესახებ, თითქოს უკრაინასთან ომში მხოლოდ 6 000–მდე რუსი სამხედრო დაიღუპა (რაც ჩამორჩება იმ მაჩვენებელსაც კი, რომლის გამოვლენაც ჟურნალისტებმა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეძლეს) და აღნიშნავს: „თუ მილიონიანი არმია გვყავს, თუ 6 000–მდე ადამიანი დაიღუპა, კიდევ 300 000–ის მობილიზება რატომ გახდა საჭირო?!“.

მისი თქმით, პუტინი სამარყანდში მოკავირეების საძებრად იყო ჩასული, თუმცა ვენედიქტოვს არ რჩება შთაბეჭდილება, რომ მან ისინი იპოვა.

რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებას, რომ თითქოს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, ვენედიქტოვი არ იზიარებს:

„ვერ ვხედავ, რა ნაწილშია ეს ნაწილობრივი“.

ის ადასტურებს, რომ სამხედრო ნაწილში გამოცხადების შესახებ ცნობა მისდით ექიმებსაც.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ამას რუსეთის მოქალაქეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქექვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.

იხილეთ ასევე: მობილიზაციის შესახებ პუტინის განკარგულების მე-7 მუხლი გასაიდუმლოებულია

ვენედიქოვმა უკრაინაში ომი 24 თებერვალსვე დაგმო და საშინელი შეცდომა უწოდა. რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ „ეხო მასკვი“ დახურა. ამჟამად რადიოს თანამშრომლები „იუთუბ“–არხებით მაუწყებლობენ.

ვენედიქტოვმა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტად გამოაცხადა, ომის გაჩაღებისთანავე განაცხადა და ამჟამადაც იმეორებს, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება ომი, რა სახის შეთანხმებით, ეს ომი რუსეთმა მისი გაჩაღების მომენტშივე წააგო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები